აგროსიახლეები

ალოობა 2025 შეუფერხებლად მიმდინარეობს — გაზრდილია მოსავლიანობაც

საქართველოში ხორბლისა და ქერის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. დღევანდელი მონაცემებით, ხორბალი უკვე აღებულია 15 323 ჰექტრზე მეტ ფართობზე, ქერის კი — 25 554 ჰექტარზე.
ალოობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსავლის აღების პროცესი კახეთში თანდათან დასასრულისკენ მიიწევს.

ამ ეტაპზე ხორბლის გადამმუშავებელმა საწარმოებმა უკვე შეისყიდეს 1 364 ტონა ხორბალი.

ხორბლის საშუალო საბაზრო ფასი დაახლოებით 0.70 ლარს შეადგენს.

მოსავლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით არის შეძენილი.

ტექნიკური რესურსების განახლება და გაზრდა ხელს უწყობს როგორც მოსავლის დროულად აღებას, ისე დანაკარგების შემცირებას.

მოსავლის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, შექმნილია სპეციალური საორგანიზაციო შტაბი, რომელიც ზედამხედველობს პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია კლიმატურ პირობებსა და ლოგისტიკურ დეტალებთან შესაბამისობაში.

ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. საყურადღებოა, რომ საერთაშორისო ტენდენციების ფონზე, საქართველოში აშკარად შეინიშნება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდა: 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2.6 ტონა/ჰა იყო, 2024 წელს კი – 3 ტონა/ჰა-მდე გაიზარდა.

ხორბლის ნათესი ფართობები სტაბილურად და 50-55 ათასი ჰექტრის ფარგლებში მერყეობს. შედეგად, ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ 22%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს (საშუალოდ 15%).

მიმდინარე დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს აგრარული მდგრადობისა და პროდუქტის ადგილობრივი წარმოების ზრდისკენ.

ხორბლის სექტორში მიღწეული პროგრესი  მომავალი წლებისთვის პროგნოზი, ამბიციური მიზნების დასახვისთვის, კიდევ უფრო რეალურ საფუძველს ქმნის.