აგროსიახლეები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა აღინიშნება

ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo  &Partners” განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა აღინიშნება.
ითქვა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo  &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის ჟურნალისტების პრესტურის მიმდინარობის დროს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის  ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ. ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან, მედიასაშუალებებთან და  ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ღვინის მოყვარულ ადამიანებთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით, ქართულ ღვინოს ამერიკულ ბაზარს ვაცნობთ.  აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა, გაიზარდა მისი ცნობადობაც. ბევრი ამერიკელი ღვინის მოყვარული და მომხმარებელი დაინტერესებულია ქართული ღვინით, რაც  მათთვის ახალია, განსხვავებულია სტილით და ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა“, –  აღნიშნა Colangelo  &Partners-ის წარმომადგენელმა ერინ ჰილმა.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეს იყო ამერიკელი ღვინის პროფესიონალების მეორე ვიზიტი საქართველოში. ჟურნალისტების ჯგუფის შემადგენლობაში იყო ცნობილი ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი ემილი სალადინო (Emily Saladino), რომელმაც ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩაატარა. Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეფასებული ღვინოები Wine Enthusiast-ში გამოქვეყნდება.

ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ,  ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და  ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.