აგრარული განათლებააგროსიახლეებიდარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფუტკრეობა

არგენტინელმა მეცნიერებმა ფუტკრის მწვავე დამბლის ვირუსის წინააღმდეგ ბიოტექნოლოგიური ინსტრუმენტი შეიმუშავეს

ფუტკრების ჯანმრთელობა სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების მდგრადობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია.
მსოფლიოში ფუტკრების პოპულაციის შემცირება უკვე დიდი ხანია გარემოსა და სოფლის მეურნეობის ერთობლივ კრიზისად აღიქმება. სწორედ ამ კონტექსტში, არგენტინის სოფლის მეურნეობის ეროვნული ტექნოლოგიური ინსტიტუტის (INTA) მეცნიერებმა ფუტკრების ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების  მწვავე დამბლის ვირუსის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

არგენტინელმა მკვლევრებმა წარმატებით გამოიყენეს რნმ-ინტერფერენციის (RNAi) ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მნიშვნელოვნად შეამცირეს ფუტკრის კოლონიების სიკვდილიანობა, რაც  მწვავე დამბლის ვირუსით იყო გამოწვეული. მეფუტკრეობაში აღნიშნული ვირუსი ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ პათოგენად ითვლება.

დაავადება იწვევს კანკალს, ფრენის უნარის დაკარგვას და ხშირად მოულოდნელ სიკვდილსაც კი.

„ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ ფუტკრებისთვის საკვებში შერეული ერთმანეთან აქტიურად დაკავშირებული  რნმ (dRNAi) ამცირებს ვირუსის რაოდენობას ორგანიზმში და მნიშვნელოვნად ზრდის ფუტკრების გადარჩენის მაჩვენებელს,“ – განმარტა კვლევის ხელმძღვანელმა,  INTA-ს ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარმა სესილია ფერუფინომ.

ექსპერიმენტის შედეგად, იმ ჯგუფებში, სადაც ფუტკრები იღებდნენ სპეციფიკურ RNA-ინტერფერენციას, სიკვდილიანობა ბევრად დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე კონტროლურ ჯგუფებში. მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს ვირუსის კოპიების შემცირება ფუტკრის ქსოვილებში და ზოგადად, კოლონიის სიცოცხლისუნარიანობის ზრდა.

„ეს შედეგები ადასტურებს, რომ RNA-ინტერფერენცია ფუტკრის ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ შეიძლება ძლიერ ბიოტექნოლოგიურ ინსტრუმენტად იქცეს,“ – აღნიშნა მარია ხოსე დუს სანტოსმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, აღნიშნული მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საფრთხის შემცველ ვირუსებთან ბრძოლაშიც, მაგალითად ფრთების დეფორმაციის ვირუსთან. მათი მიზანია ტექნოლოგიის გაფართოება და რეალურ მეფუტკრეობებში პრაქტიკულად დანერგვა.

კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ მწვავე დამბლის ვირუსის პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება სტრესულ პირობებში, როგორიცაა ფუტკრების ტრანსპორტირება ან ექსპორტი, როდესაც გარემოს ცვლილებები ზრდის სიკვდილიანობის რისკს. ამ დროს RNA-ინტერფერენციაზე დაფუძნებული პრევენციული საშუალებები გადამწყვეტ როლს ასრულებს.

RNA-ინტერფერენცია გულისხმობს ფუტკრის ორგანიზმში სპეციალური RNA მოლეკულების შეტანას, რომლებიც ბლოკავენ ვირუსის გამრავლებას და ააქტიურებენ ფუტკრის ბუნებრივ დამცავ მექანიზმს.

„ეს ბიოტექნოლოგიური მიდგომა არ ცვლის ტრადიციულ მეფუტკრეობის პრაქტიკას, არამედ ინოვაციური საშუალებებით ავსებს მას, რომლებიც იცავს სკების ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს დარგის მდგრადობას,“ – დასძინა ფერუფინომ.

არგენტინა, სადაც 2,5 მილიონზე მეტი ფუტკრის სკაა რეგისტრირებული, მსოფლიოში თაფლის ერთ-ერთ წამყვან ექსპორტიორად ითვლება. ახალი ბიოტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვა არა მხოლოდ ქვეყნის მეფუტკრეობის კონკურენტუნარიანობას გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს ფუტკრების, როგორც მთავარი დამმტვერავების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

INTA-ს კვლევით ჯგუფში შედიან მეცნიერები ფერნანდა გონსალესი (ვირუსოლოგიის ინსტიტუტი) და რიკარდო სალვადორი (სოფლის მეურნეობის მიკრობიოლოგიისა და ზოოლოგიის ინსტიტუტი).

წყარო: არგენტინის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი