აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

“არსებობს პატარა ფერმები, რომლებიც რეალურად ფერმებს ვერ უვლიან, ამიტომ, სოფლებში პატარ-პატარა გაერთიანებები უნდა გაჩნდეს”


“რძე არ გვივარგა, მასტიტით და ბრუცელოზით არის გატენილი, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა – როგორც ჩანს, მთელი საქართველო არაპასტერიზებულ რძეზე მუშაობს, არ ვაპირებ, ამის გამო გავჩუმდე. ეს აღმოვაჩინეთ მაშინ, როდესაც სატესტო რეჟიმში დავიწყეთ ქარხანაში მუშაობა”- აღნიშნული განცხადება მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს ეკუთვნის. რამდენად უსაფრთხოა ყველი, რა პრობლემებია ყველის ბაზარზე და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, – თემის დეტალებით “საქმიან დილასთან” საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე საუბრობს.

_ ქალბატონო ანა, დღეს საქართველოში რძე და რძის პროდუქტები როგორ ეტაპზეა?

_ როგორც ჩანს, საზოგადოება ძალიან დავაშინე, რადგან Facebook-ზე ისეთი ქარიშხალი ატყდა ცალკე მე ვტიროდი ცხარე ცრემლით და ცალკე – ნახევარი სოციალური ქსელი, თუმცა, საპანიკო არაფერი არ არის. უბრალოდ ადამიანებს ერთი წინადადება ეწყინათ – გლეხის ყველი, ამ სიტყვებმა გააღიზიანა ძალიან ბევრი გლეხის გულშემატკივარი. მე თავად დამწყდა გული, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება გლეხის გულშემატკივარი ვარ. მე თვითონ დღეს ჩვეულებრივი ფერმერის ცხოვრებით ვცხოვრობ და ბექა გონაშვილს დავესესხე და სულ ვიმეორებ, რომ “პარკეტის ენჯეო” არ ვარ. ჩემი საკუთარი სერთიფიკატი მაქვს და არ ვარ თეთრსაყელოიანი ადამიანი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას შორიდან იცნობს.

_ ახლა რა მდგომარეობაა, სუფთა რძე თუ გვაქვს საქართველოში?

სამწუხაროდ, სულ რაღაც 5-6 მსხვილი ფერმა გვაქვს საერთაშორისო სტანდარტით აღჭურვილი. ესენია: ყვარლის ბაგა, თელეთის სანაშენე მეურნეობა, წალკის ფერმა რომელსაც 17 წელი შეალია მისმა ხელმძღვანელმა მის ფეხზე დაყენებას და უნიკალური ფერმა გააკეთა, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიო მეურნეობა აქვს. ასევე, თელეთში სამი არაჩვეულებრივი სპეციალისტი მუშაობს და ამ ძროხებს კარგად უვლის. მეც ძროხები პირველად იქ ვნახე ახლოდან და ვიცი რას ნიშნავს მათი სწორი კვება, სწორი მოვლა, აპარატით მოწველა და ა.შ. რძე, რომელსაც სამი დღე უნიკალური სურნელი აქვს, უპრობლემოა. რძეს, რომელიც ოდნავ მაინც შელახულია, სასიამოვნო სურნელი არ აქვს. მე არ ვარ მომხრე, რომ მაინც და მაინც „შანელი“ მოვასხათ ფერმაში და საპნებით ვისარგებლოთ, მაგრამ არც ეს არ არის უცხო იგივე დასავლეთში. მე ხშირად ვატარებ პატარა გაკვეთილებს, რადგან სხვა გზას ვერ ვხედავ. არავის ეწყინოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი წინაპრების წესები და ჩვეულებები გავიხსენოთ რძესთან, მის მოწველასთან, ყველის ამოყვანასთან დაკავშირებული.

_ რამ განაპირობა ის შენიშვნები, რომლებიც თქვენ გქონდათ და ის პრობლემები, რომლებიც თქვენ დაგხვდათ, როდესაც თქვენი ქარხნისთვის რძე დაგჭირდათ?

როდესაც მე დიდ მასობრივად ყველის წარმოებაზე დავიწყე მუშაობა და რძის მოპოვება, ცალკეულ რეგიონებში ცალკეულ მომწოდებელთან იყო პრობლემები. ლაბორატორიულად გადავამოწმე პროდუქტი და სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ ეს არ არის გავრცელებული პრობლემა და მასტიტი და იგივე ბრუცელოზი საკმაოდ მოვლადი თემებია. მე პანიკა დამეწყო, რადგან ამხელა რძის მასასთან ურთიერთობა არასოდეს მქონია. თუ პრობლემა იქნება, არ ვაპირებ, რომ გავჩუმდე. ვფიქრობ, რომ საჭიროა ერთობლივი, აქტიური ღონისძიებები და ეს ყველა ჩვენგანის ვალია, თქვენი – მედიის, სპეციალისტების, ექსპერტების. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებთ, რადგან რომ არა ისინი, მე ლაბორატორიამდეც ვერ მივაღწევდი. ძალიან კარგია, როდესაც საშუალება არის, რომ პროდუქტი ლაბორატორიულად გადაამოწმო. სხვათაშორის ამ პანიკას კარგი რამ მოყვა – აჭარიდან ზარები იყო, რომ ძროხას რაღაც შენიშნეს და ა.შ. ასეთი მომართვები მანამდე არ ყოფილა. თვითონ გლეხები და ფერმერები დაფიქრდნენ.

-შესაძლოა ფერმერები არც უშვებენ, რომ რაღაც ირღვევა?

ყველაზე კარგად ყოველთვის ფერმერმა იცის მის ფერმაში რაც ხდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან, რესურსთან, ფინანსებთან და რა თქმა უნდა, ცოდნასთან.
დღეს არსებობს პატარა ფერმები, რომლებიც რეალურად ფერმებს ვერ უვლიან. ამიტომ, ჩემი აზრით, სოფლებში პატარ-პატარა გაერთიანებები უნდა გაჩნდეს. მაგალითად, როდესაც 10 ჰექტარი აქვს ათ ფერმერს. ისინი უნდა გაერთიანდნენ და ერთი ტრაქტორით მოუარონ მეურნეობას, მოსავალიც და შემოსავალიც მეტი ექნებათ. ფერმერები თუ გაერთიანდებიან ერთმანეთის საქონელს უფრო კარგად გააკონტროლებენ. ამას მთელი ევროპა აკეთებს და დასავლეთი სწორედ ამ გზას დაადგა. ამაში ახალი არაფერი არ არის.

მაგალითად, მე Facebook-ზე გვერდი გავაკეთე – ჯანმრთელ რძეზე მზრუნველთა ჯგუფი. საბჭო და კომისია მაღიზიანებს და ამიტომ უბრალოდ ჯგუფი შევქმენი და საკმაოდ კარგი აქტივობაა, აზიარებენ, მადლობებს იხდიან და ა.შ. ყველა ჩვენგანს წვდომა აქვს ამა თუ იმ სოფელთან, ან ვისვენებთ ან ჩავდივართ ზუსტად ჯანმრთელი პროდუქტის საყიდლად, რადგან იმაზე კარგი ნიშა, ვიდრე აქვს გლეხს, დედამიწის ზურგზე არავის არ აქვს. მსოფლიოს ფერმერი კვებავს. ამის იქით გზა არ გვაქვს. ამიტომ ამ ინფორმაციას ყველა ჩვენგანი მიიტანს სოფლამდე, ფერმერამდე. ჯგუფის წევრები ფერმებს მოვივლით.

_ თქვენ ქარხანასთან დაკავშირებით რა ხდება?
ქარხანა ძალიან სერიოზული განაცხადისთვის ემზადება. ყველაფერს ვამზადებთ, რომ პატარა ისტორიები გვქონდეს ყველზე, ბაზარზე ლამაზად შემოვიდეთ.

წყარო: businesscontract.ge