ამ დაავადებით დაზიანებული მცენარეები ნახანძრალს ჰგავს
საქართველოში დღეს ფიტოსანიტარული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, იმის მიუხედავად, მაისში უხვი ნალექები მოვიდა, ბევრ რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც აღინიშნა, საბედნიეროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წაყინვები არ ყოფილა.
სამწუხაროდ კახეთში და იმერეთში სეტყვაც აღინიშნა, რომლის საწინააღმდეგოდ ეფექტიანი საშუალებებზე არ მიგვიწვდება ხელი, ხშირი წვიმები ჩვენს ფერმერებს პრობლემას უქმნის, სოფლად ყველა სამუშაო ფერხდება, განსაკუთრებით მცენარეთა დაცვის ღონისძიებები. რამდენიმე დღით ან რამდენიმე საათით გამოდარებაც კი ხანდახან საკმარისია, რათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ღონისძიებები გატარდეს.
კერძოდ წელს ხეხილის, განსაკუთრებით კურკოვანებს (ატამი, გარგარი, ალუბალი და სხვ) ყვავილობის პერიოდში აღინიშნა ხშირი წვიმები, და გავრცელდა ისეთი დაავადება, როგორიცაა მონილიოზი, რამაც თითქმის 30-40 % და ზოგან მეტადაც დააზიანა მცენარის ყვავილები, ასეთი დაზიანებული მცენარეები ჰგვანან ნახანძრალს, საჭირო იყო ყვავილობაში ერთი წამლობა და რომელიმე სტიმულატორის გამოყენება (მაგ, იზაბიონი, რომელიც თითქმის ყველა ფერმერმა იცის), მცენარე უკეთ დაიყვავილებდა და მონილიოზიც აღარ განვითარდებოდა.
როგორც ცნობილია ბევრი ფერმერი ერიდება ყვავილობაში მცენარეზე წამლის შესხურებას, ვინაიდან შეიძლება ფუტკარს პრობლემა შეექმნას და ყვავილების გამონასკვის პროცესიც შეფერხდეს, მაგრამ დღეს არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა გამოყენება (მაგ, ზოგიერთი ფუნგიციდები და სტიმულატორები) არავითარ ნეგატიურ შედეგს არ იწვევს.
მავნებელ-დაავადებების გააქტიურებაზე ძირითადად მოქმედებს როგორც ხელსაყრელი კლიმატური პირობები, ასევე მცენარეთა დაცვის ღონისძიებების არასრულყოფილი, დაგვიანებით გატარება. ადრე თუ მაღალხარისხიანი პესტიციდების ნაკლებობას განვიცდიდით, დღეს ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარ არსებობს. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული, პესტიციდების მწარმოებელი ბრენდი კომპანიები, როგორებიცაა Syngenta, BASF, Bayer, Adama, Corteva… ასევე ე.წ. ჯენერიკებიც, ასე რომ პესტიციდების დეფიციტს ჩვენი ბაზარი ნამდვილად არ განიცდის.
პესტიციდების ხარისხზე მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ძალზედ იშვიათია შემთხვევები როდესაც სავაჭრო ქსელში გამოვლენილია არარეგისტრირებული, ვადაგასული პესტიციდები. ასეთის არსებობის შემთხვევაში სააგენტო ატარებს ისეთ მკაცრ ღონისძიებებს, რომ დისტრიბუტორი ან მაღაზიის მეპატრონე მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს.
როგორც ცნობილია ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა პესტიციდების რეალიზაციისა და გამოყენების სფეროში წესრიგის დამყარებისათვის, გვაქვს თანამედროვე სერვის-ცენტრები, სადაც ფერმერს შეუძლია პესტიციდებთან და სასუქებთან ერთად შეიძინოს ყველა საჭირო ინვენტარი, იქვე მიიღოს კვალიფიციური რჩევა. თუმცა ყველა რეგიონს არ მიუწვდება ხელი ასეთი სერვიზით სარგებლობისა, ასევე განიცდიან სპეციალისტების, განსაკუთრებით მცენარეთა დაცვის აგრონომების დეფიციტს, არადა ადრე თითქმის ყველა სოფელს ჰყავდა მცენარეთა დაცვის აგრონომი. ამ კუთხით როგორც სახელმწიფომ ასე კერძო სექტორმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ.
რამდენჯერ დაისვა საკითხი სხვადასხვა დონეზე რომ საქართველოში აგრარულმა უნივერსიტეტმა მოამზადოს მცენარეთა დაცვის აგრონომი, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი ისევ ჰაერში ჰკიდია და არავინ ყურად არ იღებს.
საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა უერთდება იმ რეგულაციებს, რაც ამ ქვეყნებში მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედებს, სადაც თანდათან ხდება იმ პესტიციდების აკრძალვა, რომლებიც მაღალტოქსიკურნი, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია.
ყურადღება უნდა მიექცეს ასევე პესტიციდების ალტერნატიული საშუალების გამოყენებას, აი ამ კუთხით ძალზე ბევრია გასაკეთებელი, ბიოლოგიური მეთოდის დანერგვაში, საჭიროა მეტად გაცნობიერება იმისა რომ ბიოლოგიური საშუალებები უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოს მიმართ, არ ხდება სასურსათო და საფურაჟე პროდუქციის, ასევე წყლის დანაგვიანება მომწამლავი ნივთიერებებით, ასეთი გზით მოყვანილი პროდუქცია კონკურენტუნარიანია და კარგი შემოსავლის წყაროცაა.
ზურაბ ლოლაძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქოტორი