ასეთი საბანკო და აგრარული პოლიტიკით სოფელს კი არა, ქვეყანასაც მიატოვებ კაცი!
კიდევ ერთმა პროექტმა ჩაუქროლა იმერეთის. ვგულისხმობ „ქემონიქს ინტერნეიშენალის“ საგრანტო კონკურსს სასათბურე წარმოების განვითარების შესახებ. უკვე მერამდენე პროექტია იმერეთის გარეშე… რითი აიხსნება რეგიონის ამგვარი იგნორირება, წარმოდგენა არ მაქვს!
კიდე, მოვისმინე ფერმერთა რეესტრი დგება და იმ ფერმერებს გააერთიანებს პირველ ეტაპზე, რომელთაც რაიმე სახის სახელმწიფო დახმარება აქვთ მიღებულიო. სახელმწიფო დახმარებას ნეტა როგორ მოიპოვებენ, რა საინტერესოა. ჩემ შემთხვევაში, არც იაფი კრედიტი მომცეს, დამწყები ხარო; არც 5 ათას ლარიანი გრანტი, საღორე პრიორიტეტული არ არისო (მეწარმეების პროექტზე ვამბობ, მცირე გრანტი თუ რაღაც ამდაგვარი იყო), თანადაფინანსებებში მე ვერ ვერთვები, ძალიან დაბალ თანხას აფინანსებენ და ახლა არც ფერმერთა რეესტრიო, უკვე წყენაც უადგილოდ მიმაჩნია, რაღაც ახალი ტიპის რეაქცია ჩამომიყალიბდა ასეთ შემთხვევებზე, მოკლედ არ ვიცი, რა დავარქვა და ვრცლად კი, მიახლოებით, ასე იქნება – „ნეტა ოდესმე ვინმეს გონება თუ გაუნათდება და ნამდვილად საკეთებელ საქმეს დაიწყებს სოფლად.“
ამათ კი დავავიწყდით, (დაშორება) თუმცა ერთი საინტერესო ამბავი მაინც მოხდა ჩვენთან, რასაც ირინა ფხოველიშვილს უნდა ვუმადლოდეთ. სემინარი რომელიც ფერმერ ქალთა ასოციაციამ ნატოს სასწავლო ცენტრთან ერთად მოაწყო, საინტერესო იყო, ვისაუბრეთ, ერთმანეთს გულისტკივილი გავუზიარეთ. ვიმსჯელეთ ჩემ მარადიულ სურვილზე – აგრობანკზე, სოფლად დამკვიდრებულ სიდუხჭირეზე, დაგროვილ და გადაუჭრელ პრობლემებზე…. ერთი სიტყვით, შეკრებაზე უფრო ფართო მასშტაბები მიიღო ჩემს გულში გავლილმა ფიქრებმა. ხშირად რომ ხდებოდეს რაღაც ამდაგვარი, უფრო მასშტაბურად, იქნებ ჩვენ თვითონაც მოგვეხერხებინა პრობლემის კონსტატირება და განზოგადებული სახით ადრესატისთვის წარდგენა გადაჭრის გზებთან ერთად. მადლობა ქალბატონ ირინე ფხოველიშვილს, რომ ასეთი შეკრების შესაძლებლობა მოგვცა და კიდევ, ერთი მადლობა იმისთვის, რომ დაბადების დღეს ჰქონდა იმ დღეს და ჩვენთან ერთად გაატარა, პრობლემებზე საუბარში.
მინდა აგრობანკის შესახებ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ. იგი სოფლის პრობლემების გადაწყევტის ერთ-ერთ გამოსავლად მიმაჩნია. სწორედ ეს იქნება ქმედითი და აზრიანი დახმარება ჩვენთვის და არა ისედაც გაზულუქებული ბანკებისთვის აგროსესხის გაცემის უფლება და მათთვის პროცენტების ჩარიცხვა. უბრალოდ დღევანდელი რეალობა ვნახოთ ამ სექტორში. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 5 ყველაზე მომგებიანი ბანკების მოგებამ 776 863 329 ლარი შეადგინა. ნახეთ ალბათ სტატია https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fbpn.ge%2Ffinansebi%2F42216-top-5-yvelaze-momgebiani-banki-saqarthveloshi.html%3Flang%3Dka-GE&h=AT3-cDiaCF_Kl9gp_F6xEAnz55IwHOGNWgEH0NkDfYbDKJtI_o2oGjojtmlH17yuUw1merJF0VtUzsCRLIVbrCi6HfJrWoiml_sgtPeUW8avjGmacwsZX6ZKUv4rs5A3Vw90Wg, რომელიც ბანკის მესვეურთა 5-6 მილიონი წლიური ხელფასის შესახებ რომ გვამცნობდა. ჟარგონზე რომ ვთქვა რა „აბიომი“ აქვს საქართველოს მოსახლეობას ისეთი, რომ ამდენ მოგებაზე გადიან ბანკები?! ეს ყვლეფაა და არა მართვა! თავდაპირველად სესხი რომ ავიღე, მითხრეს 21 პროცენტიანიაო. მე არ ვიცი კომპიუტერის რომელი პროგრამით სარგებლობენ და რა სახით ითვლიან, მე რომ დავიანგარიშე ეს სესხი 33-იანი აღმოჩნდა. უცებ ცხოველთა საკვებისთვის დამჭირდა სესხის აღება, ვიფიქრე ხელს მოვინაცვლებთო და 1500 ლარიანი სწრაფი სესხი ავიღე ზემოხსენებული 5 მომგებიანი ბანკებს შორის ერთ-ერთისგან. ზუსტად არ მახსოვს რამდენი იყო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, თუმცა თვეში მხოლოდ პროცენტში 75 ლარს მართმევდნენ. ეს ოფიციალური რეკეტი არ არის?!
ზოგადად, მეურნე კაცს ხან სად გამოგიჩნდება ფულის საჭიროება და ხან სად, მიუხედავად სესხის კეთილსინდისიერად გადახდისა, ზემოთ აღნიშნული დიდი ბანკები დამატებით სესხს აღარ გაძლევენ. ჰოდა, დაჭირვების შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ონლაინ სესხია (ღმერთმა დამიფაროს!).
ეს საშინელებათა ფილმის უფრო დაძაბული სერიაა. მაგალითად, ასეთი:
სესხის ვადა განისაზღვრება 12 თვით;
თანხა _ 1000 ლარი;
საკომისიო _ 210,11 ლარი;
ხელშეკრულების საფასური _ 150 ლარი;
ჯამი _ 1360,11 ლარი;
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _ 96,97%.
(დავაკოპირე, ბანკის სახელს არ დავასახელებ, ისედაც კოლექტიური ონლაინ ბანკი არსებობს ჩემთვის)
როგორ მოგწონთ? ეს ახლა ეკონომიკის ხელშეწყობაა თუ დაქცევა?!
მართლა აკვიატებული მაქვს სოფელში ცხოვრება და 2 ოჯახი მეხმარება ამ საქმეში, თორემ ამ უბედური აგრარული და საბანკო პოლიტიკის გამოისობით, სოფელს კი არა ქვეყანასაც მიატოვებს კაცი!
ევროპის ქვეყნებში, რომელთაც „ჩვენსავით“ სოფლის მეურნეობა ქვეყნის სტრატეგიულ დარგად მიაჩნია, საოჯახო მეურნეობების განვითარება მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაში უდევთ. საოჯახო მეურნეობებზე ცალკე ხელშემწყობი პროგრამები არსებობს და ახალგაზრდა მეურნეებზე ცალკე. ამჯერად ლუქსემბურგის მაგალითზე ვწერ, სადაც ახალგაზრდამ ოღონდ სოფელში შრომა მოისურვოს და თავდაპირველი მოწყობისთვის სასტარტო თანხას ჩუქნიან, მერე სხვადასხვა სახის ყოველწლიურ დახმარებას ამატებენ, დაგეგმარებაში ეხმარებიან; კანონი განსაზღვრავს: როგორ უნდა მოახდინოს თვითმმართველობამ სოფლის მეურნეობის რისკების მართვა, შემუშავებული აქვს სტიქიურ მოვლენებთან მიახლოებული უამინდობის შემთხვევაში მიყენებული ზარალის ანაზღაურების სქემები; ინვესტიციებით დახმარება სტიქიური მოვლენების დროს, დახმარებები ცხოველთა და მცენარეთა ავადმყოფობის აღმოფხვრის მიზნით; დახმარება მეცხოველეობაში და ცხოველთა დაღუპვის შემთხვევაში და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ასეთი! ჩვენთან კიდე, განმარტებულიც არ არის, სამართლებრივად რას ნიშნავს საოჯახო მეურნეობა. სოფელში ძირითადად ხომ საოჯახო მეურნეობებია. თუ მათი ხელშეწყობის პროგრამა არ შედგება, მხოლოდ ცალკეული ფიზიკურ პირებზე კენკროვან კულტურებზე გაცემული დახმარება გადაარჩენს სოფელს?! რა ვიცი, რა ვიცი….
სოფლის ამბებსაც მოგიყვებით ცოტას. ბალახებზე ისევ ვმუშაობ, წინა ბლოგში რომ გიყვებოდით. ახლა სტარტაპში შევიტანე განაცხადი, ძალიან მინდა რომ დამიფინანსონ. ეს არამარტო ჩემს ფერმას გამოკვებავს, ცოტას გავყიდი და ჩემნაირი პრობლემების მქონე მოსახლეობას ვახეირებ კიდეც. ვნახოთ რა იქნება. 3 ივლისს შევიტანე განცხადება, ჯერ არავინ დამკავშირებია, მაგრამ 2-3 კვირაო და ველოდები…
ახლა კიდე ახალი იდეა მომივიდა თავში. ჩემს მეზობლად ცხოვრობს ერთი ძალიან კარგი, მშრომელი და გულთბილი ზაური ბიძია. კაცი უკვე 70 წლისაა და სულ კომუნისტების დროს მისტირის, სოფელი როცა „დუღდა და გადადუღდა“. 2 შვილი ჰყავს – ქალიშვილი გათხოვილია და ვაჟ ცოლ-შვილიანი. უსაშველოდ რომ გაჭირდა სოფლად ცხოვრება, ცოლი უცხოეთში წავიდა სამუშაოდ, ბიჭი თბილისში გადავიდა. ზის ახლა ჯან-ღონით სავსე ზაური მარტო სახლში და „პეტერ-პეტერე“ ყველაფერს ზრდის თუ მათი გამოკვება რაღაცნაირად მოახერხა, ყველაფერი შვილიშვილებისთვის უნდა, მაგრამ როგორც უნდა, ისე არ არის. ზაფხულში, მათი სტუმრობისას ძალიან ითრგუნება. თუ ისე ვერ ასიამოვნა პატარებს, როგორც მათ გაუხარდებათ, მთელი წელი ჯავრობს მერე ამაზე. იმდენი ვიფიქრე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში რისი გაკეთება შეიძლება ზაურთან ერთად, ჰოდა, მოვიფიქრე. თბილისში, სტუდენტობისას, ბიჭებმა კალმახა სოკოს მოყვანა გადავწყვიტეთ და მშვენივრადაც გამოგვივიდა. ზაურის სოკოს გასამრავლებლად იდეალური ქვიტკირის სარდაფი აქვს. ჰოდა, აუცილებლად უნდა ჩავაბა ამ საქმეში, იქნებ სიცოცხლის და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდეს.
ოჰ, ცოტა მოვიოხე თქვენთან საუბრით გული! თითქოს ყველაფერი გითხარით, რაც ამ ჯერზე მინდოდა. ძალიან მინდა თქვენც მომწეროთ თუ გიფიქრიათ თქვენც ამ თემებზე.
მომავალ შეხვედრამდე!
ირაკლი სოხაძე,
ახალგაზრდა ფერმერი