აშშ-ში, ქსელურ სუპერმარკეტებსა და საცალო გაყიდვების 20 ობიექტში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარეობს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „Saperavi Brothers” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მასაჩუსეტის შტატში, ღვინისა და პროდუქტების ქსელურ სუპერმარკეტებსა და საცალო გაყიდვების 20 ობიექტში გაიმართა.
თითოეული ღონისძიების ფარგლებში, საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის დეგუსტაციების ციკლი კომპანიის „Saperavi Brothers” ორგანიზებით, ივლისში დაიწყო და დეკემბრის თვეშიც გრძელდება.
მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ორიენტირებულია მომხმარებელზე და მისი მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
ამასთან ერთად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორები არიან ამერიკული იმპორტიორი კომპანიები „A.G Global Trade LLC“, „Saperavi brothers“, „Vinoveli inc, Corus systems inc“, „Georgian House of Greater Washington LLC“ და მარკეტინგული კომპანია „Big Sky Ranch Inc”.

