აგროსიახლეები

აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარება კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა და მიმდინარე წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა.
ქვეყანაში სტაბილურობასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რეგიონის ეკონომიკური განვითარება.

ბატონ სულხან თამაზაშვილის განაცხადებით, აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარება კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

2025 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებით 29 000-მდე ფერმერმა ისარგებლა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დარგის ბიუჯეტის გაზრდა ადგილობრივი ფერმერების შრომის კიდევ უფრო მეტად დაფასებას უზრუნველყოფს.

მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები წარადგინა და აღნიშნა, რომ ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 24 000 ტონამდე მანდარინი, რომლის საერთო ღირებულება 13 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ასევე, გადამუშავდა 12 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გაიცა.

სხდომაზე ტურიზმის სფეროს მიღწევებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იყო საერთაშორისო აღიარების მიმართულებითაც. 9 თვის მონაცემებით, აჭარაში დაახლოებით 4 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მომდევნო წელსაც იგეგმება საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელება, რათა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი.

წარმატებით მიმდინარეობდა რეგიონში კულტურის სფეროს განვითარებაც. განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე კულტურული ცხოვრების განვითარებას.

სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, საჯარო მოხელეებსა და თითოეულ მოქალაქეს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.