აჭარაში ციტრუსის სეზონისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს
აჭარაში ციტრუსის სეზონი მალე დაიწყება, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ყველა აუცილებელ ზომას იღებს, რათა უზრუნველყოს მოსავლის დროული აღება, გადამუშავება და საექსპორტო ბაზრებზე ეფექტური გატანა.
ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოები დაათვალიერა და სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სამინისტროში ასევე გაიმართა შეხვედრა ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განიხილეს ციტრუსის ლოჯისტიკის დაგეგმვის, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების ორგანიზების საკითხები.
მიმდინარე სეზონზე მოსალოდნელია 50-55 ათას ტონამდე ფორთოხლისა და მანდარინის მიღება, რაც გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტია, შარშან აჭარაში 45 ათასი ტონა ციტრუსი მოიკრიფა.
ქართული ციტრუსის მთავარი ბაზრები კვლავ რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნებია, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი პარტნიორების მოძიება.
წლეულს ასევე პირველად იგეგმება ორგანული (ბიო) ციტრუსის ნიშით, მცირე პარტიების ექსპორტი, რაც რეგიონს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუხსნის.

