აგროსიახლეები

აჭარელ ქალ ფერმერთა ვიზიტი ჯიღაურას საცდელ ბაზაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის, „აგრარული ექსტენციის მიწოდება“, ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას აჭარიდან 20 ქალი ფერმერი სტუმრობდა.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა. მან დეტალურად გააცნო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა რეგიონებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბატონ ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით დღის წესრიგში დგას ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკული უნარები და აგროტექნოლოგიური ცოდნა კიდევ უფრო დაიხვეწონ.

ვიზიტის ფარგლებში ფერმერმა ქალებმა დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობა, სამუზეუმო სივრცე და მონაწილეობა მიიღეს დეგუსტაციაში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. თანამშრომლობის მთავარი მიზანია ფერმერებისთვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.