აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ისტორიული ვაზის ჯიშები
საქართველოში მეღვინეობით სახელგანთქმული სამი მთავარი კუთხის – კახეთის, ქართლისა და იმერეთის გარდა, ღვინოს თითქმის ყველა კუთხეში აყენებდნენ, სვანეთს, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთს თუ არ ჩავთვლით. მეღვინეობით გამორჩეული კერები იყო აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში.
გურია-სამეგრელოს რეგიონი ჩვენი ქვეყნისთვის მეღვინეობის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ გვხვდება. ეს რეგიონი გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული.
აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია: ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ალადასტური, საკმიელა, ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში და სხვა.
ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აფხაზეთიც მეღვინეობის ისტორიულ მხარედ ითვლება. ვაზი აქ 400-დან 800 მეტრ სიმაღლემდე ხარობს ყველაზე კარგად. ადრეულ პერიოდში აქაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო მეღვინეობა, თუმცა, ვაზის დაავადებებმა: ჭრაქმა და ნაცარმა ძალიან ავნო ამ მხარეს. ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ. ადგილობრივი ჯიშების გარდა აფხაზეთში კარგ შედეგს იძლევა ცოლიკოური, ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ კუთხეს – აჭარას… აჭარაში უკანასკნელ წლებში დაიწყეს ძველი ჯიშების აღდგენა და ცდილობენ აქტიურად მისდიონ მეღვინეობას. ისტორიული ჯიშებიდან აჭარაში ყველაზე მეტად ცნობილია: ბროლა, ხოფათური, კლარჯული, მეკრენჩხი, ბუტკო, კვირისთავა, შავშურა, ჯინეში, საწურავი, ბათომურა.
წყარო: allwine.ge