სტატიები

აჭარის სუბტროპიკული ზონის აგროცენოზებში  გავრცელებული უცხო სახეობის კოკცინელიდების  (Coccinelidae)  მოქმედების თავისებურებანი

საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის გამოყენებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.  წლების განმავლობაში ინტროდუცირებული და გამოცდილი იქნა 40 სახეობაზე მეტი ენტომოფაგი და ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმი. აქედან აკლიმატიზებულია 18 სახეობის ენტომოფაგი, რომელზეც იმ პერიოდისათვის შემუშავდა  ლაბორატორიული გამრავლების მეთოდიკა. დღეისათვის აჭარის სუბტროპიკულ ზონაში ფერმერები სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემაში მოიაზრებენ, მხოლოდ ქიმიურ და აგროტექნიკურ ბრძოლის ღონისძებებს, თუმცა არსებული ისტორიული გამოცდილებიდან შესაძლებელია ვიფიქროთ მცენარეთა დაცვის სქემაში მავნებლების წინააღმდეგ მათი ბუნებრივი მტრების ჩართვის შესახებ. 
ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდიდან ენტომოფაგების  შემოყვანა და გამრავლება შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ალტერნატივა ქიმიური ნაერთების მოქმედების მასშტაბის და რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით. შესაბამისად აჭარის რეგიონის შავიზღვისპირა სუბტროპიკულ ზოლში მზარდი ტურიზმის ფონზე,  ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების დანერგვას და  ქიმიური, მომწამლავი საშუალებების მოცულობის შემცირებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  დატვირთვა შეიძლება მიენიჭოს. ამას ადასტურებს ისიც, რომ აჭარის სუბტროპიკულ ზონაში არსებული ცალკეული ციტრუსოვნების  პლანტაციები  თითქმის სამი ათეული წელია ჯეროვნად არ შეწამლულა და მიუხედავად ამისა  ციტრუსებზე გავრცელებული მავნებლების რაოდენობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აღემატება მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს, რაც იმ ენტომოფაგების დამსახურებაა, რომლებიც ბუნებაში გვხდება.

2020-2023 წლების განმავლობაში საქართველოში ინტროდუცირებულ  ენტომოფაგებზე დაკვირვების პროცესში სუბტროპიკული ზონის  აგროცენოზებში  ხშირად გვხდებოდა კოკცინელიდების შედარებით უცხო წარმომადგენლები, რომლებიც საკმაოდ მაღალი მტაცებლობით გამოირჩეოდნენ და წარმატებით ანადგურებდნენ ტკიპებს, ბუგრებს და სხვადასხვა ფარიანებს თუ ცრუფარიანებს.

ასეთი კოკცინელიდებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ოცდაორლაქიანი ჭიამაია (Psyllobora vigintiduopunctata).

კიკციდები ლკადლასლდ

ოცდაორლაქიანი ჭიამაია (Psyllobora vigintiduopunctata) ღია ყვითელი შეფერილობისაა 2.6-4.5 მმ სიგრძით. თუმცა შესაძლებელია მისი კანი ზოგჯერ შეგვხვდეს უფრო მუქი შეფერილობით. ხოჭოს სხეულის ზედა ნაწილი აღნიშნულია შავი ლაქები, რაც გვიადვილებს მის გარჩევადობას სხვა მსგავს ჭაიმაიებთან  მიმართებაში. ჭიამაია ძირითადად გავრცელებულია ისეთ კერებში სადაც ბუგრებთან ერთად სოკოვანი დაავადებებია, კერძოდ ნაცარი და ჭრაქი. ლიტერატურული მონაცემებით მისი მოქმედება შეინიშნება სოკოვან დაავადებებზე, სადაც ასუფთავებს მცენარეზე არსებულ ჭრაქის დაავადებას და იკვებება დაზიანებული კერებით. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ოცდაორ ლაქიანი ჭიამაიასათვის  მხოლოდ ბუგრები  არ წარმოადგენს სამიზნე ობიექტს,  იგი განსაკუთრებით კარგად გრძნობს  თავს სოკოვანი დაავადებების (ნაცარი, ჭრაქი) გავრცელების კერებში.  ჭიამაიას  მოქმედება პირველად დავაფიქსირეთ 2021 წლის მაის-ივნისის თვეებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში გოჯი ბერის (Licium Barbarum) ნარგაობაზე, სადაც ვახორციელებდით ადგილზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებების შესწავლას.   ჭიამაიები შემჩნეული იქნა მაშინ, როდესაც საწყის ეტაპზე გოჯიბერის ფოთლების ზედაპირზე ღია ფერის ლაქები გაჩნდა, რომლებიც შემდეგ ყვითლად შეიფერა, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეს, როდესაც განვითარდა თეთრი ნაფიფქი (ბუსუსებიანი სოკოვანი ნაზარდი), ანუ დაიწყო სპორულაცია სწორედ ასეთ დროს იყო აღნიშნული ჭიამიების მოქმედება ყველაზე აქტიური.

კოკციდები კოკციდები

სურ. ჭიამაია  Psyllobora vigintiduopunctata მოქმედებს გოჯიბერის მცენარეებზე გავრცელებულ ჭრაქზე და ბუგრებში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. სოფელი ახალშენი (მიქელაძეები).

განსაკუთრებით საინტერესოა აღნიშნული ჭიამაიების  მოქმედების თავისებურებების აღწერა მავნებლებზე და მათი ეფექტურობის განსაზღვრის საკითხი.  ოცდაორ ლაქიანი ჭიამაია (Psyllobora vigintiduopunctata) უფრო აქტიური იყო გვიან  გაზაფხულის და ზაფხულის დასაწყისში და შედარებით ნაკლებ ეფექტურად მოქმედებდნენ მავნებლებზე ზაფხულის მიწურულისათვის.

მავნებლებისა და მათი ბუნებრივი მტრების კვლევა ფენოლოგიების მიხედვით დინამიკაში ტარდებოდა 2021-2022 წწ   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში. კვლევისათვის შერჩეული იყო გოჯიბერის ნაკვეთი,  სადაც ქიმიური წამლობით ღონისძიება არ ტარდებოდა.  ჭიამაიას მოქმედების შეფასებისას მთლიანად ვსწავლობდით მცენარის გარშემოწერილობას და ვსაზღვრავდით პროცენტობით, თუ რა რაოდენობის ბუგრი ჰქონდა განადგურებული ან კიდევ რა გავლენას ახდენდა ნაცრისა და ჭრაქის დაავადებების გასუფთავებაზე ენტომოფაგი.

 ოცდაორლაქიანი ჭიამაიას (Psyllobora vigintiduopunctata) მოქმედების ეფექტურობა პროცენტებში

სტატია კოკცინელიდები აჭარაში 5

დიაგრამაზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, ენტომოფაგის მოქმედების ხასიათი სავეგეტაციო პერიოდში ვლინდება მავნებლის აქტიურობასთან ერთად. ასე მაგალითად, როგორც ბუგრებზე ასევე სოკოვან დაავადებებზე ყველაზე მაღალი მოქმედების  შედეგი მივიღეთ ივლისის თვეში, მაშინ როდესაც მავნებლებიც და დაავადებაც მცენარეზე აქტურად იყო წარმოდგენილი.  ჭიამიების ჯგუფები განუწყვეტლივ იკვებებოდნენ ფოთლის ზედაპირზე და ერთი თვის განმავლობაში მცენარის ცალკეულ უბნებს მთლიანად მოაშორეს ნაცრის სპორები. ენტომოფაგის პოპულაცია მაღალი იყო აგვისტოს ბოლომდე. მოგვიანებით ფიქსირდებოდა პოპულაციის თანდათანობითი შემცირება და ბუნებრივია მცირდებოდა ჭიამაიების დადებითად მოქმედების ხაიათიც.

არსებული მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცდაორ ლაქიანი ჭიამაიას (Psyllobora vigintiduopunctata) მოქმედებას გოჯიბერის ნარგაობაზე ჰქონდა შემაკავებელი გავლენა ბუგრების გავრცელებისა და ნაცრის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა სამომავლოდ მისი ეფექტურად გამოყენების მიზნით აუცილებელი იქნება კვლევების გაგრძელება და მისი მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ კომპლექსში ჩართვა, რათა მივიღოთ ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად ხელშესახები შედეგები.

საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის გამოყენებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.  წლების განმავლობაში ინტროდუცირებული და გამოცდილი იქნა 40 სახეობაზე მეტი ენტომოფაგი და ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმი. აქედან აკლიმატიზირებულია 18 სახეობის ენტომოფაგი, რომელზეც იმ პერიოდისათვის შემუშავებული იქნა  ლაბორატორიული გამრავლების მეთოდიკა. აღნიშნული საქმიანობის გაგრძელებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რასაც ადასტურებს 2020-2023 წლების განმავლობაში აჭარის სუბტროპიკული ზონის აგროცენოზებში აღმოჩენილი კოკცინელიდების წარმომადგენელები, რომლებიც საკმაოდ მაღალი მტაცებლობით გამოირჩეოდნენ და წარმატებით ანადგურებდნენ ტკიპებს, ბუგრებს და სხვადასხვა ფარიანებს თუ ცრუფარიანებს. ასეთი კოკცინელიდებიდან განსაკუთრებით არსანიშნავია ოცდაორ ლაქიანი ჭიამაია Psyllobora vigintiduopunctata. აღნიშნული ჭიამიას მოქმედებასაც ჰქონდა შემაკავებელი გავლენა გოჯიბერის ნარგაობებში ჭრაქისა და სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ და სამომავლოდ თავისუფლად შესაძლებელია მათი ჩართვა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროცესში.

მამუკა თურმანიძე, დოქტორანტი,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მოწვეული მასწავლებელი,  ქ. ბათუმი

გამოყენებული ლიტერატურა:

      1. გ. ალექსიძე, ა. მურვანიძე, ო. შაინიძე. ნ, ჭანუყვაძე – ციტრუსების მავნებლები და მათი ენტომოფაგები, ბროშურა. თბილისი 2010 წ.
      2. გ. ალექსიძე – მცენარეთა დაცვა, სახელმძღვანელო (მეორე გამოცემა). თბილისი 2017 წ.
      3. https://www.monaconatureencyclopedia.com/psyllobora-vigintiduopunctata/?lang=en
      4. First record of the mycophagous ladybird Psyllobora vigintiduopunctata on greenhouse cucumber plants in Crete (Greece)