ატმისა და ვაშლატამას სეზონი კახეთში პიკს აღწევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღს ეწვია და ადგილზე ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
ფერმერმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გააფართოვა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარს შეადგენს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 240,000 ლარს აჭარბებს.
ნიკოლოზ გეთიაშვილი ფლობს 28 ჰექტარზე გაშენებულ ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. მიმდინარე სეზონზე ის დაახლოებით 250 ტონა მოსავალს ელოდება.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია ფერმერული წარმოების გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული პროგრამების: ბაღების გაშენება, სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების განვითარების შედეგად ხილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პოზიტიურად აისახა ფერმერთა შემოსავლებზე.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა „დანერგე მომავალი“ ქვეყნის მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ბაღის გაშენება დააფინანსა. საერთო ინვესტიციის მოცულობა 4.3 მილიონ ლარს აღემატება, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1.7 მილიონ ლარს შეადგენს.