ატმისა და ვაშლატამას სეზონი კახეთში წარმატებით მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. 16 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია უკვე ექსპორტირებულია. წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, საშუალო ფასი კი — სტაბილური. საექსპორტო პროდუქციაზეც მაღალი ფასებია დაფიქსირებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული ღირებულებათა ჯაჭვი ეფექტიანად მუშაობს და შედეგს იძლევა“, — აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრა ფერმერ სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობაში გაიმართა, რომელმაც რამდენჯერმე ისარგებლა სახელმწიფო პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. მინისტრმა ადგილობრივ ფერმერებთან და სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მოსავლის დროული დაბინავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები.
„დღეს კახეთის რეგიონში 50-მდე სამაცივრე მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს, რაც სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილი ინფრასტრუქტურაა. მხოლოდ კახეთში 25 გადამმუშავებელი საწარმოა დაფუძნებული. ექსპორტის პროცესიც გამარტივებულია — დოკუმენტაცია გაიცემა ‘ერთი ფანჯრის’ პრინციპით, პროცესში ჩართულნი არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ მალფუჭებადი პროდუქციის ტრანსპორტირება შეფერხების გარეშე ხდება, რაც საპატრულო პოლიციის კოორდინირებული ჩართულობით მიიღწევა“, — განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სახელმწიფო აგრძელებს აგროსექტორის მხარდაჭერას შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის — „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება“ — ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე შეიქმნა 111 საწარმო, რომელთაგან 25 კახეთის რეგიონშია და საერთო ჯამში 11.6 მილიონი ლარით არის მხარდაჭერილი.
მინისტრის თქმით, სწორედ ასეთი პროექტები განაპირობებს პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ფერმერთა შემოსავლის სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის სექტორის გრძელვადიან განვითარებას.