ავსტრიელი სტუდენტები სოფლის მეურნების სამეცნიერო კვლევით ცენტრს სტუმრობდნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) ღვინის მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები იმყოფებოდნენ.
ავსტრიელ ახალგაზრდებს ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა. მან სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია ცენტრის ბაზებზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შესახებ, რომელშიც მაგისტრანტები აქტიურად არიან ჩართული.
მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა პროფესორმა დავით ჩიჩუამ სტუდენტებს დეტალურად გააცნო ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების არსებული მდგომარეობა, მათი მოძიების, შესწავლის და დაცვის ძირითადი აქტივობები.
ავსტრიელი სტუმრები გაეცნენ ვაზის ჯიშების საკოლექციო და სადედე ნაკვეთებში მიმდინარე სამუშაოებს, დაათვალიერეს ქართული ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, დააგემოვნეს ვაზის ადგილობრივი ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ნიმუშები, რამაც ავსტრიელ ახალგაზრდებს ქართული ვაზის წარმოშობის ისტორიის, განვითარების , გენეტიკური მრავალფეროვნებისა და ღვინის ხარისხობრივი მახასიათებლების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა ავსტრიელი სტუდენტებისთვის უკვე მეორე წელია იმართება და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება.