აზიური ფაროსანა და მასთან ბძოლის ზოგადი რეკომენდაციები
აზიური ფაროსანა მიეკუთვნება ნახევრადხეშეშფრთიანებს, ანუ ბაღლინჯოებს (Hemiptera=Heteroptera, Pterygota, Insecta Arthropoda). ბაღლინჯოებისათვის დამახასიათებელია მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი, 2 წყვილი ფრთა. ზოგიერთ მათგანს ფრთები დამოკლებული აქვს, ზოგს – განუვითარებელიც (საწოლის ბაღლინჯო). აქვთ სუნიანი ჯირკვლები, რომელთა გამონაყოფი აფრთხობს მტერს ან იზიდავს მოწინააღმდეგე სქესის წარმომადგენელს. გარდაქცევა არასრულია. უმეტესობა ხმელეთზე, ზოგი წყალში ან მის ზედაპირზე ცხოვრობს. ხმელეთის ფორმების უმრავლესობა ფიტოფაგია, იკვებებიან მცენარეთა წვენით. არიან მტაცებლებიც, ზოგი კი პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. წყლის ფორმები ცხოვრობენ წყლის სიღრმეში, ზედაპირზე ან წყლის ნაპირას; მათი უმრავსელობა ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქვას, Aphelochiridae-ს ოჯახის წარმომადგენლები კი – წყალში გახსნილი ჟანგბადით. ნახევრადხეშეშფრთიანები გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე. საქართველოში გავრცელებულია 37 ოჯახის 600-მდე სახეობა, მათგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია 70-მდე სახეობა.
აზიური ფაროსანა ლათინური დასახელების გარდა – Halyomorpha halys Stal – ჩვენში სხვა სახელწოდებებითაც: Asian stink bug., Мраморный клоп, Азиатский щитник და სხვ. მავნებლის სამშობლოა სამხეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, საიდანაც იგი გავრცელდა ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში. 1996 წლიდან დაფიქსირდა აშშ-ს ტერიტორიასა (2014 წელს უკვე გავრცელებული იყო 37 შტატში) და კანადაში, 2007 წლისათვის – შვეიცარიაში, 2010 წელს კი – ახალ ზელანდიაში. 2015-2016 წლებში ფაროსანა ინტენსიურად გავრცელდა აფხაზეთშიც. ამჟამად ის ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, თუმცა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ცალკეული ეგზემპლარები არაერთგზის იქნა ნანახი აღმოსავლეთის მთელ რიგ რეგიონებშიც.
ჩვენს პირობებში აღნიშნული სახეობის ბიოეკოლოგია შეუსწავლელია, თუმცა არსებობს ფრაგმენტული ინფორმაციები, რომლებიც მეტნაკლებად სარწმუნოა და მოითხოვს ექსპერიმენტალურ კვლევებს: აპრილის ბოლოს ფაროსანას იმაგო გამოდის მეზამთრეობის ადგილებიდან და დამატებითი კვების მიზნით, იწყებს შესაბამისი მცენარეების ძებნას. დამატებითი კვება გრძელდება 1-2 კვირის განმავლობაში და იწყება კვერცხის დება. კვერცხებს დებენ ჯგუფებად, ფოთლის ქვედა მხარეს. თითოეულ ჯგუფში საშუალოდ 20-30 კვერცხია.
მავნებლის კვერცხები
საქართველოს პირობებში, წლის განმავლობაში, მავნებელს შესაძლოა ჰქონდეს 3-მდე თაობა. მკვლევარების ნ. კარპუნისა და ვ. პროცენკოს მონაცემებით დადგენილია, რომ ეს სახეობა სოჭის რეგიონში სამ თაობას იძლევა. პირველი თაობის გამოჩენა-განვითარება მოსალოდნელია მაისის I დეკადიდან, მეორე თაობისა კი – ივნისის II-III დეკადიდან აგვისტოს I დეკადამდე პერიოდში. მესამე თაობის განვითარება სავარაუდოა აგვისტოს I დეკადიდან ოქტომბრის I დეკადამდე პერიოდში. მატლებს ახასიათებთ ხუთი ხნოვანება. ოქტომბრიდან მავნებლის ზრდასრული ფორმები გადადიან ზამთრის დიაპაუზაში. გასათვალისწინებელია აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, მავნეობის შემცირებაში, ბუნებრივი სიკვდილიანობის მაღალი დონე როგორც ბიოცენოზებში, ისე საცხოვრებელ ბინებსა და სხვადასხვა ტიპის სადგომებში.
ახლადგამოჩეკილი მატლები
აზიური ფაროსანას გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობებია სუბტროპიკულ რაიონებში, რომლისათვისაც დამახასიათებელია თბილი ზამთარი და ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა. მავნებელი მნიშვნელოვნად აზიანებს სრულიად სხვადასხვა ტიპის მცენარეულობას, მათ შორის მრავალ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანუ არის საკმაოდ ფართო პოლიფაგი. მცენარის მწვანე ორგანოებიდან და რბილი ნაყოფებიდან ბაღლინჯო მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატით იღებს უჯრედის წვენს და მასთან ერთად ქლოროპლასტებსაც. ხე მცენარეებიდან უმთავრესად ზიანდება თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში), ყველა სახეობის ციტრუსი, ქლიავები, ხურმა, ლეღვი, თხილი, ვაზი. ბოსტნეული და მარცვლეული კულტურებიდან მეტად ზიანდება ლობიო, პამიდორი, კიტრი, წიწაკა, ბადრიჯანი, სიმინდი. ასევე აზიანებს კენკროვან კულტურებს და დეკორატიულ მცენარეულობას.
მავნებლის მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის მიყენებული ზიანი ვიზუალურად, კულტურების მიხედვით, სხვადასხვაგვარია: ვაშლსა და მსხალზე ვითარდება ნეკროზი, გაკორპება და კანქვეშ ფორმირდება მშრალი, ხავერდოვანი ქსოვილი; ნაყოფის გემური თვისებები უარესდება, ზედაპირი კი იფარება მცირე ზომის, მეჭეჭების მსგავსი ბორცვაკებით. ციტრუსებსა და ხურმაზე ფაროსანას მიერ დაზიანება იწვევს ნაყოფის განუვითარებლობას და ინტენსიურ ცვენას. ასევე ხდება ვაზზეც – ყურძნის მარცვლები ვერ მწიფდება და ნაადრევად ცვივა. ცხადია, შედეგად უარესდება ღვინის ხარისხიც.
თხილის ნაყოფს აზიური ფაროსანა აზიანებს ნაყოფის ფორმირების ადრეულ პერიოდში, რის გამოც თხილის გული ვერ ვითარდება და კიდევ მეტიც, ის ლპება. პამიდორსა და წიწაკაზე მავნებლის მიერ ნაჩხვლეტ ადგილებში თავს იჩენს ნაყოფის სიდამპლე, სიმინდზე მარცვლები, როგორც წესი, არ ვითარდება.
დღეს არსებული მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას, გარდა იმისა, რომ გამოსაზამთრებლად იგი თავს იყრის საცხოვრებელ და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებში, ქმნის დისკომფორტს და აბინძურებს გარემოს. ამასთან, მოსახლეობისათვის მეტად გამაღიზიანებელია მავნებლის მიერ სპეციფიკური, უსიამოვნო სუნის გამოყოფა, რომელიც იცავს ფაროსანას სხვა მწერებისაგან და, სავარაუდოდ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ფონი.
ამ ეტაპზე მავნებლის წინააღმდეგ ყველაზე ფექტურ ბრძოლის საშუალებად მიჩნეულია შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით კი, ამ სახეობის წინააღმდეგ ეფექტურია და შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი სახის ღონისძიებები: მავნებლის რიცხოვნობის ზრდის შემთხვევაში, როცა ხდება მისი აფუთქარება, აუცილებელია ქიმიური მეთოდის გამოყენება. მაგ. კარატე MKC-ით (4 მლ ინსექტიციდი გახსნილი ათ ლიტრ წყალში) ერთჯერადი დამუშავება ზრდასრულ ფორმებზე, ტალსტარი KE ან კლიპერით (6 მლ ინსექტიციდი ათ ლიტრ წყალზე) ერთჯერადი დამუშავება ასევე ზრდასრულ ფორმებზე.
ბიოლოგიური პრეპარატი – სოკოვანი შტამი Beauveria bassiana ეფექტურია მხოლოდ მატლებსა და იმაგოზე. მისი გამოყენება რეკომენდირებულია გაზაფხულის პერიოდში, როცა მავნებლის პირველი თაობა ვითარდება. შესაძლებელია ამან გამოიწვიოს შემდეგი თაობის რიცხოვნობის მნიშვნელოვანი შემცირება.
გათვალისწინებულია საქართველოს ბიოცენოზებში აზიური ფაროსანას ბიოაგენტების ინტენსიური ძიება, რომლთა შესახებაც გაგვაჩნია გარკვეული მოსაზრებები და შესაბამისი წინასწარი მონაცემები, რომელიც ექსპერიმენტებით განმტკიცებას საჭიროებს.
ზოგადი რეკომენდაციები მავნებლის წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენების შესახებ
- ველზე, მწერების მაქსიმალური კონცენტრირება შეინიშნება აგროცენოზების განაპირა ადგილებში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ფართობის ნაპირი შემოსაზღვრულია ხე-მცენარეებით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით კარგად უნდა დამუშავდეს ფართობის ნაპირები და იქ არსებული ხე-მცენარეები. კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ წესის გამოყენებას განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვს მარცვლეული კულტურების (ლობიო, სოია) შემთხვევაში.
- ხშირ შემთხვევაში პესტიციდები ანადგურებენ არამხოლოდ მავნებელს, არამედ მის ბუნებრივ მტრებსაც. შესაბამისად, პესტიციდების გამოყენება უნდა მოხდეს დოზების, ნორმების, ჯერადობის მკაცრი დაცვით და გამოყებენული იქნეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
- ბოსტნეულ კულტურებში წამლობების ჩატარება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ მავნებლის მატლების გამოჩენა ემთხვევა მოსავლის ფორმირება-განვითარების ადრეულ პერიოდს.
- იმის გამო, რომ მავნებელს 3 თაობა ახასიათებს, აუცილებელია წამლობების რამდენჯერმე ჩატარება – პესტიციდების გამოყენების წესების სრული დაცვით.
- მავნებლის რეზისტენტობის (პრეპარატისადმი შეგუება), გამოვლენის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პესტიციდების როტაცია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ უნდა შეიცვალოს მოქმედი ნივთიერება და არა მხოლოდ პესტიციდის სავაჭრო დასახელება.
- პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკები.
მზაღო ლობჟანიძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის
სრული პროფესორი