ბადრიჯნის მოვლა-მოყვანის აგროწესები
ბადრიჯნის სამშობლოა ინდოეთი. იგი მდიდარია B და P ჯგუფის ვიტამინებით, შეიცავს ასევე ასკორბინის მჟავას, პექტინს, კაროტინს, შაქრებს, ცილებსა და მინერალურ მარილებს.ბადრიჯანი გამოიყენება შემწვარი, მოხარშული, ჩირის დასამზადებლად, მწნილად, საკონსერვო წარმოებაში ქორფა ნაყოფებიდან მურაბის, ბადრიჯნის ხიზილალის და მარინადების დასამზადებლად.
ბიოლოგიური თავისებურებანი
ბადრიჯანი ერწლიანი მცენარეა. ფესვთა სისტემა საკმაოდ ძლიერ არის განვითარებული ნიადაგში. ღერო სწორმდგომი აქვს, შებუსვა სუსტად ან ძლიერად, დიდი ფოთლებით, რომელიც მორიგეობით არის გაწყობილი. ძირითადად თვითდამამტვერიანებელი მცენარეა. ნაყოფი ფორმის მიხედვით გვხვდება მრგვალი, ოვალური, მსხლისებური, გრძელი, ცილინდრული და ა.შ. ფერით- მუქი იისფერი, იისფერი ღია იისფერი.
აგროტექნიკური ღონისძიებები
ბადრიჯანი მოითხოვს გრძელსა და თბილ სავეგეტაციო პერიოდს, ის სითბოს მოყვარული მცენარეა, თესლი აღმოცენებას იწყებს 18-240 ტემპერატურაზე, მცენარის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა კი 18-200 -ია, იგი ასევე დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ტენიანობისადმი.
ბადრიჯნის კარგი წინამორბედი კულტურებია კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, პარკოსნები. მისი დარგვა არ შეიძლება პამიდვრის, კარტოფილისა და წიწაკის შემდეგ
ბადრიჯანი წინასწარ გამოყვანილი ჩითილით მოყავთ. 1 ჰა-ზე საკმარისი ჩითილის მისაღებად საჭიროა 800 გრ თესლი. საადრეო და საშუალო ჩითილის გამოყვანას აწარმოებენ კვალსათბურებში. საადრეო ჩითილის მისაღებად კვალსათბურებში თესლის თესვა დარგვამდე 60-70 დღით იწყებენ, ხოლო საშუალო პერიოდის ჩითილის მისაღებად თესლის გადარგვამდე 50-60 დღით ადრე თესავენ. ბადრიჯნის ჩითილი სათუთია, გადარგვის შემდეგ ძნელად ხარობს, ამიტომ როდესაც კვალსათბურებიდან ვიღებთ, საჭიროა სიფრთხილე, რომ რაც შეიძლება მეტი ფესვები გაჰყვეს მიწიანად, დაუზიანებლად. ჩითილი გადააქვთ ღია გრუნტში მცენარის 5-7 ფოთლის ასაკში. რიგებს შორის დაშორება 60-70, ხოლო მცენარეთა შორის 40-50 სმ. იგი წყლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ყვავილობამდე კვირაში 1-2 – ჯერ უნდა მოირწყას, ხოლო ყვავილობის შემდეგ კვირაში 2-3 ჯერ.
სასუქების შეტანა საჭიროა გამოკვებისათვის. პირველი გამოკვება ტარდება გადარგვიდან 10 დღის შემდეგ, მეორე გამოკვება საჭიროა მასიური ყვავილობის ფაზაში, ხოლო მესამე ნაყოფის წარმოქმნის დროს.
მოსავლის აღება
ბადრიჯნის კრეფა იწყება შერჩევით ყვავილობის შემდეგ, ამ ვადაში ნაყოფი არის 80-100 გრ-ნი, ნაყოფის რბილობი რბილია და ნაზი, ნაყოფი იჭრება დანით თავისი ყუნწით, კრეფა ხდება 5-6 დღეში ერთხელ, შემოდგომის ყინვების დაწყებამდე საჭიროა მოსავლის მთლიანი აღება.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“