„ბანაობა მზისფერ მარცვალში“ _ ქართული ხორბალი თიანეთში
თუშებს არც ხარანაულებმა დაუდეს ტოლი და თიანეთის ულამაზეს მდელოებზე პურის ყანა გააცოცხლეს.
მხატვარი ლევან ხარანაული და მისი მეუღლე ლელა სულაკაური თავიანთი, დიდი ოჯახით, თიანეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
ადრე გაზაფხულზე დამირეკა ლევანმა, ქართული ხორბლის თესლი უნდოდა. პირველად ვთესავო მითხრა, ჩქარობდა დათესვას. საგაზაფხულო შავფხისა და თეთრი თავთუხის თესლი რომ შეიძინა, ისევ დამირეკა, უხაროდა, ოცნება ავისრულე, მზისფერ მარცვალში ვბანაობო!
ლევანმა და მისმა მეგობარმა ანზორმა აპრილის დასაწყისში სამი ნაკვეთი დათესეს საცდელად, სხვადასხვა ადგილას, ერთი კვირის შუალედით.
11 აგვისტოს ვესტუმრე, ნათესები დავათვალიერე მოსავლის აღების წინ.
საინტერესო სურათი დამხვდა: ერთ ნაკვეთზე, სადაც ნიადაგი ნოყიერი (ბუნებრივი სასუქით) და დასვენებული იყო, ისეთი კარგი ყანა მოვიდა, მარცვალი თესლად გამოდგება. მეორე ნაკვეთზე შედარებით დაბალი და სუსტია ნათესი. როგორც ჩანს ,ნიადაგი მწირი იყო, დათესვის დროც _ არახელსაყრელი.
ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს სოფლის მეურნემ:
ჯერ ნიადაგი უნდა მოწესრიგოს, მოსავალს ის მისცემს;
თესლი ყურადღებით უნდა შეარჩიოს;
თვარეს და ამინდს დაუდარაჯდეს.
პირველი ხნული ახალ მთვარეზე ხელით უნდა მოთესოს, თესვისას დალოცვა არ უნდა დაავიწყდეს: პირველი მუჭა ღვთისააო, მეორე ჩიტებისაო, მესამე თაგვებისაო, მეოთხე ქვრივ – ობლებისაო, მეხუთე კი ჩემს ოჯახსო. ამას რო იტყვით მერე დაიძახეთ ერთი ათასადო და მოაბნიეთ მარცვალი
გული გამითბა, ხარანაულებთან სტუმრობისას.
მადლობა ღმერთს, ასეთი ოჯახები რომ გვყავს, თავმდაბლობით, სინათლით, სიკეთით და შრომისმოყვარეობით გამორჩეული.
მომავლის იმედი მომეცა მათი შემხედვარე.
P.S. ლევანი, პოეტ ბესიკ ხარანაულის შვილია
ლალი მესხი,
„ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება“