ბაქოში CASPIAN AGRO 2025-ზე ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა აგროგამოფენაში CASPIAN AGRO 2025 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი მწარმოებლები ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველია.
„ჩვენი მონაწილეობა გამოფენაში CASPIAN AGRO რეგიონული თანამშრომლობის, ჩვენი ურთიერთობის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას ახალ ბაზრებზე წვდომაში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარ კომპანიებს აქვთ წარმოდგენილი.