რუბრიკებისტატიები

ბიომრავალფეროვნება, გლობალური დათბობა და ადამიანის როლი თანმდევ პროცესში

გარემოზე ადამიანის არასწორმა და უდიერმა მოპყრობამ პლანეტაზე დასაბამი დაუდო ბუნებრივი პროცესების ცვალებადობას, ფლორისა და ფაუნის გავრცელების არეალის, სახეობებისა და რიცხობრიობის შემცირებას. ზოგიერთი სახეობა გაქრა ან გადაშენება ემუქრება.

ეს მოვლენები შესაბამისად უარყოფითად აისახება მისი ბუნებრივი, გამაჯანსაღებელი ფუნქციების შესრულებაზე. ამგვარი პროცესები ათასწლეულების წინ დაიწყო და დღემდე დინამიურად მზარდია. ასეთი მოვლენების ათვლის წერტილად მოიაზრება დრო, როცა დედამიწაზე ადამიანებმა ფართოდ დაიწყეს მიწათმოქმედების, მეცხოველეობის, ქიმიური მრეწველობის, მანქანათმშენებლობისა და ქალაქმშენებლობის ინტენსიური განვითარება. მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და სხვადასხვაგვარია, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური, ზოგჯერ შეგნებით ნაკარნახევი და ზოგჯერაც შეუგნებლობით, უცოდინარობითა და უმეცრებით გამოწვეული. თუმცა, საზოგადოების განვითარების პირველყოფილი წყობილებიდან განვითარების უფრო მაღალ ფორმაციაზე გადასვლასთან ერთად ადამიანთა მოთხოვნილება ყოფითი პირობებისადმი და კომფორტული ცხოვრებისადმი შესაბამისად ისე იზრდებოდა, რომ ამ პროცესებს თან არ ახლდა გარემოსთან მიმართებაში შემაკავებელი და დამცავი ღონისძიებანი, რამაც სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგებს, სოფლის მეურნეობას და ზოგადად გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენა. თავის მხრივ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსისტემო ექსპლუატაციამ, წყლისა და ტყის რესურსების უყაირათო გამოყენებამ, გაუაზრებელმა ქალაქმშენებლობამ სასმელი წყლებისა და მწვანე საფარის შემცირებას შეუწყო ხელი, რის გამოც ბიოსფეროში შემცირდა ჟანგბადის მარაგი და მოიმატა სხვადასხვა გაზებისა და ნაერთების რაოდენობამ. ასეთმა პროცესებმა, გარდა იმისა, რომ უარყოფითი ზეგავლენა იქონია გარე სამყაროს ბუნებრივ არსებობაზე, საერთოდ ფლორასა და ფაუნაზე, ხელი შეუწყო აგრეთვე დედამიწაზე არასასურველი მოვლენების გახშირებას, ტემპერატურული რეჟიმის ცვალებადობას (მიწისძვრები, ცუნამები, წყალდიდობები, ღვარცოფული მოვლენები, წყალისმიერი და ქარისმიერი ეროზიები და ა.შ.)

გარდა ამისა, მძიმე ინდუსტრიისა და ქიმიური მრეწველობის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს გარემოში სხვადასხვა მავნე აირებისა და ნაერთების ჭარბი რაოდენობის დაგროვება-გავრცელება, რომელთა შემაკავებელი ღონისძიებები სრულყოფილად თითქმის დაცული არ არის, ეს კი ყოველთვის უარყოფით ზეგავლენას ახდენს არამარტო ბიოსფეროზე, არამედ დედამიწის ირგვლივ ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც ბუნებას უბრუნდება საზიანოდ დაბინძურებული ატმოსფერული ნალექების სახით (ტალახისა და მჟაური წვიმები, ნალექებში მომატებული რადიაციული ფონი და ა.შ.)

მსგავსმა პროცესებმა და კოსმოსში გახშირებულმა ხომალდების გაშვებამ, ატომური, ბირთვული და სხვა ბევრი ჩვენთვის უცნობი ქიმიური და ბიოლოგიური საბრძოლო არსენალის გამოყენებამ ატმოსფეროში დედამიწის დამცავი ზოლის (ოზონის შრის) ზოგიერთ ადგილებში შეთხელებას და ნახვრეტების წარმოქმნას შეუწყო ხელი, რამაც თავისთავად დედამიწაზე მზის რადიაციის დონის ამაღლება გამოიწვია, ამას კი ატმოსფეროში ტემპერატურის მატება და კლიმატური პირობების ცვალებადობა მოსდევს. ეს პროცესები წლიდან წლამდე პროგრესირებადია, ჯაჭვური რეაქციით ვითარდება და თვალში საცემია. შეიმჩნევა მყინვარების შემცირება და დნობა, ზღვისა და ოკეანეების წყლის დონის მატება, ნალექების რაოდენობისა და მათი განაწილების ცვალებადობა, გვალვები, წყლისა და ქარის გახშირებული ეროზიები, ღვარცოფული მოვლენები, გახშირებული მეწყერული მოვლენები და მიწისძვრები, სახნავ-სათესების, ბუნებრივი სათიბ-საძოვრებისა და მათი მოსავლიანობის შემცირება და ა.შ.

ყოველივე ეს თავისთავად სასარგებლო ცოცხალი ორგანიზმების შემცირებასა და მავნებელ-დაავადებათა, მათ შორის ახალი სახეობების გავრცელებასაც იწვევს, რომელთა მავნე ზემოქმედების შედეგად მცენარეთა და ცხოველთა ზოგიერთი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი, ხოლო ზოგიერთი გაქრობის პირასაა მისული (თელა, ურთხელი, წაბლი, ბზა, კავკასიური ჯიხვი, უსურიული ვეფხვი და სხვა). დამაფიქრებელია ასევე ადრე არსებული ნაკადულების, წყალსაცავებისა და ტბების დაშრობის ფაქტებიც, რის გამოც უზარმაზარი ტერიტორიები გაუდაბნოებულია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც (დედოფლისწყაროსა და წითელწყაროს მუნიციპალიტეტებში).

მსოფლიოს მასშტაბით ზუსტი მონაცემები, თუ რომელი კონტინენტი მეტად დაზარალდა და რომელი ნაკლებად, დღეისათვის არ არსებობს, მაგრამ ნათელი ფაქტია, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება არც ერთი ქვეყანა, რომელსაც გლობალური დათბობის უარყოფითი ზეგავლენა არ შეხებოდეს და რაიმე გარანტია ჰქონდეს, რომ სამომავლოდ იგი ამ მხრივ მეტ-ნაკლებად დაცვას შეძლებდეს.

ამიტომაც იყო, რომ მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობამ თავის დროზე ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ „კიოტოს ოქმს“, რომელიც ატმოსფეროში თბური აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად და მის მუშაობას მსოფლიოს მასშტაბით კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ორგანიზაცია გლობალ ჰუმანიტარიან ფორუმ-ი, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური მდივანია და რომლის ხელმძღვანელობით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მეთაურები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან, სადაც ყოველმხრივ აანალიზებენ ამ მხრივ არსებულ მონაცემებს და ღებულობენ სამოქმედო გეგმას და ვალდებულებებს მდგომარეობის ჯერ შეჩერებისათვის, ხოლო სამომავლოდ გაუმჯობესებისათვის. ამ ორგანიზაციის ბოლოდროინდელი ოფიციალური მონაცემებით გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 300 ათასამდე ადამიანი იღუპება და გათვლებით დადასტურებულია, რომ ეს მაჩვენებელი 2030 წლისათვის 500 ათასს მიაღწევს.

ამიტომ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია გარემოზე არაკეთილსინდისიერი, არაგონივრული და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ყოველთვის ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნასა და, აქედან გამომდინარე, არასასურველი მოვლენების განვითარებას განაპირობებს. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ცალკე აღებული ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მონდომებითა და ძალისხმევით ვერ მოგვარდება, უფრო სწორად სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. საჭიროა საამისოდ მთელი მსოფლიოს ძალისხმევა და მათი ამ მხრივ მონაწილეობა არა ადმინისტრირებაზე, არამედ ადამიანთა მხრიდან შეგნებაზე იყოს დაფუძნებული.

სამწუხაროდ, ბევრგან და მათ შორის ჩვენთანაც ეს ასე არ ხდება. შეიძლება ითქვას, მეტი მოგების მიღების მიზნით საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის შემდეგ ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით მდგომარეობა გაუარესებულია კიდეც.

ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა მოტივაციით ტყის მასივები, ქარსაცავი ზოლები და ქალაქებში არსებული მწვანე საფარი ყოველწლიურად მცირდება, თუმცა, მათი აღდგენის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებები ხშირ შემთხვევებში ნაკლებად ეფექტურია. მოსაწესრიგებელია და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აგროქიმიკატების, მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ქიმიური საშუალებების მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის საკითხები. შეიძლება ითქვას, რომ იგი თვით ბიზნესმენების, მეწარმეებისა და ფერმერების კვალიფიკაციასა და შეგნებაზეა დამოკიდებული. ადრე ამ საშუალებათა გამოყენებაზე მოთხოვნა იმდენად მკაცრი იყო, რომ თუ სად როგორ და რა პირობებში ინახებოდა ესა თუ ის ძლიერ მოქმედი ქიმიური საშუალებები, ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურებიც კი ინტერესდებოდნენ. დღეისათვის მითუმეტეს კონტროლის მექანიზმები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, რადგანაც ბაზარი გაჯერებულია უფრო ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებებით, ვიდრე მანამდე იყო. სამწუხაროა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგები ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება და კვლევები ამ საშუალებათა ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ხშირად კამპანიურ ხასიათს ატარებს. დამაფიქრებელი და გულდასაწყვეტია ისიც, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მსოფლიო დონის ზოგიერთ პროგრამებთან დაკავშირებით წელს ზოგიერთმა ძლიერმა სახელმწიფომ უარი განაცხადა დაფინანსებაზე.

დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც პრობლემები გარემოს დაცვის მხრივ ბევრად უფრო მეტი და მრავლისშემცველია, რომელთა შესახებ ერთ პუბლიკაციაში შეუძლებელია ილაპარაკო. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ პრობლემის მოგვარებაში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს, რადგანაც უცოდველი ამ მხრივ ნამდვილად არავინაა.

 

ნუგზარ ოქროპირიძე,

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი