დარგებიმეფუტკრეობა

ბიოთაფლის წარმოება

რა არის ბიოთაფლი? მარტივად რომ ვთქვათ, ბიოთაფლი ყველაზე სუფთა თაფლია, რაც შეიძლება მეფუტკრემ დღესდღეობით აწარმოოს და ჩვეულებრივი ტრადიციული ან სამეწარმეო გზებით მოპოვებული თაფლისგანაც საკმაოდ განსხვავდება.

ძირითადად ეს განმასხვავებელი ფაქტორებია:

  • სკები მზადდება მხოლოდ ხის მასალისგან და  მისი გამოხარშვის შემთხვევაში, გამოიყენება მხოლოდ სუფთა (ბიო) ცვილი და  არა პარაფინი;
  • ბიოთაფლი მისაღებად საფუტკრე აუცილებლად უნდა განთავსდეს სუფთა გარემოში ქიმიური დამაბინძურებლებისგან (გამონაბოლქვისგან, პესტიციდებისგან და ა.შ) შორს;
  •  ბიოსაფუტრეში არ გამოიყენება ხელოვნური საკვები დანამატები (შაქრის სიროფი, კანდი და ა.შ);
  • ფუტკრის დაავადების წამლობა არ ხდება ან ხდება სკის გარეთ;
  • ფუტკრის დაავადების სამკურნალოდ გამოირიცხება ანტიბიოტიკური საშუალებების გამოყენება;
  • თაფლის გადამუშავება-დასაწყობებისათვის გამოიყენება მხოლოდ უჟანგავი ლითონის დანადგარები დ ავზები (სასურველია ამოსანთლული).

ზემოთ ჩამოთვილი პუნქტების დაცვა, ცხადია, პროდუქტის წარმოებას საკმაოდ ართულებს და მის თვითღირებულებასაც ზრდის, თუმცა სხვაგვარად შეუძლებელია სუფთა, ბიოთაფლის წარმოება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, თუ ბიოთაფლის წარმოებას მაინც გადაწყვეტთ, მოდი გავიგოთ, კონკრეტულად, რა დაგვჭირდება ამ მიზნის მიღწევისთვის.

როგორ ვაწარმოოთ ბიოთაფლი?
ადგილმდებარეობა

გარემო პირობები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ბიოთაფლის წარმოებისათვის ძირითად სირთულეს წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში არ არის მარტივი იმ ეკოლოგიური ბაზის მოძიება, რომელიც იზოლირებული იქნება დამაბინძურებელი გარემოებებისაგან.

ბიოთაფლის წარმოებისათვის საფუტკრე ბაზის შერჩევა, მიზანშეწონილია, მოხდეს ისეთ გარემოში, რომელიც მინიმუმ 7 კილომეტრის რადიუსით იზოლირებული იქნება მოსახლეობისაგან ან ისეთი სახის საწარმოებისგან, რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას პროდუქციის ხარისხს.

საფუტკრე მეურნეობის მოწყობისას გასათვალისწინებელია სხვა ან ამავე სასოფლო სამეურნეო საქმიანობის არსებობა ახლომდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ახლო მდებარე საფუტკრე მეურნეობები, რომლებშიც სამუშაოები ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობას. ასეთი შემთხვევაში, თავის დაცვა შესაძლებელია 1 კილომეტრის მოშორებით საფუტკრის მოწყობით, რათა თავიდან ავირიდოთ ფუტკრებს შორის ქურდობის საფრთხე. 

საქართველოს პირობებში საფუტკრე მეურნეობის მოწყობა, რომელიც ამ მხრივ დაცული იქნება, იშვიათად თუ მოიძებნება და ისიც მთიან რეგიონებში. ამ ყოველივეს კი სტაციონალურ მეფუტკრეობასთან მივყავართ. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის პირობებში მარტივად არის შესაძლებელი ამ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ადგილების მოძიება-შერჩევა.

ინვენტარი

მას შემდეგ, რაც ბიოთაფლის წარმოებისათვის გარემოს შევარჩევთ, სამუშაოები უნდა დაიწყოს არსებული საფუტკრის გარდასაქმნელად.  გარდაქმნის პროცესში ჩვენ არსებული მეურნეობიდან მხოლოდ ფუტკარი (ამანათნაყარი) გამოგვადგება. იმისათვის რომ ბიოთაფლის რაიმე დაბინძურებისგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი,  უნდა მოხდეს ძველი ინვენტარის სრული განახლება. 

ძირითადი ინვენტარი არის სკები, ჩარჩოები და ცვლილი. პირველ რიგში, სკები რომელიც არ იქნება ქიმიური ნივთიერებებით – პარაფინით ან ქიმიური საღებავით დამუშავებული. სკები უნდა დამუშავდეს მხოლოდ სუფთა ცვილით, რომელიც არ შეიცავს ანტიბიოკურ ან პესტიციდურ ნარჩენებს.

ჩარჩოების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ჩარჩოს მავთულის ხარისხი, აუცილებელია ის დამზადებული იყოს უჟანგავი ლითონისაგან. ფიჭის ჩაკვრისას უნდა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი მარტივი საგორავები და არა ელექრტო ხელსაწყოები, რადგან მავრთულის გახურებამ, შესაძლოა, ლითონის ჟანგვას შეუწყოს ხელი.

და ბოლოს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცვილია, რომელიც არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და პესტიციდებს. მისი გადამუშავებაც შესაბამის სტანდარტულ გარემოშია აუცილებელი – ის უნდა მოდუღდეს უჟანგავი ლითონის ჭურჭელში, რომელიც სრულად იქნება გასუფთვებული ძველი სანთლის ნარჩენებისგან.

გარდაქმნის პროცესი

გარდაქმნის პროცესში ჩვენ არსებული მეურნეობიდან მხოლოდ ფუტკარი (ამანათნაყარი) გამოგვადგება. პროცესის დაწყება მისაღებია გაზაფხულის, კერძოდ, აკაციის ყვავილობის დასაწყისში.

იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ ე.წ.  ბიოსკა, აუცილებელია აკაციის ყვავილობის დაწყებამდე 1 თვით ადრე დავიწყოთ ოჯახების შერჩევადა და მათი შესაბამისად კვება. ყვავილობის დაწყებამდე ოჯახს უკვე უნდა შეეძლოს ჩარჩოების მშენებლობა. 

აკაციის ღალის დაწყებისთანავე, დედა ფუტკრებს გალიაში ვამწყვდევთ, შერჩეული სკების ადგილას ვსვამთ ახალ ბიოსკებს, მასში ვფერთხავთ ფუტკრის მთლიან რაოდენობას და ვაძლევეთ გალიაში დამწყვდეულ დედებს (წინა სკის ჩარჩოებს ვანაწილებთ სხვა ოჯახებში).

როცა დავრწმუნდებით, რომ სკაში ფუტკარი გადის შესაბამის განვითარების პროცესს (დაახლოებით 4-5 დღეში), გალიიდან ვათავისუფლებთ დედა ფუტკარს.

ბიოსკაში უნდა იყოს მინიმუმ 5 უფიჭო ჩარჩო, რათა ღალის დრო ფუტკრებმა ზედ სუფთა ცვილით ახალი ფიჭები ჩამოაშენონ.

ღალის დასრულების შემდეგ, ბიო სკები გადაგვყავს შერჩეულ საფუტკრეში და თუ საშუელაბა არის, მთაში ფუტკარი მეორე აკაციის ყვავილობასაც შეხვდება.

წლის ბოლოს, აკაციის გარდა, კიდევ  წაბლისა და ცახვის ყვავილობის გავლის შემდეგ, შესაბამისი ხელშეწყობით, ჩვენ გვეყოლება მომავალი წლისათვის მომზადებული ბიოპროდუქტიული ოჯახები.

საკვები ბიო საფუტკრეში

როცა ბიოსაფუტკრეზე გვაქვს საუბარი, უნდა გამოირიცხოს საკვებდანამატის არსებობა სკაში (შაქარხსნარი, კანდი და ა.შ).

წლის ბოლოს სკაში ზამთრის სამარაგოდ აუცილებლად უნდა დარჩეს მინიმუმ 20 კილოგრამი თაფლი. 

ბიოწარმოების პერიოდში აუცილებელია მარაგის სახით 1 ოჯახზე ზამთრის პერიოდში მინიმუმ 2 ჩარჩოს შენახვა, რათა დიდი ზამთრისა და გაზაფხულზე ღალის სიმცირის გამო თავი დავიზღვიოთ ფუტკრის ოჯახის  დამშევისა და მისი დაღუპვისაგან.

დაავადებებთან ბრძოლა

ვაროოზი ფუტკრის ერთ-ერთი ძირითადი ინვაზიური დაავადებაა და სწორედ ის არის სხვა დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზი.

ბიომეურნეობაში დაუშვებელია სამკურნალო პრეპარატების იმ მეთოდებით გამოყენება, როგორც ეს ტრადიციულ მეფუტკრეობაში ხდება.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავი ვაროას წინააღმდეგ უშუალოდ სკაში წამლობისგან, უნდა დავნერგოთ შემდეგი მეთოდი:

  1. ღალიანობის დასრულებამდე რამოდენიმე დღით ადრე ოჯახებიდან ამოგვყავს დედა ფუტკრები და ვაობლებთ.
  2. 7-8 დღის შემდეგ ვანადგურებთ მასში არსებულ სადედეებს.
  3. ოჯახიდან ვიღებთ თაფლს და მასში ვტოვებთ საზამთრო მარაგს. 
  4. ოჯახების დაობლებიდან 22 დღის შემდეგ, როცა ბუდეში უკვე აღარ არის ბარტყი, ვიწყებთ ვაროას საწინაღმდეგო ღონისძიებას. ვხსნით სკის ძირს და მას ვადგამთ ამანათნაყრების მოსამზადებელ სკებზე და მეორ დილით უკვე მომზადეულ საფუტკრეში ვიწყებთ ფუტკრის ამანათებში სრულად გადასმას. ამ პროცესის სიმარტივისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ CO2 რომელიც ფუტკრის დაძინების საშუალებას მოგვცემს რამოდენომე წუთით. ფუტკრისგან განთავისუფლებულ სკებს ვამუშავებთ ჰაერის ჭავლით. ამანათებში მოთავსებულ ფუტკარს ფლუვალინატის, ამიტრაზის ან მჟავების (ჭიანჭველა მჟავა და მჟაუნამჟავა) საშუალებით ვამუშავებთ (20 გრადუსი ტემპერატურის პირობებში). დამუშავებისთვის საკმარისია 2-ჯერ 5 საათის ინტერვალით.
  5. ვაროოზზე დამუშავებული ფუტკრის ამანათს ისევ ვათავსებთ სკაზე და ვაძლევთ ახალ დედა ფუტკარს.

მსგავსი ღონისძიების გატარება საკმარისი იქნება ერთჯერ და ამავდროულად ყოველწლიურად გვეყოლება ახალი დედოფლები საფუტკრეში.

წყარო: beekeeper.ge