აგროსიახლეები

ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბოლნისში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდა და წელს მესამედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 60-მდე ღვინის მწარმოებელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – მსხვილმა კომპანიებმა, საოჯახო მარნებმა, მცირე და საშუალო მეწარმეებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე. მეხუზლას განცხადებით, ბოლნისის ფესტივალი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის სრულად ეძღვნება მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს:

„დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 32 ადგილწარმოშობის ღვინო, რაც მიუთითებს ქართული ვაზის უნიკალურობაზე. მოხარული ვართ, რომ ფესტივალი ტრადიციად ყალიბდება და წელიწადში ერთხელ, ბოლნისი ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა.“

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ადგილწარმოშობის ღვინოების კონკურსი, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულ ღვინოებს დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიანიჭა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი იმპორტიორები, ღვინის ექსპერტები, ბლოგერები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არემჯი“. მხარდამჭერები კი არიან: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი, ბოლნისის აგროცენტრი და ღვინის ეროვნული სააგენტო.