აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

ბოსტნეული კულტურების მართვა  გლობალური დათბობის პირობებში

გლობალური დათბობა კაცობრიობის წინაშე არსებული ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი შედეგების დაძლევაზეა დამოკიდებული ადამიანის  გადარჩენაც. გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურის მატებაზე მიუთითებს, ხოლო კლიმატის ცვლილება მოიცავს ყველა ზემოქმედებას, რომლებიც ახლავს ამ პროცესს, იქნება ეს ნალექიანობის ზრდა, გახშირებული და განგრძობადი გვალვები, ყინულის საფარის დნობა, თუ სხვა მოვლენები.
კლიმატი არის ერთსა და იმავე ტერიტორიულ არეალზე წლიდან წლამდე  განმეორებადი ამინდის ტიპი, რომელსაც ჰავასაც უწოდებენ.

კლიმატწარმომქმნელი გარემოებები არის მზის რადიაცია, ატმოსფეროს ცირკულაცია,  არსებული ზედაპირის ხასიათი, მათ შორის ხმელეთისა  და წყლის თანაფარდობა და ასე შემდეგ. კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა.  პირველი ჯგუფი  აერთიანებს ბუნებრივ ფაქტორებს, ხოლო მეორე ჯგუფი  დაკავშირებული არის  ადამიანების ხელოვნურ ზემოქმედებასთან.

სწორედ ეს უკანასკნელი არის მთავარი პრობლემა.

გვალვა გვალვა 2222222222222222222

საქართველოში კლიმატის ცვლილების ნიშნები მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან  შეიმჩნევა და სულ უფრო სწრაფ და მკვეთრ ხასიათს იღებს.

1986-2015 წლებში, 1956-1985 წლებთან შედარებით ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის  საშუალო წლიური ტემპერატურა  მომატებულია თითქმის ყველგან.  მხარეების  მიხედვით ეს პარამეტრი მერყეობს 0.25-0.58°C ფარგლებში,  დათბობის პროცესი  განსხვავებულია  რეგიონების მიხედვით. შედარებით ინტენსიურად ტემპერატურის  მატება შეინიშნება სამეგრელოში (ზუგდიდსა და ფოთში თანაბრად, 0.63°C-ით), ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დათბობა გამოვლინდა დედოფლისწყაროს რაიონში  (სადაც ორ პერიოდს შორის წლიური ნაზრდმა 0.73°C მიაღწია). აქვე უნდა აღინიშნოს,  რომ ტემპერატურის ზრდის გამოვლენილი ტენდენციები განსხვავებულია წლის სხვადასხვა პერიოდში. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში დათბობა უფრო  მნიშვნელოვნად გამოხატულია ზაფხული-შემოდგომის პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი)  და იანვარი-მარტის თვეებში. ეს იმ დროს როდესაც გურია-აჭარაში საშუალო  ტემპერატურა პრაქტიკულად არ იცვლება. ნალექების წლიური რაოდენობა ძირითადად  დასავლეთ საქართველოში არის გაზრდილი, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების  შემცირება ყველაზე ინტენსიურია თიანეთში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში თვის  მაქსიმუმების ჩანაცვლება ზაფხულიდან გაზაფხულზე მოხდა.  თუ ადრე ყველაზე  ნალექიანი თვე მაისი-ივნისი იყო, ახლა, უმეტეს რაიონებში, ნალექის უდიდესი  რაოდენობა მაისში მოდის. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ყველაზე მეტი ნალექი დეკემბრის ნაცვლად შემოდგომის თვეებში – ოქტომბერ-ნოემბერში ან იანვარში  მოდის.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების (ქარიშხალი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ზვავი და სხვა) მკვეთრი ზრდაც. ყოველივე  მას პირდაპირი გავლენა აქვს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და  საცხოვრებელ გარემოზე. კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების  შემცირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რასაც მოჰყვება ეკოსისტემური   შემცირება. ამის გამო, ბიომრავალფეროვნების კარგვისა და ეკოსისტემათა  დეგრადაციის შეჩერება მსოფლიოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზი ტყეების უმოწყალოდ გაჩეხაც არის. ჩვენ,  ადამიანები, თავად ვანადგურებთ თავდაცვის საშუალებას, რომელიც ბუნებამ გვიბოძა. როგორც ვიცით, ხეები ასუფთავებენ გარემოს, შთანთქავენ  ნახშირორჟანგს,  გვიცავენ ხმაურისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან.

გვალვა გვალვა 33333333333

გლობალური დათბობა სერიოზული პრობლემაა  დღესდღეობით მსოფლიოში და  რა თქმა უნდა საქართველოშიც, ეს არის მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის   საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი. მეცნიერება   გლობალური დათბობის მიზეზად  ატმოსფეროში არსებულ მავნე გაზებს ეყრდნობა. ბუნებრივი  საწვავების მოხმარების დროს გამოიყოფა საკმაოდ დიდი რაოდენობით CO2.  სათბურის ეფექტთან სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში  პირდაპირ კავშირშია, რომლის დროსაც მზისგან რა სითბოსაც  აირეკლავს უკან  ვეღარ დაბრუნდება და ამიტომ კლიმატის მკვეთრი ცვლილება ხდება. 

ადამიანების ერთი კატეგორია გლობალურ დათბობას არასერიოზულად მიიჩნევს  და ფიქრობს, რომ დღევანდელი ფუფუნება და კეთილდღეობა უფრო  მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერის დაბინძურება, მკვეთრი კლიმატური  ცვლილებები, ტოქსინებით სავსე საკვები, ეს ყველაფერი უკვე დღევანდელი  პრობლემაა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და დიდ ყურადღებას  მოითხოვს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს პლანეტა მხოლოდ ჩვენთვის არ არის შექმნილი, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ მომავალი თაობის წინაშე, როგორც  წინაპრებისგან გადმოგვეცა ისე გადავცეთ მომავალ თაობას და არა გაუარესებული,  ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის , გარემო კი არ ზემოქმედებს ჩვენზე,  არამედ ჩვენ ვზემოქმედებთ მასზე.

ამჟამად შემცირებული გამწვანებული ტერიტორიები ვეღარ უზრუნველყოფენ გარემოში არსებული ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის შეთვისებას, ამდენად მსოფლიო გლობალური დათბობის წინააღმდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე საფარის რაოდენობრივ ზრდას, როგორც ნახშირორჟანგის ძირითად ბუნებრივ  მომხმარებელს, რომელსაც შეუძლია ამ დარღვეული ბალანსის აღდგენა.

გლობალური დათბობა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირად დაიწყო. ჩვენში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნეოდა  აუტანლად ცხელი  ზაფხულები. არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ბოლო წლებში, მაგრამ დათბობის  პროცესმა „მოახერხა” და დასავლეთ საქართველოში ნალექები 27 მმ-ით შემცირდა,  აღმოსავლეთ საქართველოში – 41 მმ-ით, დასავლეთში ტემპერატურა 2°C-ით  გაიზარდა, აღმოსავლეთში კი-3°C-ით.

– თითქოს მცირე რიცხვია, სინამდვილეში კი კატასტროფული – 1 ცელსიუსით  ტემპერატურის მომატება წყლის დონის 15 სანტიმეტრით აწევას ნიშნავს.

ბოსტნეულ მცენარეთა  ზრდა-განვითარება და პროდუქტიულობა, პირველ რიგში,  დამოკიდებულია   მემკვიდრულ თვისებებზე, ადგილ-სამყოფლის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებაზე. ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი გარემო პირობებზეა დამოკიდებული. მას შეუძლია როგორც დამაჩქარებელი, ასევე შემანელებელი გავლენა იქონიოს მცენარის ინდივიდუალურ განვითარებაზე; ასეთი გავლენის მაგალითი შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურის მოქმედება რიგი ბოსტნეული მცენარეების გადასვლის დროზე ვეგეტატიური ზრდიდან ყვავილობასა და მსხმოიარობაზე.

ბოსტნეული მცენარეებისათვის სიცოცხლის ფაქტორები თანაბარმნიშვნელოვანია –არც ერთ მათგანს არ შეუძლია შეცვალოს მეორე. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორის  ინტენსიური  მატება სხვა ფაქტორების მიმართ  მცენარის  მოთხოვნილების გაზრდას  ან შემცირებას იწვევს.

სითბოს და სინათლის ფაქტორი და მათი მართვა, განისაზღვრება გეოგრაფიული  კოორდინატებით _ ადგილმდებარეობის გრძედით და განედით, ზღვის დონიდან   სიმაღლით და ა.შ, ბოსტნეული მცენარეების ღია გრუნტში გამოზრდისას, ეს ფაქტორებიძლიერ შეზღუდულია და დაყვანილია მხოლოდ ნაკვეთის რელიეფის და  ადგილმდებარეობის  შერჩევამდე.

ბოსტნეულ  მცენარეთა ცალკეული სახეობები, წარმოშობისა და მათი შემდგომი ევოლუციის მიხედვით სხვადასხვა მოთხოვნილებებს უყენებენ ტემპერატურულ რეჟიმებს.

ამასთან დაკავშირებით მათ 4 ჯგუფად ყოფენ:

1) ყინვაგამძლე და ზამთარგამძლე მცენარეები _ მრავალწლიანი ბოსტნეული მცენარეები: ტარხუნა, სატაცური, მჟაუნა, არტიშოკი, რევანდი, პიტნა, აგრეთვე ნიორი; 

2) სიცივეგამძლე მცენარეები _ კომბოსტოები, ძირხვენები, თავიანი ხახვი, ბარდა, და  ცერცვი, მწვანილეული ბოსტნეული.

3) სითბოს მომთხოვნი _ ბოსტნეული მცენარეები გოგრისებრთა და  ძაღლყურძენასებრთა -პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი- ოჯახიდან;

4) სიცხეგამძლე მცენარეები _ ლობიო, საბოსტნე სიმინდი და ბაღჩეული – საზამთრო,  ნესვი, გოგრა, ყაბაყი.

ყინვაგამძლე და ზამთარგამძლე მცენარეები უძლებენ ზამთრის ყინვებს თოვლის  საფარველის ქვეშ, იმის მეშვეობით, რომ ფესვებში და ფესვურებში მოიპოვება საკვებ   ნივთიერებათა მარაგი, რომელიც მაღლა სწევს უჯრედის წვენის კონცენტრაციას  მოზამთრე კვირტებში.

სიცივეგამძლე მცენარეებს შეუძლიათ გადაიტანონ მცირე წაყინვები აღმოცენების  ფაზაში და აგრეთვე ხანმოკლე საშემოდგომო წაყინვები პროდუქციის ხარისხის გაუარესების გარეშე.

სიცხეგამძლე მცენარეები გამძლენი არიან ისეთი მაღალი ტემპერატურის მიმართ,  რომლის დროსაც სითბოს მომთხოვნი მცენარეები ზრდას აჩერებენ.

სიცივეგამძლე მცენარეების (ასიმილაციის დროს) ორგანულ ნივთიერებათა  წარმოქმნის მაქსიმუმი, მიმდინარეობს 17-20°C ტემპერატურაზე; უფრო მაღალ ტემპერატურაზე ასიმილაცია კლებულობს. 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე   ორგანულ ნივთიერებათა რაოდენობა, რომელიც ასიმილაციის დროს წარმოიქმნება,  უთანაბრდება მათ ხარჯვას სუნთქვაზე, ხოლო 40°C-ზე ორგანული  ნივთიერების ხარჯვა სუნთქვაზე მეტია.

სითბოს მომთხოვნი მცენარეების ასიმილაციის მაქსიმუმი მოთავსებულია 20 და  30°C-ებს შორის. 40°C ტემპერატურაზე ორგანულ ნივთიერებათა შემოსავალი  ასიმილაციიდან ნაკლები ხდება სუნთქვის ხარჯზე.

მცენარეებში ზრდის სიჩქარე და სამარაგო ნივთიერებების დაგროვება დამოკიდებულია არა მარტო ტემპერატურაზე, არამედ განათებაზე, ჰაერში ნახშირორჟანგის  შემცველობაზე და სხვა პირობებზე (წყლითა და აგრეთვე საკვები ელემენტებით  მომარაგებაზე,  ამ მცენარეთათვის აუცილებელი თანაფარდობით).

ბოსტნეული კულტურების სათეს-სარგავად უნდა შეირჩეს სარწყავი,  სტრუქტურული,  ფხვიერი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი.  თუ ასეთი ნიადაგი არ არის, მაშინ საბოსტნე ადგილი ხელოვნურად უნდა გამდიდრდეს ორგანული და მინერალური სასუქით, სიდერატებისა და მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების დათესვით და სხვა.

ნაკვეთი უნდა იყოს ქარებისგან დაცული, სწორი ან მცირე დაქანებით, ადვილად  უდგებოდეს სარწყავი წყალი, ნაკლებად იყოს დასარევლიანებული მრავალწლიანი   სარეველებით. დაქანების მიმართულების გათვალისწინება, შესაბამისი ჯიშების  შერჩევა, მცენარეთა განლაგება (რიგების მიმართულება, ნარგავების სიხშირე) და  დაცვა ქარებისგან, ყოველივე ეს მყარი და ხარისხიანი მოსავლის მიღების წინა პირობაა.

გვალვა გვალვა 444444444444444444

ბოსტნეული კულტურები მოითხოვს ნიადაგის გულმოდგინედ დამუშავებას. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში. როგორც წესი, საბოსტნე ნიადაგი   წინამორბედი კულტურების ნარჩენებისგან გამოთავისუფლებისთანავე უნდა  აიჩეჩოს 4-5 სმ სიღრმეზე, რათა სარეველები გამოვიტყუოთ და 25-30 დღის  შემდეგ,  წინმხვნელი გუთნით, მზრალად მოიხნას 25-26 სმ სიღრმეზე,  ხოლო ღრმა  ნიადაგი  უფრო მეტ სიღრმეზე. მზრალი დაუფარცხავად რჩება გაზაფხულამდე. დასავლეთ  საქართველოს ყველა რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზონაში ნიადაგი  უნდა მოიხნას ზამთრის დამლევს და ადრე გაზაფხულზე, მინდვრად გასვლის შესაძლებლობისთანავე.

განმეორებითი კულტურებისთვის ნიადაგი უნდა დამუშავდეს წინამორბედი კულტურების მოსავლის აღებისთანავე. თუ ამ დროს ნიადაგი გამოგვალულია, სჯობს ნაკვეთი წინასწარ მოირწყას და როცა ზედაპირი საკმაოდ შეშრება, მოიხნას და  დაიფარცხოს.

სხვადასხვა ბოსტნეული მცენარეების ერთი და იმავე სახეობების მოთხოვნილება ნიადაგური კვების პირობების მიმართ არაერთგვაროვანია. მაგალითად, ადრეული   ჯიშები მეტად მაღალ მოთხოვნილებას უყენებენ აზოტით უზრუნველყოფას, ვიდრე  ამავე კულტურის საგვიანო ჯიშები.

ვეგეტაციის განმავლობაში ბოსტნეული მცენარეების მოთხოვნილება ნიადაგური კვების პირობებისადმი განსხვავებულია. ნიადაგის ნაყოფიერებისადმი   განსაკუთრებულად მომთხოვნი არიან ჩითილობის ფაზაში ბოსტნეულის ახალგაზრდა  მცენარეები.  ზრდა-განვითარებასთან ერთად იზრდება მათ მიერ ნიადაგიდან საკვებ  ნივთიერებათა  გამოტანა, მაგ: გამოტანა წონის ერთეულზე ახალგაზრდა მცენარეებში  2-3 ჯერ მეტია, ვიდრე ზრდასრულ მცენარეებში.

გლობალური დათბობის ფონზე, ბოლო ექვსი- შვიდი წელიწადია, ჩემი და მებოსტნე ფერმერების დაკვირვებით, მკაცრი ზამთარი 8-10 თებერვალს იწყება, ნალექი მატულობს, ტემპერატურა ეცემა. ტემპერატურის მატება იწყება მარტის დასაწყისიდან, რაც ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის ვადების 15-20 დღით ადრე  დაწყებაზე და სავეგეტაციო პერიოდის გაზრდაზე მიგვითითებს.

სავარაუდოდ, გლობალური დათბობის კატასტროფა საქართველოს ისე მწვავედ არ შეეხება, როგორც სხვა რეგიონებს,  ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ორ ზღვასა და ორ მთას   შორის არის მოქცეული. ერთი მხრივ, კასპიისა და შავი ზღვის თბილმა ჰაერმა, მეორე  მხრივ კი, კავკასიონისა და მესხეთის ქედების ფარმა საქართველოში გლობალური  ყინულის მასა არ შემოუშვა. ასე იქნება ახლაც. ზღვას ახასიათებს, ზაფხულობით  ტემპერატურა შთანთქას, ზამთარში კი გამოუშვას. ეს პროცესებს დაარეგულირებს.  აგრეთვე ადამიანი ციკლების ცვალებადობისას ვერაფერს ცვლის, მაგრამ შეუძლია  პროცესი მართოს, იზრუნოს ტყეების, ქარსაცავი ზოლების, მწვანე საფარების,  გაუდაბნოებულ ტერიტორიებზე მცენარეების გაშენებაზე, ჰაერის გასუფთავებაზე და  კლიმატის შესაბამისი ამა თუ იმ ბოსტნეული კულტურების მოყვანაზე,  თესლბრუნვაზე, კულტურათა მორიგეობაზე, მრავალკულტურიანობაზე,  ნაყოფიერების დონის ამაღლებაზე, ნიადაგის გასარწყავიანებაზე.

საქართველოში  არის ზონები, სადაც სარწყავი სისტემები არ გვაქვს  და ადგილობრივი  ტენიანობის იმედად ვრჩებით, არადა, მნიშვნელოვანი და  აუცილებელია, გაკეთდეს  სარწყავი სისტემები – დასავლეთ საქართველოშიც  ისევე, როგორც აღმოსავლეთში,  რადგან ბოსტნეული კულტურების  მორწყვა  ოქტომბერშიც საჭიროა, დეკემბერშიც,  იანვარშიც, მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი გვალვებია მოსალოდნელი.

 ნატო კაკაბაძე– სმმ  დოქტორი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ასოც. პროფესორი, სმმ აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კორდინატორი,

ნათელა მაჭავარიანი, სმმ დოქტორი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   ასოც. პროფესორი