ბოცვრის ინფექციური დაავადებები
ბოცვრის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია
აღმძვრელი — კალცივირუსი. ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ყველა ორგანოში ჰემორაგიული დიათეზით. დაავადება ვრცელდება, ძირითადად, შემოდგომა-ზამთარში, ვირუსის გადაცემა ხდება: საკვებით, წყლით, ქვეშსაფენით, ტყავითა და ტანხორცით, ნაკლებად გადადის ჰაერით. ავადდებიან ყველა ასაკის ბოცვრები და იხოცებიან 3-5 დღეში, ლეტალობა შეადგენს 100%-ს. პირველად ამ დაავადებამ იფეთქა ჩინეთში 1984 წელს, იტალიაში — 1986 წელს, ამერიკაში — 1988 წელს. სულ განადგურდა 85 000-ზე მეტი კურდღელი.
კლინიკური ნიშნები. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 48-72 სთ-ს, ადრეული კლინიკა თითქმის არ ახასიათებს, სიკვდილის წინ აღინიშნება ცხვირიდან სისხლიანი ან მოყვითალო გამონადენი, სხეულის ტემპერატურის მატება 41 გრადუსამდე, ბოცვრებს ეწყებათ ცახცახი და იხოცებიან. შინაგან ორგანოებში აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზები, ფილტვები გადავსებულია სისხლით, ბრონქებში აღინიშნება ქაფიანი ექსუდატი, შედარებით ნაკლებად აღინიშნება სისხლჩაქცევები ცხვირის ლორწოვან გარსზე, თირკმელები სისხლსავსეა, ღვიძლი ადვილად იშლება, ნაღვლის ბუშტში აღინიშნება მცირე რაოდენობის ნაღველი, ელენთა გაზრდილია მოცულობაში 3-ჯერ, ლილისფერი შეფერილობით, მკერდის არეში აღინიშნება სისხლჩაქცევები, ლიმფური კვანძები მოვარდისფროა, თავის ტვინში სისხლჩაქცევებია.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბოცვრებში მიქსომატოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ვაქცინაცია, რომელიც ბაჭიებში იწყება ერთი თვიდან და უტარდება ყველა ასაკის ბოცვერს.
ბოცვრის ინფექციური სტომატიტი (სველი ცხვირი)
აღმძვრელი — ფილტრში გამავალი ვირუსი. ავადდებიან, ძირითადად, მოზარდი ბაჭიები ასხლეტიდან 2 თვემდე, იშვიათ შემთხვევაში, ზრდასრულები. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 2-4 დღეს. დაავადება არ ხასიათდება სეზონურობით და გვხვდება წლის ყველა პერიოდში. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ავადმყოფი ცხოველები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენიანობა, ბოცვრების მჭიდრო შენახვა.
კლინიკური ნიშნები. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიწითლე, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი, მოთეთრო აპკები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმალური ლორწოვანასგან გამოყოფილს მოწითალო არშიით. ენაზე წარმოიქმნება წყლულები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს ჭარბი ნერწყვდენა, ნერწყვდენის დაწყებასთან ერთად ბაჭიები ხდებიან ნაკლებმოძრავები, უქვეითდებათ მადა, სწრაფად ხდებიან, ხშირად აღენიშნებათ ფაღარათი. დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის შემთხვევაში ბოცვრები იხოცებიან მე-4-5 დღეს.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ავადმყოფ ცხოველებს უკეთდებათ იზოლაცია, სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ არსებობს. აუცილებელია გალიებისა და ინვენტარის დეზინფექცია იოდზეფის (პოვიდონიოდი10%) ხსნარით, 1:50-100 განზავებით (100 მლ-5-10 ლიტრ წყალში გახსნილი).
ბოცვრის კოლიბაქტერიოზი
აღმძვრელი — გრამუარყოფითი ჩხირი. დაავადების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეები არიან მოზარდი ბოცვრები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს საკვები და წყალი, რომელიც დაბინძურებულია ფეკალიებით, სადაც ბუდობს ნაწლავის ჩხირის პათოგენური შტამები, ასევე ორგანიზმის დასუსტება, რომელიც ცუდი კვების შედეგია, კოქციდიებითა და პარაზიტებით დაინვაზირების დროს.
კლინიკური ნიშნები. კოლიბაქტერიოზის დროს აღინიშნება დათრგუნული მდგომარეობა, ბოცვრები ცუდად ჭამენ საკვებს, ვითარდება ფაღარათი, სწრაფად ხდებიან და 2-8 დღემდე იხოცებიან. გაკვეთისას ვლინდება ძლიერი ცვლილებები ნაწლავში, ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, შეშუპებული, ლორწოვანი და სეროზული გარსის ქვეშ სისხლჩაქცევებია, ნაწლავის სანათურში ხშირადაა სისხლიანი ლორწო. განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილებები აღინიშნება კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში, სადაც ლორწოვანა ძლიერ შუპდება და ალაგ-ალაგ აღინიშნება აშრევება.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. აუცილებელია შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, რაციონიდან უნდა ამოვიღოთ უხარისხო, აგრეთვე ნაწლავის ჩხირით დაინფიცირებული საკვები. ჯგუფური პროფილაქტიკური დამუშავებისთვის საკვებში ეძლევათ ტეტრაციკლინისა და ნიტროფურანების ჯგუფის კომბინირებული ანტიბიოტიკები, ფუროქს დოზით 1 გ-1 კგ კომბინირებულ საკვებში განზავებით 7-10 დღის განმავლობაში. ინდივიდუალური მკურნალობისთვის დაავადებული ცხოველი უნდა განცალკევდეს და დაენიშნოს გახანგრძლივებული მოქმედების საინექციო პრეპარატები: პრიმაფული, ოქსიტეტრაციკლინი 200, ამოქსაცილინი 15% და სხვ.
ბოცვრის ლისტერიოზი
აღმძვრელი — პოლიმორფული ბაქტერია. ავადდებიან მრავალი სახეობის შინაური და გარეული ცხოველები. ლისტერიოზი შეიძლება გაჩნდეს წელიწადის ყველა დროს. ავადდებიან, ძირითადად, მაკე მდედრები, დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ლისტერიოზით დაავადებული ცხოველები, რომლებიც გამოყოფენ ინფექციას ცხვირიდან გამონადენის სახით, შარდთან, ფეკალიასთან, გაბერწებულ ნაყოფთან ერთად. ლისტერიოზის მუდმივ გადამტანად ითვლებიან მღრღნელები, რომლებიც ლისტერიებით აბინძურებენ ინვენტარს, საკვებს, წყალსა და ქვეშსაფენს.
კლინიკური ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ზემწვავე, მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და ატიპური ფორმით. ზემწვავე მიმდინარეობისას მაკე მდედრი ბოცვრები უეცრად იხოცებიან. ყველაზე ხშირია მწვავე ფორმა, რომლის დროსაც მაკეობის მეორე ნახევარში მაკე ბოცვრებში ადგილი აქვს გაბერწებას ან უკანა კიდურების დამბლას, რასაც ერთვის საკვების მიღების შეწყვეტა, დასუსტება, ბეწვის აბურძგნა, სასქესო ორგანოდან გამოიყოფა მოყავისფრო გამონადენი. დაავადება გრძელდება 2-4 დღეს და თითქმის ყოველთვის სიკვდილით სრულდება. ქვემწვავე და ქრონიკული ფორმის დროს აბორტები არ ხდება, მაგრამ საშვილოსნოში ჩნდება ანთებითი პროცესები, იღუპება და იხრწნება ნაყოფი. მდედრი ბოცვრების უმეტესობა კვდება მე-10-15 დღეს, ზოგჯერ 1-2 თვის შემდეგ. ატიპური ფორმის დროს მდედრი ბოცვრები ბერწდებიან, ბადებენ მკვდარ ან ცოცხალ განუვითარებელ ბაჭიებს, რომლებიც იხოცებიან პირველივე დღეებში. გაკვეთისას საშვილოსნოში აღინიშნება გახრწნილი ნაყოფი, ღვიძლი გადიდებულია, დუნე წერტილოვანი ნეკროზული დაზიანებებით, გადიდებულია ელენთა, ნეკროზის წვრილი წერტილოვანი კერებით.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ავადმყოფი და დაავადებაგადატანილი ბოცვერი უნდა გამოცალკევდეს და დაიკლას, საკვებად ვარგისია 2-საათიანი მოხარშვის შემდეგ. მკვდარი ბოცვერი უნდა დაიწვას, გალიებსა და ინვენტარს გაუკეთდეს დეზინფექცია პრეპარატ ეკოციდი C-ს 3%-იანი ხსნარით.
ფერმაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მღრღნელების საწინააღმდეგოდ ტარდება სადერატიზაციო ღონისძიება „რატიმორის“ ან „რატეკსის“ საშუალებით. მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები. მეურნეობაში ცხადდება კარანტინი, რომელიც იხსნება 2 თვის შემდეგ, დაავადების ლიკვიდაციისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. სპეციფიკური სამკურნალო საშუალება შემუშავებული არ არის, დაავადების საწყის პერიოდში ეფექტურია სტრეპტომიცინის (პენბექსი), სულფანილამიდების (გენტაპრიმი) და დოკსაციკლინის პოლოდოქსინი) შემცველი საინექციო პრეპარატების გამოყენება.
ბოცვრის მიქსომატოზი
აღმძვრელი — დნმ-ს შემცველი ვირუსი. მიქსომატოზისადმი მგრძნობიარეები არიან გარეული და შინაური ბოცვრები და კურდღლები. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მიქსომატოზით დაავადებული და დაავადებაგადატანილი ბოცვრები და კურდღლები. დაავადების აფეთქებები უფრო ხშირად აღინიშნება ზაფხულში და შემოდგომაზე. ვირუსის ძირითადი გადამტანები არიან მწერები (კოღოები, მოსკიტები) და ექტოპარაზიტები (ტილები, რწყილები, ტკიპები). მექანიკურ გადამტანად შეიძლება ჩაითვალოს ფრინველები, ცხოველები, ადამიანი, აგრეთვე ინფიცირებული საკვები, მოვლის საგნები. ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 2-20 დღეს.
კლინიკური ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: კლასიკური (შეშუპებითი) და კვანძოვანი (ატიპური). კლასიკური ფორმის დროს ვლინდება ორმხრივი კონიუნქტივიტი, რომელიც გადადის ბლეფაროკონიუნქტივიტში, აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება, თვალებიდან ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი გამონადენი. თავზე, მკერდზე, ზურგზე უჩნდებათ შეშუპებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის. აღინიშნება შეშუპება სასქესო ორგანოებისა და ანალური ხვრელების არეში. დაავადება გრძელდება 4-10 დღე და მთავრდება სიკვდილით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 40-41,5°C-მდე. კვანძოვანი ფორმისას დაავადება მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. ბოცვრებს თავზე, ყურის ნიჟარებზე, ზურგზე, ქუთუთოებზე უჩნდებათ გამონაყარი (კვანძები), რომლებიც მე-10-14 დღეს ნეკროზირდება. ცალკეული ინდივიდები შეიძლება გამოჯანმრთელდნენ, თუმცა ხდებიან ვირუსის მატარებლები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბოცვრებში მიქსომატოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია, რომელიც ბაჭიებში იწყება ერთი თვიდან და უტარდება ყველა ასაკის ბოცვერს.
ეს საინტერესოა! პროფილაქტიკური ვაქცინაციისთვის გამოიყენება კომბინირებული (მიქსომატოზი და ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია) ცოცხალი ვირუსვაქცინა „მიქსოჰემოვიროვაკი“, დოზა 0,5 მლ სულზე, ინექცია კეთდება კუნთში ან კანქვეშ, რევაქცინაცია უტარდებათ სადედე გუნდს და მამლებს წელიწადში ორჯერ, სახორცე ხაზის მოზარდი იცრება ერთჯერადად.
ფერმაში დაავადების გაჩენის შემთხვევაში კარანტინი იხსნება 2 კვირაში. კარანტინის მოხსნის შემდეგ აკრძალულია ბოცვრების შემოყვანა 2 თვის განმავლობაში. მიქსომატოზის მკურნალობა შემუშავებული არ არის.
ბოცვრის პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია)
აღმძვრელი — გრამუარყოფითი ბაქტერია. პასტერელოზისადმი მგრძნობიარეები არიან ყველა ასაკის ბოცვრები, ინფექციის წყაროა ავადმყოფი ბოცვრები და პასტერელოზისადმი მგრძნობიარე სხვა სახის ცხოველები (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები, ფრინველები, მღრღნელები). საინკუბაციო პერიოდია 5-10 საათი.
კლინიკური ნიშნები. დაავადებულ ბოცვრებს აღენიშნებათ უმადობა, სუნთქვის გახშირება, ტემპერატურის მატება 41-41,5°C-მდე, ცხვირის ღრუდან ხშირად აღინიშნება სეროზული გამონადენი, 1-3 დღეში ბოცვრები იხოცებიან. პათანატომიური გაკვეთისას აღინიშნება წერტილოვანი სისხლჩაქცევები ფილტვებში, გულსა და ლიმფურ კვანძებში, ხშირად ღვიძლში, ნაწლავებში, თირკმელებსა და შარდის ბუშტში. ელენთა შეშუპებულია.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ავადმყოფ ბოცვრებს ჯანმრთელებისგან აცალკევებენ, გალიებსა და ინვენტარს უკეთდება დეზინფექცია, დაკლული ბოცვრების ხორცი საკვებად დასაშვებია 1-საათიანი ხარშვის შემდეგ. პროფილაქტიკისთვის გამოიყენება სპეციფიკური პასტერელოზის საწინააღმდეგო ფორმალვაქცინა. სამკურნალოდ ინიშნება პასტერელოზის საწინააღმდეგო ჰიპერიმუნური შრატი, ოქსიტეტრაციკლინისა და ამოქსაცილინის შემცველი ანტიბიოტიკები: ამოქსაცილინი 15%, ოქსიტეტრაციკლინი 200, პრიმავილინი დოზით 1 მლ/10 კგ ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით.
ბოცვრის სალმონელოზი (პარატიფი)
აღმძვრელი — გრამუარყოფითი ბაქტერია. ავადდებიან ყველა ასაკის ბოცვრები, უფრო ხშირად სამ თვემდე ასაკის მოზარდი, აგრეთვე მრავალი სახეობის ცხოველები:
_ მღრღნელები ;
_ ღორები;
_ ცხვრები ;
_ ხბოები;
_ მელიები;
_ ფრინველები.
ადამიანი ინფექციის წყაროა ავადმყოფი ცხოველები, რომლებიც ასნებოვნებენ საკვებს, წყალს, ქვეშსაფენსა და ინვენტარს.
კლინიკური ნიშნები. დაავადებულ ბოცვრებს აღენიშნებათ მოდუნება, უმადობა, ხშირია ფაღარათი, მაკე ბოცვრებში — მეტრიტები და აბორტები. დაავადება, როგორც წესი, მწვავედ მიმდინარეობს და 2-5 დღეში (უფრო იშვიათად, 2-3 კვირაში) ბოცვრები იხოცებიან. გაკვეთისას აღინიშნება კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანას ანთება, ელენთის გადაგვარება და გადიდება, საშვილოსნოს ლორწოვანას ანთება, ხოლო სეროზული გარსის ქვეშ ჩანს წვრილი ჩირქგროვები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ავადმყოფ ცხოველებს აქცევენ იზოლაციაში, გალიებსა და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას. ავადმყოფი ბოცვრის ხორცი საკვებად დასაშვებია 1,5-საათიანი ხარშვის შემდეგ. კარანტინს ხსნიან 30 დღეში, დაავადების ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. სამკურნალოდ გამოიყენება ფტორქინოლინების ჯგუფის ანტიბიოტიკები, დალევინებით ენროფლოქსი 10%, ვილფლოქსი 10%, 1 მლ/1 ლ სასმელ წყალთან განზავებით 5-7 დღის განმავლობაში, საინექციოდ ინიშნება რიბაფლოქსი 1 მლ/10 კგ ც-წ-ზე გაანგარიშებით 3-5 დღის განმავლობაში.
ბოცვრის ინფექციური რინიტი
აღმძვრელი — გრამუარყოფითი ბაქტერია. ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის, იშვიათად ბრონქებისა და ფილტვების ანთებით.
კლინიკური ნიშნები. ინკუბაციის პერიოდი 3-14 დღეა, რინიტის დროს აღინიშნება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ცხვირიდან სეროზული, მოგვიანებით კი ლორწოვანი გამონადენი, ცემინება, თათებით ცხვირის ქავილი. თუ პროცესი გავრცელდა ბრონქებსა და ფილტვებზე, მოსმენისას აღინიშნება ხიხინი. ბოცვრის გაკვეთისას ცხვირის ღრუში აღინიშნება ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტის დაგროვება, ფილტვებში სისხლჩაქცევები და ნეკროზული კერები, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება პერიკარდიტი და პერიტონიტი.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. რინიტის სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება ამოქსაცილინის, ტეტრაციკლინისა და სულფანილამიდების შემცველი პრეპარატები, (პენბექსი, ოქსიტეტრაციკლინი 200 და სხვა). ცხვირის ღრუში ჩასაწვეთებლად გამოიყენება პენიცილინის შემცველი ცხვირის წვეთები, 2-2 წვეთი თითო ნესტოში გამოჯანმრთელებამდე.
ბოცვრის მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება)
ბოცვრებში მასტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები), ასევე მექანიკური დაზიანებები და ბაჭიების მიერ სარძევე ჯირკვლების დაკბენა.
კლინიკური ნიშნები. მასტიტი თავიდან ვლინდება სარძევე ჯირკვლის დაზიანებული წილის გაწითლებითა და შეშუპებით, შემდეგ მისი გამაგრებით. სარძევე ჯირკვლის გამოწველისას გამოიყოფა სქელი რძე ჩირქის მინარევით. კანქვეშა ქსოვილებსა და სარძევე ჯირკვლებში ხშირად წარმოიქმნება აბსცესები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. მასტიტის დროს სარძევე ჯირკვლის ნაკბენების, ნაკაწრებისა თუ გამაგრების გარეგანი მკურნალობისთვის იყენებენ ქაფურის, იქთიოლის, თუთიის მალამოების შეზელას 5-10 დღის განმავლობაში, კუნთში შეჰყავთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბიოტიკები, მაგალითად, 15%-იანი ამოქსაცილინი და აინილის საინექციო საშუალებების კომბინაცია.
ბოცვრის ტულარემია
აღმძვრელი — გრამდადებითი მიკრობი. ტულარემია ცხოველის, ფრინველისა და ადამიანის საშიში ინფექციური დაავადებაა. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან მღრღნელები: თაგვები, ვირთაგვები, თრიები. ინფექციის საწყისის ძირითადი გამავრცელებლები არიან მღრღნელები, კურდღლები, ონდატრები, თახვები, ენოტისებრი ძაღლები, კაკბები და სხვა ფრინველები.
კლინიკური ნიშნები. შინაურ ბოცვრებში ტულარემია, როგორც წესი, ვლინდება არამკაფიოდ, მოგვაგონებს სტაფილოკოკოზს, ზოგ შემთხვევაში არავითარი კლინიკური ნიშნები არ შეიმჩნევა (ფარული ფორმა). პათოლოგიური პროცესი ხასიათდება ლიმფური კვანძების (ჯირკვლების) დაზიანებით, მათ ცენტრში წარმოიქმნება ჩირქგროვები, რომლებიც ხშირად სკდება. უმეტეს შემთხვევაში დაავადებული ცხოველები იხოცებიან. ტულარემიაგადატანილი ბოცვრები იძენენ ხანგრძლივ იმუნიტეტს. ბოცვრების გაკვეთისას აღინიშნება კისრის, იღლიისა და მენჯის ჯირკვლების (ლიმფური კვანძების) ძლიერი გადიდება და სისხლით გადავსება. ფილტვებში, ღვიძლში, ელენთასა და მუცლის აპკში წვრილი მრავლობითი ჩირქგროვები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტულარემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან ზომას წარმოადგენს ვეტერინარულ-სანიტარიული წესების მკაცრი დაცვა. საჭიროა ფერმის გეგმური დერატიზაცია და დეზინსექცია მღრღნელების და მწერების საწინააღმდეგოდ. ტულარემიისადმი არაკეთილსაიმედო ფერმებში ცხადდება 20-დღიანი კარანტინი. დასნებოვნებაზე ეჭვმიტანილ ყველა ბოცვერს უკეთებენ იზოლირებას, სამკურნალოდ გამოიყენება ოქსიტეტრაციკლინის ჯგუფის საინექციო ანტიბიოტიკები: ოქსიტეტრაციკლინი 200, პრიმავილინი, პრიმაფული და სხვ. დაავადებულებს კლავენ იძულების წესით.
ბოცვრის დერმატომიკოზები (ტრიქოფიტია — მიკროსპორია)
აღმძვრელი — უსრულო სოკოები. ტრიქოფიტიის ძირითადი მატარებლები არიან სახლისა და მინდვრის თაგვები, ვირთაგვები და სხვა მღრღნელები, მიკროსპორიის — კატები. დაავადებისადმი მგრძნობიარეები არიან ადამიანი, ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველი და გარეული ცხოველები. მოზარდები უფრო მიდრეკილი არიან სირსველით დაავადებისაკენ, ვიდრე ზრდასრულები. ბოცვრების დასნებოვნების ძირითადი გზაა უშუალო კონტაქტი ავადმყოფ ცხოველებსა და დასნებოვნებულ საგნებთან (გალიები, საკვები, ქვეშსაფენი). დაავადება თავს იჩენს წელიწადის ყველა დროში, უფრო ხშირად გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ნესტიან პერიოდში საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-30 დღეს.
კლინიკური ნიშნები. ყველაზე ხშირად აღინიშნება კანის დაზიანებულ უბნებზე, თავის, კისრის მიდამოებში კანის აქერცვლა და ბეწვის გაცვენა, ჩნდება წვრილი ბუშტუკები, რომლებიც მალე ხმება და იფარება მოთეთრო- -მორუხო ფუფხით. დაზიანებული უბნები თანდათან იზრდება და ფართოვდება პერიფერიისაკენ. ფარული ფორმით მიმდინარეობისას ბოცვრებში დაზიანების კერები შეიძლება აღმოვაჩინოთ ყურის ნიჟარებზე მომრგვალო ვარდისფერი უბეწვო ლაქების სახით.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტრიქოფიტიისა და მიკროსპორიის დროს არაკეთილსაიმედო მეურნეობებში ტარდება ბოცვრების კლინიკური გასინჯვა. ავადმყოფი და საეჭვო ცხოველები იკვლება სახორცედ, ხორცი გამოიყენება შეუზღუდავად. სამკურნალო-პროფილაქტიკური დამუშავების მიზნით საკვებში ემატება ბიოლოგიურად აქტიური ფუნგიციდური საკვებდანამატები, გეგმური იმუნიზაციისთვის გამოიყენება მიკროსპორიების საწინააღმდეგო ვაქცინა.
ბოცვრის ინდივიდების სამკურნალოდ დაზიანებული ადგილები და მათ ირგვლივ არე მუშავდება პოვიდონიოდის იოდზეპის 10%-იანი ხსნარით, ასევე კარგ შედეგს იძლევა ბოლო პერიოდში ნანოტექნოლოგიური სპილენძის შემცველი,,მიკოსტიკის“ სპრეი. არაკეთილსაიმედო მეურნეობებში ცხადდება კარანტინი და ტარდება დეზინფექცია ეკოციდის, იოდზეპის ან ფორმალინის გამოყენებით.
დავით ბოსტაშვილი, ვეტერინარი,
„აგროექსპერტთა ასოციაცია“