აგროსიახლეები

ბრაფორდი _ მრავალმხრივ გამორჩეული მეხორცული ძროხის ჯიში

ბრაფორდი _ მეხორცული ჯიშია, რომელიც ავსტრალიასა და აშშ-ში ერთდროულად შეიქმნა. ის წარმოიშვა ჰერეფორდის და ბრაჰმანის ჯიშების შეწყვილების შედეგად. ბრაფორდი გამოირჩევა კარგი ნაყოფიერებით, მაღალი ხორცის გამოსავლიანობით, გამძლეობით და დღეგრძელობით.
აშშ-ში ბრაფორდის ჯიშის გამოყვანის მიზანი სტაბილური და ეკონომიურად ეფექტიანი ხორცის წარმოების უზრუნველყოფა იყო. პირველი წარმატებული შეჯვარება ჰერეფორდის ხარსა და ბრაჰმანის ძროხას შორის 1947 წელს, ფლორიდაში განხორციელდა.

საწყის ეტაპზე რიგი პრობლემები წარმოიშვა: ფეხების სისუსტე, არასწორი დგომა, მხედველობის დარღვევები და ზოგადი სიცოცხლისუნარიანობის პრობლემები, თუმცა, სელექციური სამუშაოების შედეგად ის დაიხვეწა და სასურველი გენტიკის  ჯიშად ჩამოყალიბდა.

სტანდარტულად, სუფთა ბრაფორდად მიიჩნევა ის ცხოველი, რომლის გენეტიკური შემადგენლობა 3/8-ით ბრაჰმანის და 5/8-ით ჰერეფორდის სისხლს შეადგენს, 5%-იანი გადახრით. 1969 წელს აშშ-ის ფლორიდაში დაარსდა ბრაფორდის საქონლის საერთაშორისო ასოციაცია.

ავსტრალიაში, კერძოდ ქუინსლენდში, 1946-1952 წლებში ჩამოყალიბდა ბრაფორდის ცალკე გენეტიკური ხაზი, რომელშიც ჰერეფორდისა და ბრაჰმანის გენეტიკა თანაბრად _50/50 არის წარმოდგენილი.

1962 წელს ქალაქ როკჰემპტონში დაარსდა ავსტრალიის ბრაფორდის სელექციონერთა საზოგადოება.

გავრცელება

დღეს ბრაფორდის ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვი გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ რეგიონში: მალაიზიაში, პაპუა-ახალ გვინეაში, ახალ ზელანდიაში, დასავლეთ სამოაში, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში. ავსტრალიაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 2 000-ზე მეტი ბრაფორდის სუფთა სისხლის წარმომადგენელი.

ფიზიკური მახასიათებლები

ბრაფორდს ახასიათებს ძლიერი და კომპაქტური სხეულის აგებულება. შეფერილობით მოწითალო-მოთეთროა, თეთრი ფერი ჭარბობს თავზე, მუცელსა და ფეხებზე, რაც ჰერეფორდისგან მოდის. ბრაჰმანისგან კი გადმოჰყვა კისერზე არსებული კუზი, ჩამოშვებული ყურები და ელასტიური კანი. ბეწვი მოკლე და გლუვი აქვს.

გავრცელებულია როგორც რქიანი, ისე ურქო ინდივიდები. ფეხები შედარებით დაბალია.

საშუალო ცოცხალი წონა:

  • ხარი: 900-1000 კგ.;
  • ძროხა: 550-750 კგ.;
  • ხალშობილი ხბო: 30-36 კგ.;
  • ხბოს წონა, დაახლოებით 7 თვის ასაკში _ 200-270 კგ.

პროდუქტიულობა

ინტენსიური კვების პირობებში ბრაფორდები დღეში საშუალო წონამატი 2.0-2.45 კგ-ს შეადგენს.  ხორცს ახასიათებს ინტენსიური წითელი შეფერილობა და ცხიმის თანაბარი განაწილება.

ხორცის საშუალო გამოსავლიანობა _ 62-65%-ს შეადგენს. ბუღები დასაკლავად მზად,  დაახლოებით, 18 თვეში არიან.

ძროხები გამრავლებისთვის ასაკს _ 15-16 თვეში აღწევენ.

შენახვის პირობები და ადაპტაციის უნარი

ბრაფორდის ჯიშის პირუტყვი გამძლეა სიცხის, გვალვისა და ტკიპების მიმართ. ისინი ადვილად ეგუებიან სხვადასხვა კლიმატურ პირობებს, თუმცა საუკეთესო შედეგებს თბილ კლიმატურ ზონებში იძლევიან.

უპირატესობები:

  1. აქვთ კარგად განვითარებული დედობრივი ინსტინქტი;
  2. მაღალი ხარისხის ხორცი;
  3. რთულ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის უნარი;
  4. მარტივად მრავლდებიან;
  5. მდგრადები არიან, როგორც პარაზიტული ისე ინფექციური დაავადებების მიმართ;
  6. კარგად იტანენ გვალვას და მაღალ სიცხეს;
  7. სხვა ჯიშებთან შედარებით საჭიროებენ ნაკლებ მოვლ და მზუნველობას;
  8. შესანიშნავი გენეტიკური დონორები არიან, ბრაფორდის ხარის გამოყენება რეკომენდებულია სხვა ჯიშის ძროხებთან შესწყვილებლად, ვინაიდან ისინი მსუბუქი და მცირე ნაყოფით გამოირჩევიან, რაც აადვილებს მოგებას.

ნაკლოვანებები:

  1. გამოირჩევიან ცვალებადი ხასიათიდა ზოგჯერ აგრესიულობითაც;
  2. ახასიათებთ რძის დაბალპროდუქტიულობა.

ბრაფორდის ძროხები სამხრეთის ცხელ კლიმატში საოცრად პროდუქტიულები არიან. მათი ბუღბისგან სხვა ჯიშის ძროხასთან შეჯვარებით მიღებული ნაშიერები განსაკუთრებული ხარისხით  და თვისებით გამოირჩევიან, ბრაფორდი იდეალურად ეგუება ცივ კლიმატურ პირობებსაც. ძროხები შესანიშნავი ფურები და მზრუნველი დედები არიან, ხოლო ბუღები, მათი ხორცის მაღალი ხარისხის გამო, ბაზარზე ყოველთის დიდი მოთოვნით სარგებლობენ.

ბრაფორდის ჯიშის ძროხის ფასი 2500-5000 აშშ დოლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ასაკზე, ლაქტაციის ეტაპზე და გენეტიკურ-პროდუქტიულ მახასიათებლებზე.

საქართველოში ბრაფორდის ჯიშის საქონელი ბოლო წლებში თანდათანობით უფრო აქტიურად შემოჰყავთ, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც კლიმატი, სხვა რეგიონებთან შედარებით, ცოტა უფრო რთულია და ტრადიციული ევროპული ჯიშები ვერ ეგუებიან და მაღალი პროდუქტიულობასაც ვერ ავლენენ.