ბრაზილიის აგროსექტორი, მიღწევები და გამოწვევები
აგროჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაციის (IFAJ) და ბრაზილიის აგროჟურნალისტთა ასოციაციის (Agrojor) ორგანიზებით, ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს 23 ქვეყნიდან აგროკომუნიკატორებს შესაძლებლობა გვქონდა, ბრაზილიის სოფლის მეურნეობა უშუალოდ ადგილზე შეგვესწავლა.
ვიზიტის დროს გავეცანით აგროსექტორის სრულ ჯაჭვს – პირველადი წარმოებიდან დაწყებული, გადამმუშავებელი ინდუსტრიით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სამეცნიერო საქმიანობით დამთავრებული. მოვისმინეთ არაერთი საინტერესო ისტორია, გავიცანით წარმატებული ფერმერები და სპეციალისტები, მათ შორის ძლიერი ფერმერი ქალები, რომლებიც დღეს ბრაზილიის აგროსექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დაგვენახა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სრულიად განსხვავებული მასშტაბები, პოტენციალი და ის დინამიკა, რომელიც ქვეყანას გლობალურ აგრო-ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცევს.

2025–2026 წლებში ბრაზილიის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარი საყრდენია. აგრობიზნესის ექსპორტმა 2025 წელს რეკორდულ 169.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 48.5%-ია. აგროსექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 23-29%-ს შორის მერყეობს.
წარმოების მხრივ, ბრაზილიამ მაღალი მაჩვენებლები დადო 2024/2025 წლის სეზონებზე. მარცვლეულის მოსავალმა 350 მილიონ ტონას გადააჭარბა, სადაც წამყვანი კულტურებია: სოიო, სიმინდი და შაქრის ლერწამი.
საგარეო ვაჭრობაში დომინირებს ჩინეთი, რომელიც ბრაზილიური აგროპროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია და მთლიან ექსპორტში დაახლოებით მესამედს იკავებს. მნიშვნელოვანი ბაზრებია ასევე ევროკავშირი, ახლო აღმოსავლეთი და სულ უფრო მეტად, აფრიკის ქვეყნები, რაც მიუთითებს ბაზრების აქტიურ დივერსიფიკაციაზე.
ბრაზილიის კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: ფართო და ნაყოფიერი მიწები, მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, მასშტაბური აგრობიზნესის მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა – მათ შორის ზუსტი მიწათმოქმედება და ბიოლოგიური საშუალებები. ამასთან, ბოლო წლებში ქვეყანამ ასობით ახალი საექსპორტო ბაზარი გახსნა, რაც მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.
თუმცა, წარმატების პარალელურად, სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშეც დგას. გლობალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შემცირება და მაღალი საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს ფერმერების მოგებას. შედეგად, ყალიბდება პარადოქსი — მზარდი წარმოება და ექსპორტი, მაგრამ შემცირებული მომგებიანობა. ამ პრობლემების გადასაჭრელად ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო ინსტიტუციები, ისე სამეცნიერო და კვლევითი ცენტრები და კერძო სექტორი.
მინდა რამდენიმე ფერმერი, კომპანია და ინსტიტუტი გაგაცნოთ, რომელთაც ადგილზე ვესტუმრე და რომლებიც ბრაზილიის აგრობიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ბრაზილიის მეცხოველეობა, გამოწვევები და მეცნიერების როლი
ბრაზილია მსოფლიოში საქონლის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელიც მომდევნო 2 ათეული წლის განმავლობაში 35%-ით აპირებს მოცულობის გაზრდას. თავისი უზარმაზარი ტერიტორიით, ხელსაყრელი კლიმატით და ძლიერი მესაქონლეობის კულტურით, ის მზადაა მოემსახუროს გლობალური ბაზრის დიდ წილს.
მას 230 მილიონზე მეტი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს, როგორც უმსხვილესი ექსპორტიორი და სიდიდით მეორე მწარმოებელი (აშშ-ს შემდეგ), ბრაზილია გლობალური საქონლის ხორცის ექსპორტის დაახლოებით ერთ მეოთხედს შეადგენს, ხოლო 2022 წელს წარმოებამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა.
მეცხოველეობის სექტორი ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მშპ-ს თითქმის მეოთხედს შეადგენს, რაც მას როგორც ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობის დასაქმების ქვაკუთხედად აქცევს. ამ წარმოების უკან დგას კვლევითი ინსტიტუტების ქსელი, რომელიც ინოვაციებს უწყობს ხელს პროდუქტიულობის, მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მათ შორისაა Embrapa Southeast Livestock – კვლევითი ცენტრი, რომელიც საძოვრების მართვის ტრანსფორმაციის კუთხით მოწინავეა.
სან-პაულოს შტატში, სან-კარლოსში მდებარე Embrapa Southeast Livestock არ არის მხოლოდ კვლევითი დაწესებულება – ეს არის ფერმერებისთვის ცოდნის და ინოვაციების მიღების საუკეთესო ადგილი.
მთელი ბრაზილიიდან ფერმერები Embrapas-ს ექსპერიმენტულ მინდვრებში მიემგზავრებიან, რათა ინოვაცია მოქმედებაში ნახონ. ისინი აკვირდებიან და ცდიან თანამედროვე საძოვრების სისტემებს, საძოვრების სტრატეგიებს და ინტეგრირებულ მიწათსარგებლობის ტექნიკას, ბრუნდებიან საკუთარ ფერმებში და იწყებენ ახალი პრაქტიკების დანერგვას, რაც აუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და ეკოსისტემას.
Embrapa-ს მიერ წამოწყებული ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიდგომაა სილვოპასტორალური სისტემა – მოდელი, რომელიც აერთიანებს ხეებს, საკვებს და პირუტყვს ერთსა და იმავე ზონაში.
ამ სისტემებში წარმატების გასაღები სტრატეგიულ დაშორებაშია: ხეების სიმკვრივის დაბალანსება ბალახის ზრდასთან და ცხოველების კომფორტულ გარემოსთან.
ხეები რიგებში 2 მეტრის დაშორებითაა დარგული, ხოლო რიგები ერთმანეთისგან 15 მეტრის დაშორებით. შეიძლება საჭირო იყოს გამოხშირვა და მანძილი შეიცვალოს – 15×4 მ-მდე ან 30×4 მ-მდე.
რიგებს შორის უფრო ფართო, 30-40 მ მანძილი ასევე გამოიყენება უფრო დიდ სილვოპასტორალურ განლაგებებში, რათა ბალახის ზრდისთვის სინათლის ოპტიმიზაცია მოხდეს, ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს ჩრდილი და მიკროკლიმატის სარგებელი.
ეს კონფიგურაციები მიზნად ისახავს საკვების ზრდისთვის მზის სინათლის შეღწევადობის მაქსიმიზაციას, ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას და დაჩრდილული ადგილების შექმნას, რაც ამცირებს ცხოველებზე სითბურ სტრესს.
Embrapa Southeast Livestock აქვს საძოვრების ინოვაციის ექვსი საყრდენი:
- დეგრადირებული საძოვრების აღდგენა – დაბინძურებული ან არაპროდუქტიული საძოვრების აღდგენა ნიადაგის კორექციით, სასუქების გამოყენებით და ბალახის ახალი ჯიშების შეტანით;
- ბალახისა და მცენარეების გაუმჯობესული ჯიშები – მაღალი პროდუქტიულობის, კვებითი ღირებულების მქონე ბალახის ჯიშების დანერგვა;
- ბალახი + პარკოსანი მცენარეების კომბინაცია – აზოტის ბუნებრივი შენარჩუნების უზრუნველყოფა ნიადაგში და საკვების ხარისხის ამაღლება;
- სილვოპასტორალური სისტემა (ხეები + პირუტყვი) – ხეების ინტეგრირება საძოვრებში განსაზღვრული დაშორებით, რაც ქმნის ჩრდილს ცხოველებისთვის, ხელს უწყობს ბალახის ზრდას და ნიადაგის შენარჩუნებას;
- ინტეგრირებული სისტემა: კულტურა–საძოვარი–ტყე (ILPF) – ერთ სივრცეში კულტურების, საძოვრების და ხეების მართვა, რაც ზრდის მიწის ეფექტურობას და ეკოლოგიურ მდგრადობას;
- ინტენსიური მართვის პრაქტიკა – როტაციული ძოვება, მორწყვის სისტემები, საკვების კონტროლი და სხვა მეთოდები, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობას და რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
თითოეული ეს ინსტრუმენტი ჰარმონიაშია და ქმნის მდგრად, პროდუქტიულ სისტემას.
რაც შეეხება ბრაზილიაში მეცხოველეობის მეურნეობების სტრუქტურას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია:
- მცირე ფერმები ფლობენ12-50 ჰა მიწას და რამდენიმე ათეულიდან ასეულამდე პირუტყვს;
- საშუალო ფერმები –50-500 ჰა და ასეულობით სულ საქონელს;
- მსხვილი რანჩოები – ათასობით ჰექტარს და ათასობით სულ პირუტყვს.
საშუალოდ, ბრაზილიაში დატვირთვა ასეთია – 1.5 სული/ჰა-ზეა, თუმცა ინტენსიური სისტემებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. აქ მეცხოველეობაში 80%-ზე მეტი საძოვრული მოწყობაა.

ფერმერები ვალდებული არიან, რომ საძოვრების გარკვეული ნაწილი არ დაამუშაონ და ბუნებრივი მდგომარეობა შეინარჩუნონ. ეს მერყეობს 20%-დან 80%-მდე იყოს, გააჩნია რეგიონსა და გარემოს. თუ ფერმერი კანონს არ დაიცავს, შეეზღუდება წვდომა საბანკო რესურსებზე, ბენეფიტებზე, სასაკლაო ვეღარ ითანამშრომლებს და სხვა, ასევე შესაძლოა დაჯარიმდეს ან შეზღუდვები დაეკისროს. ყველა მეცხოველე ფერმერი რეგისტრირებულია ბაზაში.
რაც შეეეხება პრობლემებს, ბრაზილიის მეცხოველეობის სექტორს გამოწვევა აქვს: ტყეების განადგურება, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება, მეთანისა და ნახშირორჟანგის მაღალი გამოყოფა და დაბალი მენეჯმენტი. ანუ ეკონომიკური მოთხოვნები ხშირად ეჯახება გარემოსდაცვით სტანდარტებს, რაც ზრდის საერთაშორისო ბაზრის წნეხს და სექტორის მდგრადობის გამოწვევებს. თუმცა, ბოლო წლებში ქვეყანამ მაღალი ინტენსივობით დაიწყო გარემოსდაცვითი, ცირკულარული ეკონომიკის და სხვა ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად ისახება.
ამ ყველაფერთან გასამკლავებლად სამეცნიერო გადაწყვეტები კი ჰაერივით საჭიროა, Embrapa Southeast Livestock როლიც შესაბამისად უმნიშვნელოვანესია როგორც ფერმერის განვითარებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბრაზილია ცდილობს ფეხი აუწყოს ბაზრის მოთხოვნებს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები დროულად გადაჭრას. როცა მეცნიერება და ბიზნესი ერთად დგას, საქმეც წინ მიიწევს!
Agrindus – მერძევეობის თანამედროვე საოჯახო ფერმა ბრაზილიაში
სან-პაულოს შტატში, სან-კარლოსის რეგიონთან ახლოს მდებარეობს Agrindus (Letti) – ერთ-ერთი მსხვილი და ტექნოლოგიურად განვითარებული რძის ფერმა ბრაზილიაში.
ფერმა წარმოადგენს საოჯახო ბიზნესს, რომლის ისტორია 1945 წლიდან იწყება, როდესაც იანქების ოჯახი ევროპიდან Fazenda Santa Rita-ზე, ქალაქ დესკალვადოში დასახლდა. მეურნეობა განვითარდა რთულ პირობებში, უნაყოფო და გამოფიტულ მიწებზე, რამაც თავიდანვე განსაზღვრა მისი ძირითადი მიდგომა – რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემოსთან ადაპტაცია.
შემდეგ ათწლეულებში ფერმა ეტაპობრივად გაფართოვდა: 1950-იან წლებში დაიწყო რძის გადამუშავება, 1960-იან წლებში — ყველის წარმოება, ხოლო 1970-იანებში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბრაზილიაში კომერციულად განავითარა „B ტიპის“ რძის ბაზარი. 1990-იანი წლებიდან Agrindus გადავიდა „A ტიპის“ სისტემაზე, რაც სრულად კონტროლირებულ და დახურულ წარმოების ციკლს გულისხმობს.
2018 წელს შეიქმნა Letti-ს ბრენდი, რომელიც შეიცავს მხოლოდ A2 ბეტა-კაზეინის ცილას და მიიღება სპეციალურად შერჩეული გენეტიკის მქონე ძროხებისგან.
დღეს Agrindus-ს მართავენ ჟორჟ და რობერტო იანქები.
მეურნეობაში დაახლოებით 5 500 პირუტყვია, საიდანაც 2 500 მეწველი ფურია. საშუალო მონაწველი ერთ ფურზე შეადგენს 35-42 ლიტრს დღეში.
რძის ხარისხის მაჩვენებლები სტაბილურად მაღალია, ცხიმის შემცველობა საშუალოდ 3.5%-4.2%-ის ფარგლებშია, ხოლო პროტეინის – 3.2%-3.6%. წარმოება შეესაბამება „A ტიპის“ სტანდარტს, რაც გულისხმობს მინიმალურ ბაქტერიულ დატვირთვას და სრულ კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე.
ფერმა იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ავტომატურ წველის სისტემებს, თითოეული ცხოველის ინდივიდუალურ მონიტორინგს და კვების ზუსტი მართვის მოდელებს. ასევე, დანერგილია რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკები, მათ შორის ორგანული ნარჩენების გადამუშავება..
საწარმოო სისტემა მორგებულია რეგიონულ კლიმატურ პირობებზე. მაღალი ტემპერატურისა და სეზონური გვალვის პირობებში გამოიყენება გაგრილების სისტემები, სარწყავი ინფრასტრუქტურა და საჩრდილებელი ზონები, რაც ამცირებს სითბურ სტრესს და ინარჩუნებს პროდუქტიულობას.
ბრაზილია მსოფლიო რძის წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და წლიურად დაახლოებით 35-37 მილიარდ ლიტრ რძეს აწარმოებს. ინდუსტრია აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიის დანერგვებისა და პრემიუმ სეგმენტის მიმართულებით.
Sítio São João – ინოვაციური ფერმა
ბრაზილიაში, სან კარლოსის მახლობლად მდებარე Sítio São João ოჯახური ფერმაა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო სივრცე. აქ ყოველდღიურ შრომაში ჩანს, როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობა იყოს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი და რესურსების მიმართ ეფექტური.
ფერმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წყლის მართვაა. ადგილზე ხდება წვიმის წყლის შეგროვება და მისი გამოყენება სხვადასხვა საჭიროებისთვის. გამოყენებული წყალი კი არ იკარგება – ის ბუნებრივი ფილტრაციის სისტემით, მცენარეების დახმარებით იწმინდება და ხელახლა გამოიყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის დანაკარგს და იცავს გარემოს.
კიდევ უფრო საინტერესოა ნარჩენების მართვის სისტემა. ფერმაში დანერგილია ბიოდიგესტერული ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები, გადამუშავდება და გამოიყენება სასუქად.
ნიადაგის დაცვა და მიწის რეგენერაცია ფერმის კიდევ ერთი პრიორიტეტია. ფერმაში არ გამოიყენება ქიმიური საშუალებები, აქ სპეციფიურ მცენარეებს და ხეებს აშენებენ, რომ შეინარჩუნონ ტენიანობა, გააუმჯობესონ ნიადაგი და გააძლიერონ ეკოსისტემა.
Sítio São João-ში მიდიან ფერმერები კონსულტაციებისთვის და ადგილზე ეცნობიან პრაქტიკულ მიდგომებს. მათთვის ეს სივრცე წარმოადგენს რეალურ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მდგრადი მეთოდების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში – წყლის მართვიდან და ნიადაგის გაუმჯობესებიდან დაწყებული, ნარჩენების ეფექტურ გამოყენებამდე.
Sítio São João აქვს განათლების მიმართ პასუხისმგელობის მაღალი თამასა. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის იტენსიურად ტარდება სხვადასვა აქტივობები – ბავშვები ადგილზე ეცნობიან ეკოლოგიურ სისტემებს და სწავლობენ, როგორ მუშაობს მდგრადი სოფლის მეურნეობა პრაქტიკაში. სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისაც – მოწყობილია სპეციალური ბილიკები, რაც მათთვისაც უზრუნველყოფს გარემოს სრულფასოვან აღქმას.
ფერმა ჩართულია სხვადასხვა გარემოსდაცვით პროგრამაში, რომელიც დაკავშირებულია წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად განვითარებასთან. Sítio São João ამ მხრივ წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება კერძო სივრცე გახდეს ფართო ეკოლოგიური ინიციატივების ნაწილი.
შაქრის ლერწმის ინდუსტრია – Coplacana-ს როლი აგროსექტორში
ბრაზილია მსოფლიო ლიდერია შაქრის ლერწმის წარმოებაში და უზრუნველყოფს გლობალური მოცულობის დაახლოებით 35-40%-ს. ინდუსტრიის მთავარი ცენტრი არის სან-პაულოში, სადაც ქვეყნის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული.
ამ სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს Coplacana – კოოპერატივი, რომელიც დაფუძნდა 1948 წელს და მდებარეობს Piracicaba-ში. დღეს მას აქვს 35-ზე მეტი წარმომადგენლობა სხვადასხვა შტატში (São Paulo, Goiás, Minas Gerais, Mato Grosso do Sul და Paraná) და აერთიანებს დაახლოებით 9,000 ფერმერს.
კოოპერატივი უზრუნველყოფს აგრარულ სექტორს ტექნოლოგიური, ლოჯისტიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ფერმერებსა და ინდუსტრიას შორის.
ბრაზილიაში შაქრის ლერწმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ქვეყანაში ლერწამი მოჰყავთ დაახლოებით 10 მილიონ ჰექტარზე, ხოლო წლიური წარმოება აღწევს დაახლოებით 650-700 მილიონ ტონას.
შაქრის ლერწმის გადამუშავება მრავალპროდუქტიან მოდელზეა დაფუძნებული.
ერთსა და იმავე ნედლეულზე დაყრდნობით იწარმოება:
- შაქარი – გლობალური ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყარო;
- ბიოეთანოლი – ტრანსპორტის საწვავის მნიშვნელოვანი კომპონენტი;
- ბიოენერგია – ლერწმის ნარჩენებისგან მიღებული ელექტროენერგია;
- ბიოსასუქი – ორგანული ნარჩენებისგან მიღებული ეკოლოგიური პროდუქტი.
ინდუსტრია გამოირჩევა ზრდის ტენდენციით – წარმოების მოცულობა და ექსპორტი ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით ბიოეთანოლისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
CTC – ინოვაციების შაქრის ლერწმის ინდუსტრიაში
იქიდან გამომდინარე, რომ შაქრის ლერწამი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი კულტურაა, ადგილობრივი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტები მუდმივად მუშაობენ ჯიშების გაუმჯობესებაზე, კულტურის მართვის სისტემების ოპტიმიზაციასა და მენეჯმენტზე, რათა ფერმერებმა და ჯაჭვში ჩართულმა ყველა მონაწილემ აწარმოონ მეტი პროდუქტი და მიიღონ მზარდი და სტაბილური შემოსავალი.
Centro de Tecnologia Canavieira (CTC) დაარსდა 1969 წელს და სწრაფად იქცა ბრაზილიისა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან
ბიოტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევით ცენტრად შაქრის ლერწმის ინდუსტრიაში. მისი მთავარი მიზანია კულტურის პროდუქტიულობის ზრდა, ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების ოპტიმიზაცია.
კომპანია მიზანმინართულად მუშაობს გენეტიკურ გაუმჯობესებასა და ბიოტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე. ის სიახლეებს მუდმივად აწვდის ფერმერებს / გადამამუშავებელ საწარმოებს. CTC‑ს თანამშრომელთა გუნდი 500-მდე მეცნიერს, სპეციალისტს და ტექნიკური პერსონალს აერთიანებს.
კომპანიას ფლობს ექსპერიმენტულ ფერმებს და ლაბორატორიებს, სადაც გამოყავთ დაავადებებისადმი მდგრადი, კლიმატთან ადაპტირებული და უხვმოსავლიანი ახალი ჯიშები. CTC ასევე მუშაობს ენერგოეფექტური მართვის მოდელებზე და კვლევებსა და გადაწყვეტებს ფერმერებს აწვდის.
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა CTC‑ის ისტორიაში შაქრის ლერწმის უდიდესი ბანკია, სადაც ინახება 5000‑ზე მეტი საცდელი ჯიში.
კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვანია ბიოენერგიის და ეთანოლის წარმოებისთვისაც. CTC‑ის მიერ სპეციალურად გამოყვანილი ჯიშების პირობებში დაინერგა მეორე თაობის (2G) ეთანოლი, ასევე ცნობილი როგორც ცელულოზური ეთანოლი. ის არის მოწინავე ბიოსაწვავი, რომელიც წარმოებულია არასაკვები ბიომასისგან. პირველი თაობის ეთანოლისგან განსხვავებით, რომელიც იყენებს საკვებ კულტურებს, 2G ეთანოლი იყენებს მცენარეების ლიგნოცელულოზურ ბოჭკოებს, რაც მას უფრო მდგრად სააშუალებად აქცევს. ამ ინოვაციებიტ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ბრაზილიის როლი საკმაოდ გაძლიერდა.
ბრაზილიელი ფერმერები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!
აქ ფერმერები სულ უფრო აქტიურად ეძებენ გზებს, როგორ შეამცირონ ემისიები და ერთდროულად შეინარჩუნონ მაღალი პროდუქტიულობა. ინოვაციური მიდგომების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი Fazenda Cachoeira, მცირე ფერმა, რომელიც სრულად მიყვება დაბალი ნახშირორჟანგის წარმოების სისტემას.
ფერმას მხოლოდ 50 ჰექტარი მიწა აქვს, თუმცა წლიურად გამოჰყავს დაახლოებით 500, 000 ლიტრი ციტრუსი. ეს ადასტურებს, რომ საშუალო ზომის ფერმებიც შეიძლება იყვნენ მდგრადი და ინოვაციური. ბრაზილია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ფორთოხლის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა, განსაკუთრებულ როლს თამაშობს გლობალურ ბაზარზე. ინოვაციები ფერმებში, როგორიცაა Fazenda Cachoeira, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ბაზარზე.
როგორ მუშაობს ფერმის დაბალი ნახშირორჟანგის სისტემა?
- დაბალი ემისიების სასუქები (Yara International) – თანამედროვე სასუქები ნიტროგენის ემისიებს 23–44%-ით ამცირებს.
- ეთანოლის ინტეგრაცია – საწვავად გამოიყენება განახლებადი ეთანოლი, ხოლო წარმოების ნარჩენები ბრუნდება ნაყოფიერ სასუქებად.
- ნახშირორჟანგის დაჭერა (CCS) – CO₂-ის გამოყოფა მცირდება, რადგან წარმოების პროცესში ნახშირორჟანგს აკავებენ და ინახავენ.
- ცირკულარული რესურსების მართვა – ორგანული ნარჩენები ბრუნდება მიწაში როგორც ბიო-სასუქი.
ეს ყველაფერი ქმნის დაბალი ნახშირორჟანგის ცირკულარულ სისტემას, სადაც პროდუქტიულობა და გარემოსადმი პასუხისმგებლობა თანაბრად არის განაწილებული.
Fazenda Cachoeira ნათლად აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა სოფლის მეურნეობაში არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია!
Koppert – ბიო ინოვაციები
პირასიკაბასში (სან-პაულო) განთავსებული კომპანია „კოპერტი“ფერმერებს უსაფრთხო და მდგრად სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
კომპანია დაარსდა 1967 წელს ნიდერლანდებში და დღეს მსოფლიოს 34 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო მისი პროდუქტები ხელმისაწვდომია 90-ზე მეტ ქვეყანაში. კოპერტი იყენებს ბიოლოგიურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა სასარგებლო მწერები, ასევე მიკროორგანიზმებს, რომლებიც იცავენ მცენარეებს დაავადებებისგან და აუმჯობესებენ ნიადაგის ჯანმრთელობას.
ბრაზილიაში კოპერტის წარმომადგენლობა 2011 წელს გაიხსნა და მას უკვე 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიას მუდმივად გამოყავს ახალახალი ბიოლოგიური აგენტები.
Embrapa Instrumentação — ლაბორატორია სურსათის უვნებლობის სადარაჯოზე
Embrapa Instrumentação ბრაზილიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც მდებარეობს სან პაულოს შტატში, და რომელიც მუშაობს საკვებისა და სასოფლო‑სამეურნეო პროდუქტის შემოწმებაზე. ლაბორატორია იყენებს სპეციალურ სენსორებს, სპექტრომეტრებს და სხვადასხვა აღჭურვილობას, რომ განსაზღვროს პროდუქტის მიკრობიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პარამეტრები.
ლაბორატორია ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც ნიმუშებს აგროვებს და მონიტორინგს ატარებს, არამედ ფერმერებს და კომპანიებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ მათ ანალიზისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქტი უსაფრთხოა და აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს. თუ პროდუქტი ვერ პასუხობს სტანდარტებს, სახელმწიფო ინსპექცია კრძალავს პროდუქტის გაყიდვას ბაზარზე, შეიძლება დაჯარიმდეს ფერმერი და/ან დაევალოს საწარმოო პრაქტიკის შეცვლა.
Embrapa Instrumentação‑ში ჰყავს დაახლოებით 200 თანამშრომელი (მეცნიერები, მკვლევარები, ანალიტიკოსები, ტექნიკური პერსონალი).
ლაბორატორია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და ახორციელებს ერთობლივ პროგრამებს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, სამეცნიერო ბანაკებს და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს. ლაბორატორია ახალგაზრდების ჩართულობით ატარებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, სამოქალაქო თვითშეგნების მიმართულებით სპეციალურ პროგრამებს.
ახალი თაობის ფერმერი ქალები
ბრაზილიის პატარა ქალაქ პირასუნუნგაში მდებარე Fazenda Estância ჩვეულებრივ ფერმას არ ჰგავს. ეს არის ადგილი, სადაც ფერმაში ნიადაგის და მცენარის მაჯისცემა ზედმიწევნით ზუსტად ესმით. ფერმის უკან დგას ახალგაზრდა ქალი ალინე ბალდინ ვიკი, რომელმაც ოჯახური მეურნეობა თანამედროვე და ეკოლოგიურ მოდელად აქცია.
ფერმა 2005 წელს დააარსა მისმა მამამ, ჟოზე ვიკმა. თავდაპირველად, ეს უფრო ჰობი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში სრულფასოვან აგრო საწარმოდ ჩამოყალიბდა. 2018 წლიდან მართვა ალინემ და მისმა დამ, ნატალიამ გადაიბარეს, რამაც ფერმის ხედვა სრულიად შეცვალა.
ალინე ეკონომიკის სფეროდან მოვიდა და სოფლის მეურნეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჭრილში შეხედა. მისი მთავარი პრინციპია — ფერმა უნდა მუშაობდეს ბუნების წესებით. სწორედ ამიტომ Fazenda Estância გადავიდა რეგენერაციულ აგროკულტურაზე, რომელიც ნიადაგის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას ემყარება.
ფერმა დღეს „ცოცხალი ლაბორატორიაა“, სადაც გამოიყენება მონაცემებზე დაფუძნებული მართვა, ნიადაგის ანალიზი და ნახშირბადის ემისიის მონიტორინგი. შედეგიც თვალსაჩინოა — მაღალი მოსავლიანობა, ზოგ შემთხვევაში 25%-ით მეტი პროდუქტიულობა და უფრო გამძლე სისტემა კლიმატური ცვლილებების მიმართ.
Fazenda Estância უკვე საერთაშორისო ინტერესის ცენტრშია და მას ხშირად სტუმრობენ ფერმერები და მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ფერმა იქცა გლობალურ სასწავლო ჰაბად და ბევრ ინოვაციურ პროექტს ახორციელებს.
ალინე და ნათალია ვიკები წარმოადგენენ ბრაზილილიზელი ფერმერი ქალების ახალ თაობას — ისინი აერთიანებენ ბიზნესს, მეცნიერებასა და ეკოლოგიას.

კიდევ ერთი საინტერესო ახალგაზრდა ფერმერი ქალი სიმონე ოენი ოჯახურ ბიზნესს – Joost Kalanchoe–მამასთან და ძმასთან ერთად უძღვება. კომპანიას 11 ჰა-ზე აქვს სათბური, სადაც დეკორატიულ მცენარეებია გაშენებული და გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით.
სიმონე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან პროექტებს. სათბურში დასაქმებულია 100 ადამიანი. წარმოებაში გამოყენებულია წყლის გადამუშავების სისტემები და განახლებადი ენერგია, რაც გარემოზე ზეგავლენას ამცირებს.
ბრაზილიელ ნოვატორ ფერმერებთან სტუმრობის დროს ნამდვილად დარწმუნდები, რომ სოფლის მეურნეობის მომავალი მდგრად, გონივრულ და ბუნებასთან თანხვედრილ მიდგომებშია.
დასასრულს, ბრაზილიის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ აგროსექტორის წარმატება მხოლოდ მასშტაბსა და ბუნებრივ რესურსებზე არ დგას. ის ეფუძნება მუდმივ ადაპტაციას, ინოვაციებსა და ადამიანურ კაპიტალს, სახელმწიფო და კერო სექტორებს შორის მჭიდრო და ინტენსიურ მუშაობას. მიუხედავად კლიმატური, ლოჯისტიკური და გლობალური ბაზრების არასტაბილურობით გამოწვეული სირთულეებისა, ქვეყანამ შეძლო არა მხოლოდ პოზიციების შენარჩუნება, არამედ გაძლიერება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების სისტემაში. განსაკუთრებით, თვალსაჩინოა, ინოვაციური მიდგომები, რომლებიც აერთიანებს ტექნოლოგიას, კვლევას და პრაქტიკულ ცოდნას, ასევე ახალგაზრდების მზარდი ჩართულობა, რაც სექტორს ახალ ენერგიასა და ხედვას სძენს. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა აქცევს ბრაზილიას არა მხოლოდ აგრო-გიგანტად, არამედ მომავალზე ორიენტირებულ ლიდერად, რომლის გამოცდილებაც მნიშვნელოვან გაკვეთილებს სთავაზობს მსოფლიოს.
რუსუდან გიგაშვილი ბრაზილიიდან
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ
მომავლის ფერმერი FOF

