ბრინჯი საქართველოში – დავიწყებული კულტურა ახალი შესაძლებლობებით
ბრინჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარცვლოვანი კულტურაა, ის პოპულარულია ჩვენთანაც, თუმცა საქართველოში ის ფაქტობრივად აღარ მოჰყავთ.
ისტორიული წყაროები და ბუნებრივ-კლიმატური პირობები კი ცხადყოფს, რომ ამ კულტურას ჩვენს ქვეყანაში აღდგენის რეალური პერსპექტივა აქვს.
თანამედროვე ბაზრის მოთხოვნისა და იმპორტზე დამოკიდებულების ფონზე, ბრინჯის ადგილობრივი წარმოება შეიძლება ქართველი ფერმერებისთვის საინტერესო მიმართულება გახდეს.
ბრინჯი საქართველოში: ისტორია და პოტენციალი
ბრინჯი საქართველოში ირანიდან გავრცელდა და წარმატებით მოჰყავდათ ივრისა და ალაზნის ველებზე, ასევე აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში.
XVII საუკუნის წყაროები მოწმობს, რომ სამეგრელოში ბრინჯი ისე უხვად მოჰყავდათ, რომ ადგილობრივი მოხმარებისთვისაც კმაროდა და ექსპორტზეც გადიოდა. ეს ნიშნავს, რომ ბრინჯის კულტურა ჩვენს გარემოსთან კარგად იყო ადაპტირებული.
დღეს, კლიმატის ცვლილების პირობებში, წყლის რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებით (წვეთოვანი ან კონტროლირებადი მორწყვა) ბრინჯის მოყვანა კვლავ შეიძლება გახდეს ეკონომიკურად გამართლებული და მომგებიანი საქმე ფერმერებისთვის.
ბრინჯი განსაკუთრებით კარგად ხარობს ნესტიან, თბილ ზონებში და მძიმე, თიხნარ ნიადაგებზე, სადაც წყლის შენარჩუნება მარტივია.
საქართველოში პერსპექტიულად მიიჩნევა:
- სამეგრელო და გურია — მაღალი ტენიანობა, სწორი რელიეფი;
- აჭარის დაბლობი ნაწილი — უხვი ნალექი და თბილი კლიმატი;
- კახეთის სარწყავი ზონები (ალაზნის ველი) — კონტროლირებადი მორწყვით;
- ქვემო ქართლის ზოგიერთი მონაკვეთი — წყლის რესურსების არსებობის შემთხვევაში.
მოვლა–მოყვანის ძირითადი აგროტექნიკა
ბრინჯი ერთწლოვანი კულტურაა და სწორ აგროტექნიკას მოითხოვს:
- ითესება: მაისის დასაწყისიდან, როდესაც ნიადაგი კარგად გათბება;
- ნიადაგი: მძიმე, ნოყიერი, თიხნარი, წყლის კარგად შეკავების უნარით;
- მორწყვა: ტრადიციულად ითესება დატბორილ ნაკვეთებზე, თუმცა შესაძლებელია ალტერნატიული, ნაკლებწყლიანი ტექნოლოგიების გამოყენებაც;
- სარეველების კონტროლი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე;
- მოსავლის აღება: სექტემბერი-ოქტომბერი, როდესაც მარცვალი სრულ სიმწიფეს აღწევს.
საწყის ეტაპზე რეკომენდებულია საშუალო ან მრგვალმარცვლიანი ჯიშების მოყვან, რომლებიც უფრო სტაბილურ მოსავალს იძლევა.
საქართველო მთლიანად იმპორტირებულ ბრინჯს მოიხმარს. ქვეყანა ყოველწლიურად საშუალოდ 10-11 ათას ტონა ბრინჯს მოიხმარს. ბრინჯის ფასი (ჯიების და ხარისხის მიხედვით) 350-დან 700 აშშ დოლარამდე მერყეობს, ამიტომ ადგილობრივ წარმოებას განსაკუთრებით საინტერესო იქნება:
- რესტორნებისა და სასტუმროებისთვის;
- ორგანული და ნიშური ბაზრისთვის;
- შიდა ბაზრისათვის, ქართულ სამზარეული ბრინჯს აქტიურად და მრავალფეროვნად იყენებს.
ამასგარდა, ბრინჯი ღირებულ პროდუქტად ითვლება გადასამუშავებლადაც.
ბრინჯი საქართველოში უცხო კულტურა არ არის, ის ჩვენი აგრარული ისტორიის ნაწილია.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბაზრის მოთხოვნის პირობებში, მისი წარმოების ფერმერებისთვის, განსაკუთრებით ნესტიან და სარწყავ რეგიონებში აღდგენა რეალურ შესაძლებლობას ქმნის.
სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ბრინჯი შეიძლება გახდეს როგორც ეკონომიკური სარგებლის, ისე აგრარული წარმოების დივერსიფიცირების მნიშვნელოვანი წყარო.
მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა

