ბროკოლის ჩითილის გამოყვანა და გრუნტში გადარგვა
ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით. საქართველოში ბროკოლის მოსავალი ღია გრუნტში შეიძლება 2-3 ჯერ მოვიყვანოთ.
დახურულ გრუნტში, კასეტებში იანვრის ბოლო – თებერვლის დასაწყისში ითესება თესლი და მარტის ბოლოს 30-35 დღის ჩითილი ირგვება ღია გრუნტში მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60-70 სმ. მცენარეთაშორის 30-35 სმ., ირგვება ზოლებრივადაც.
აღმოსავლეთ საქართველოში ღია გრუნტში ბროკოლის მეორე მოსავლის მიღება შეგვიძლია, თუ თესლს მაისის 20-დან ივნისის 20-მდე ღია საჩითილე კვალზე დავთესავთ და გამოვიყვანთ ჩითილს. ნათესი ჩითილის გადარგვა მუდმივ ადგილზე კი 20 ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდში მოხდება. ბროკოლის თავის ფორმირება მათთვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში დაიწყება, მოსავალს სექტემბრის ბოლო – ოქტომბერში მივიღებთ, თუ გრძელი ვეგეტაციის ჯიშია შეიძლება მოსავალის აღებამ ნოემბერშიც გადაიწიოს.
მოსავლის მოყვანის დროს გასათვალისწინებელია, რომ თავის ფორმირება სიგრილეში უნდა მოხდეს. ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით უფრო ადვილი მოსაყვანია.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ ბროკოლის თესვის ვადების შესწავლაზე ჩატარებული ცდის შედეგები – იანვარის და თებერვლის თვეებში (თოთოეული თვეში ორი ვადა), საჩითილეში (აგურის ენერგო დამზოგავი სათბური), კასეტებში დაითესა ბროკოლის თესლი. იანვარში, პირველ ვადაში ნათესიდან გამოზრდილი ჩითილი 6 მარტს გადაირგო, როგორც გვირაბისებურ პოლიეთილენის ენერგეტიკულ სათბურში, ასევე ღია გრუნტში. პირველი მოსავალი დახურულ გრუნტში – 10 მაისი, მეორე ვადაში ნათესიდან – 16 მაისს, ხოლო მესამე და მეოთხე ვადაში ნათესიდან – 31 მაისსა და 8 ივნისს. ღია გრუნტში პირველი მოსავალი – 8 ივნისს. ღია გრუნტში ბროკოლის მოსავალი იყო 13 ტ/ჰა-ზე, დახურულში კი 15 ტ/ჰა-ზე, ორივე შემთხვევაში მოსავლი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
ბროკოლის მოვლა მოყვანის ტექნოლოგია სრულად იხილეთ აქ: http://srca.gov.ge/files/brokoli.pdf