ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ძირეული გაუმჯობესების სისტემა _ მეთოდური რჩევა-დარიგება
უნდა იცოდეთ, რომ ფერმის ინვენტარიზაციის მასალების საფუძველზე განისაზღვრება მდელოს ნაკვეთები, რომლებიც საჭიროებს ძირეულ გაუმჯობესებასა და მათზე მაღალმოსავლიანი სათიბებისა და საძოვრების შექმნას. ნათეს სათიბებსა და საძოვრებს დიდი მნიშვნელობა აქვს მდელოს სავარგულების პროდუქტიულობის ამაღლებაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური გზაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინტენსიფიკაციისა და რენტაბელური მეცხოველეობის განვითარებისათვის.
ძირეულ გაუმჯობესებას პირველ რიგში მიმართავენ ისეთ ნაკვეთებზე, რომლებზედაც ზედაპირულ ღონისძიებათა გატარება ნაკლებ ეფექტიანი აღმოჩნდა. ასეთი ნაკვეთები შეიძლება იყოს ბუჩქნარიანი, კოლბოხებიანი, დაჭაობებული, მლაშობები, დეგრადირებული და სხვ.
ძირეული გაუმჯობესების გეგმის შედგენისას აუცილებელია მელიორაციული საკითხების ცოდნა, სახელდობრ: ამოშრობის, საშრობი ქსელისა და მორწყვის სწორი გამოყენება, ირიგაციისა და დრენაჟის თავისებურებანი.
მდელოს ძირეული გაუმჯობესებისას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კულტურულ-ტექნიკურ სამუშაოებს. ფერმერმა უნდა იცოდეს, როგორ ატარებენ კულტურულ-ტექნიკურ სამუშაოებს (ხე და ბუჩქნარი მცენარეებისაგან გასუფთავებას, ხეების ამოძირკვას, ნაკაფის საძოვრული მეთოდით ათვისებას, კოლბოხების მოსპობას და სხვ.).
აუცლიბელია ნიადაგის პირველადი დამუშავების მიხედვით ნიადაგის დამამუშავებელი მანქანა-იარაღების სისტემების სწორად გამოყენების ცოდნაც, სათესი ტექნიკის, კულტურულ-ნიადაგობრივი პირობებისა და კულტურულ-ტექნიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით. საჭიროა დადგინდეს განოყიერების სისტემა. ბუნებრივი ობიექტის დამოკიდებულების მიხედვით განსაზღვრავენ ნორმებსა და ვადებს სხვადასხვა სახის სასუქის შეტანისას. აუცილებელია ფერმერი კარგად ერკვეოდეს საკვები თესლბრუნვების ორგანიზაციაში.
კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე, ფერმერმა დაახლოებით მაინც უნდა იცოდეს, ბალახის რომელი სახეობაა უმჯობესი გამოსაყენებლად. აუცილებელია გაერკვეს დაჩქარებული გამდელოების არსსა და მის სამეურნეო მნიშვნელობაში. ცნობილია, რომ ბალახნარევები უფრო მაღალ მოსავალს იძლევიან, ვიდრე ბალახის ხალასი (წმინდა) ნათესები. ამ შემთხვევაში აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ბალახნარევების შერჩევას, რომელიც შედგენილია მდელოს ტიპის, მდელოს ბალახების ბიოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების, შექმნილი ბალახნარევების მიზნობრივი დანიშნულების (სათიბი, საძოვრული, თუ სათიბ-საძოვრული), ბალახნარევების გამოყენების ხარგრძლივობის მიხედვით (მოკლე 2-3 წელი, გრძელვადიანი 4-6 წელი და მრავალწლიანი 8-10 წელი და მეტი).
აუცილებელია განისაზღვროს თესვის ნორმა და ბალახნარევში შემავალ კომპონენტთა რაოდენობა. მდელოს ბალახის თესლები განსხვავებულია აბსოლუტური წონით, ასევე სხვა ნიშნებით, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ სხვადასხვა სახის თესლის ნიადაგში ჩათესვის სიღრმე, თესვის წესები, ტექნიკა. თესვის წესის განსაზღვრისას საჭიროა გავითვალისწინოთ საფარქვეშ და უსაფაროდ კულტურის თესვის დადებითი და უარყოფითი თვისებები. საჭიროა ნათესების მოვლის წესების ცოდნა და აგრეთვე გააზრებული და დასაბუთებული უნდა იქნეს ეროზირებულ მლაშობ ქვიშებზე, ქანობ და ჭალის ნაკვეთებზე სათიბებისა და საძოვრების მოწყობის პრინციპები. ამასთან ერთად აუცილებელია ნათესი მდელოების განოყიერების სისტემის ცოდნა, საძოვართბრუნვის ორგანიზება, ელექტრომწყემსის დამონტაჟება და სხვ.
ყურადღება უნდა მივაქციოთ მდელოს ბალახების თესვის მიზანშეწონილობასა და თესვის ვადებს, თუ როგორ იქმნება თესლბრუნვის გარეშე კულტურული საძოვარი, დავადგინოთ მისი პროდუქტიულობა, ენერგეტიკული საკვები ერთეულისა (ესე) და ცილის თვითღირებულება. ხანგრძლივი ან ცვლადი საძოვრების ორგანიზაციის საკითხები საკვების შესწავლისას, საჭიროა დასაბუთებულად შევარჩიოთ ამა თუ იმ კულტურული საძოვრის ტიპი და მისი მოწყობის წესები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სარწყავი კულტურული სათიბებისა და საძოვრების შექმნას, სამამულო და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას კულტურული საძოვრების შექმნის სფეროში. აუცილებელია იცოდეთ მოწინავე კერძო ფერმერული და სპეციალიზებული მეურნეობები, სადაც არის მაღალპროდუქტიული სათიბები და საძოვრები, აგრეთვე, იმ ღონისძიებათა კომპლექსის გაცნობა, რომელიც ტარდება კულტურული სათიბებისა და საძოვრების მოსაწყობად ფერმის ადგილმდებარეობის მიხედვით.
წყარო: agriedu.ge