ბზა/buxus colchica
ბზა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. კავკასიაში გავრცელებულია ორი სახეობა: კოლხეთის და ჰირკანის ბზა. კოლხეთის ბზა კარგ გარემო პირობებში 18 მეტრ სიმაღლეს და 50 სმ. დიამეტრს აღწევს.
მერქანი ღია მოყვითალო, მკვრივი და მაგარი აქვს. ძალიან მძიმეა. მისი კუთრი წონა ერთს აჭარბებს, წყალში იძირება, მას ფართოდ იყენებენ ძვირფასი ნივთების დასამზადებლად. ამის გამო იგი წარსულში ბარბაროსულად იჩეხებოდა და დიდი ზომის ხეები დღეს იშვიათად გვხვდება.
სახალხო მედიცინაში ბზის კვირტების ნაყენს იყენებენ ბრონქიტის და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ.
ბზა თბილი ტენიან ჰავის დამახასიათებელი სახეობაა. იგი თავის არეალში უმთავრესად ღრმა და დახრილ ხეობებში გვხვდება, სადაც ნიადაგი და ჰაერი ტენით არის გაჯერებული.
საყურადღებოა, რომ იგი ამავე დროს სიმშრალისადმი შეგუების უნარსაც იჩენს.
ბაზა საკულტო მცენარედ ითვლება. ბზობა დიდი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც წინ უსწრებს აღდგომას. ეს არის მიზეზი, რომ ჩვენში ბზა ბევრგან არის გაშენებული, განსაკუთრებით ხშირად ნაგებობის შემოგარენში. იგი 20-250 მდე ყინვას იტანს. ფასანაურის ხეობაში ზღვის დონიდან 1700მ. სიმაღლეზე, კარგად ხარობს და იძლევა მომწიფებულ თესლს.
ბზა გვხვდება ქვიშნარ, თიხნარ, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე, ხევების ნაპირებზე და კლდეებზეც კი. ყველაზე უკეთესად ჰუმუსით მდიდარ კარბონატულ ნიადაგებზე იზრდება. მის არეალში თითქმის ყველგან გვხვდება კირი. აგრეთვე ხარობს უკირო, ტუტე და ნეიტრალურ, ძლიერ იშვიათად _ სუსტმჟავა ნიადაგზე.
ბაზა ჩრდილის ამტანი სახეობაა, მაგრამ სინათლეც ძალიან უყვარს. დასავლეთ საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, აღმოსავლეთში – საგურამოს და ბულაჩაურში.
მისი თესლი აღმოცენების ძლიერი უნარით ხასიათდება, მაგრამ მალე კარგავს ამ თვისებას. ნელა იზრდება, ამიტომ უკეთესია მისი ნაბარტყით, ან კალმით გაშენება.
ტრისტან ჩერქეზიშვილი