მექანიზაციარუბრიკებისტატიები

ჩაის  პლანტაციებში  სამუშაოდ  განკუთვნილი მაღალკლირენსიანი  სპეციალური  ტრაქტორი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2019-2020 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ გამოსადეგი ახალი სპეციალური ტრაქტორის შექმნის აუცილებლობა. განსაზღვრული იქნა ახალი ტრაქტორის აგროტექნიკური და კონსტრუქციული პარამეტრების ოპტიმალური სიდიდეები.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წელს შედგა ხელშეკრულება ბელარუსიის მინსკის სატრაქტორო ქარხნის სპეციალისტებსა  და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სპეციალისტებს შორის, ჩაის სპეციალური ტრაქტორის შექმნის შსახებ,  რომელზედაც მომავალში გათვალისწინებულია ჩაის კომბინირებული აგრეგატის და სხვა ტექნიკური საშუალებების  დამონტაჟება (იხ.ნახ.1) ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იყო ჩაის სპეციალური მაღალკლირენსიანი ტრაქტორის შექმნა, სერიული ბელარუს   მოდერნიზაციის საფუძელზე. აღნიშნული  სამუშაოები დაწყებულ იქნა,  შედგენილ იქნა ტრაქტორის კინემატიკური და ძრითადი კვანძების შეთანწყობის სქემები, რაც შეეხება ტრაქტორის საცდელი ნიმუშის დამზადებას, ძირითადი სამუშაოები ვერ შესრულდა მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიის  გამო.

ნახ.1 ჩაის კომბინირებული აგრეგატის სქემა, მოდერნიზებულ ბელარუს-422-ის ბაზაზე

1-სასხლავი აპარატი; 2-დამქუცმაცებელი აპარატი; 3-კარდანული გადაცემა; 4-საკიდი მექანიზმი; 5-სასუქის ბუნკერი; 6-სასუქის გამომთესი აპარატი; 7-ელექტრო ძრავი; 8-მისაფარის ბერკეტი; 9-პარალელოგრამული საკიდი მექანიზმი; 10-კულტივატორი; 11-მოდერნიზებული ტრაქტორი მტზ-422.

შემდგომ პერიოდში, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ ბელორუსიაში შერჩეული იქნა კომუნალური და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ფირმა „ბლუმინგი“, რომელთანაც ასევე გაფორმებული იქნა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ფირმა ამზადებს მაღალკლირენსიან ტრაქტორს БЛ-1500, რომლის გამოყენება შესაძლებელია ჩაის პლანტაციებში. აღნიშნულ ფირმასთან დამყარებული იქნა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა; შესწავლილ იქნა მათ მიერ გამოშვებული ტრაქტორის ჩაის პლანტაციებში მუშობის შესაძლებლობა.

ტრაქტორ БЛ-1500-ის ტექნიკური მახასიათებლები

 მაღალკლირენსიანი ენერგეტიკული საშუალება -ტრაქტორი БЛ-1500 შექმნილია ბელორუსიაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ ფირმაში – „БЛЮМИНГ”; ტრაქტორის დანიშნულებაა სხვადასხვა ოპერაციების შესრულება მაღალღეროიან კულტურებში, როგორიცაა ბამბა, თამბაქო, ჩაი და სხვა კულტურები, სადაც მოითხოვება ტრაქტორის მაღალი კლირენსი.

ტრაქტორს შენარჩუნებული აქვს 1.4 ტ. წევის კლასის წევითი მაჩვენებლები და სხვა პარამეტრები.

ტიპი ………………………….. თვლიანი;

თვლების ტიპი……………… 4×2, ან 4×4;

ძრავის ტიპი ………………….დიზელი;

სიმძლავრე  კვტ. ცხ.ძ……….60/80;

ტრანსმისია……………………მექანიკური;

წევის კლასი ტ.ძ ……………..1.4;

კლირენსი, მმ………………….1500.

ტრაქტორის სავალი ნაწილი დამონტაჟებულია ხისტ ჩარჩოზე, რომლის წინა ნაწილში განთავსებულია დიზელის ძრავი 80 ცხ.ძ  სიმძლავრის. წინა და უკანა თვლებს მაბრუნი მომენტი გადაეცემა გვერდითი ჯაჭვური რედუქტორების საშუალებით, რომლებიც ამავე დროს განაპირობებენ ტრაქტორის კლირენსის ამაღლებას. ტრაქტორი აღჭურვილია  უკანა საკიდი სისტემით და კრონშტეინებით. კაბინა დახურული და კომფორტაბელურია. ტრაქტორზე შესაძლებელია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობების  დააგრეგატება (შემასხურებელი კულტივატორი, მისაბმელი და სხვ. იხ.სურ.1.2.3.4)

 სურ.1 მაღალკლირენსიანი ტრაქტორის წინხედი       სურ.2. მაღალკლირენსიანი ტრაქტორის  უკანხედი

  სურ.3. ტრაქტორის წინა წამყვანი ხიდი                 სურ.4. ტრაქტორის უკანა წამყვანი ხიდი

ტრაქტორის საცდელი ნიმუში 2020 წელს გამოცდილ იქნა აზერბაიჯანში, ვინაიდან ტრაქტორის ჩამოტანა საქართველოში გარკვეული დაბრკოლებების გამო ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ წინასწარ ჩატარებული თეორიული ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ იქნა აღნიშნული  ტრაქტორის მნიშნელოვანი ნაკლოვანებები. აზერბაიჯანში ჩატარებული ცდების დროს გადაღებული ვიდეო მასალის და ტრაქტორის ტექნიკური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა:

  1. ტრაქტორის საგზაო საშუქის (აგროტექნიკური კლირენსი) სიდიდე, რომელიც 1500 მმ-ს შეადგენს, მნიშნელოვნად დიდია, ვიდრე ეს საჭიროა საქართველოში არსებულ ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ, სადაც ჩაის ბუჩქების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 0.8-1.0 მ-მდე. შესაბამისად არსებული ტრაქტორის გამოყენება საქართველოში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, ვინაიდან ტრაქტორის მაღალი კლირენსი  ამცირებს მისი მუშაობის უნარიანობას მთაგორიან პირობებში, განივი მდგრადობის შემცირების გამო.
  2. ტრაქტორის ჩარჩო და მისი ძრითადი კვანძები შესრულებულია მასიური დეტალების გამოყენებით, რაც მნიშნელოვნად ზრდის ტრაქტორის წონას, რომელიც აჭარბებს 4500კგ-ს. ასეთი მძიმე ტრაქტორის გამოყენება ჩაის პლანტაციებში გამოიწვევს ჩაის რიგთაშორისებში ნიადაგის ტკეპნას და მისი სტრუქტურის გაუარესებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩაის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიით.
  3. ტრაქტორის ჩარჩო და მისი ძირითადი კვანძების კომპონება ვერ უზრუნველყოფს ტრაქტორზე ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დაკიდებას, რაც გამორიცხავს ტრაქტორზე ჩაის მოვლა-მოყვანისათვის კომბინირებული აგრეგატის დამონტაჟებას. შესაბამისად საჭიროა დამატებითი საკიდების და კრონშტეინების კონსტრუირება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაკლოვანებები განაპირობებს არსებული მაღალკლირენსიანი

ტრაქტორის БЛ-1500-ის შეუთავსებლობას საქართველოში არსებულ ჩაის პლანტაციებში.  წინასწარ ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა ახალი, შედარებით მარტივი და მსუბუქი ტრაქტორის კონსტრუირების აუცილებლობა. ამ მიზნით ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ იქნა არსებული ტრაქტორის რეკონსტრუქციის ძირითადი მოთხოვნები:

  1. ტრაქტორის კლირენსი უნდა შემცირდეს და ის არ უნდა აღემატებოდეს 1000 მმ-ს, რაც მნიშნელოვნად შეამცირებს ტრაქტორის წონას და გაზრდის მის მდგრადობას მთაგორიან პირობებში, 10˚-მდე დაქანების მქონე ფერდობებზე მუშაობის დროს.
  2. ტრაქტორს უნდა ჰქონდეს როგორც უკანა საკიდი, ასევე წინა საკიდი ჰიდროსისტემები, რათა შესაძლებელი გახდეს აქტიური სამუშაო იარაღების და მოწყობილობების დააგრეგატება ტრაქტორის როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს.
  3. უნდა გაუმჯობესდეს ტრაქტორის მანევრულობის, გამავლობის და მდგრადობის მახასიათებელი პარამეტერები, როგორიცაა მობრუნების რადიუსი, სიმძიმის ცენტრის კოორდინატები და სხვ.
  4. მნიშნელოვნად უნდა შემცირდეს ტრაქტორის თვლების ხვედრითი დაწოლა ნიადაგის ზედაპირზე, შესაბამისად გაუმჯობესდეს ტრაქტორის ჩაჭიდების და წევის ძალები. ამისათვის საჭირო იქნება უფრო დიდი სიგანის მქონე საბურავების გამოყენება.

ზემოთ აღნიშნული  ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2021 წელს  გათვალისწინებულია არსებული მაღალკლირენსიანი ტრაქტორის მოდერნიზაცია და მისი მცირე რაოდენობით დამზადება ბელორუსიაში. დამამზადებელი საწარმოს დაინტერესების მიზნით საჭიროა წინასწარ განისაზღვროს საქართველოში მათი რეალიზაციის შესაძლებლობა. შესაბამისად ჩაის მწარმოებელ ფერმერებს გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი სურვილი ჩაის სპეციალური ტრაქტორის შეძენის შესახებ.

ნუგზარ ებანოიძე,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტმდ პროფ. 

მობ. 577-387-205