მექანიზაციარუბრიკებისტატიები

ჩაის საკრეფი მანქანები _ ქართველ კონსტრუქტორთა ტრიუმფი

    ჩაის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, თუმცა ეს აზრი საყოველთაოდ არ არის აღიარებული; მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სასმელი ჩინეთში 4800 წლის წინათ იყო ცნობილი. დღეისათვის ჩაი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული მასტიმულირებელი, აღმგზნები და სამკურნალო სასმელია.

ალკალოიდების მაღალი შემცველობის მქონე სულ ხუთიოდე მცენარეა ცნობილი ადამიანებისათვის: ჩაი, ყავა, კაკაო, კოლა და პარაგვაის ჩაი ანუ მატე. მათგან გავრცლების და გამოყენების თვალსაზრისით, ჩაი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა დანარჩენებს. შრომატევადობის მიხედვით, ჩაის კრეფა მთელი საწარმოო ციკლის თითქმის 70%-ს იკავებს.

ამ პროცესის მექანიზაციას ამაოდ ცდილობდა მსოფლიოს მრავალი გამომგონებელი, მათ შორის კიბერნეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიის ფუძემდებელი ნორბერტ ვინერი. დოქტორ ჰაროლდ მანის თქმით-ყველაფრის მექანიზაცია არის შესაძლებელი, ჩაის კრეფის გარდა. ამბობენ, რომ ჩაის კრეფის მექანიზაციისთვის სპეციალური ფულადი პრემია იყო გამოყოფილი, რისთვისაც ევროპის ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა 100 000 ამერიკული დოლარი, თუმცა ეს თანხა საბოლოოდ აუთვისებელი დარჩა.

საქართველოში გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა ჩაის კულტურის გაშენებას და ზოგადად მეჩაიეობის განვითარებას.

1926 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჩაი“, რომელსაც გააჩნდა 1325 ჰა ჩაის პლანტაცია, ორი სპეციალიზებული საბჭოთა მეურნეობა, სამი ფაბრიკა და ჩაქვის საცდელი სადგური.

65455933_1267988740042659_4377216941920616448_n

1930 წელს ანასეულში (ოზურგეთის რ-ნი) გაიხსნა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფილიალებით სოხუმში, ჩაქვში, ზუგდიდში, ფოთსა და ლენქორანში (აზერბაიჯანი).

  1949 წელს ქ.თბილისში, სატრაქტორო და სასოფლო-სამეუნეო მანქანათმშენებლობის ყოფილი საკავშირო სამინისტროს დაქვემდებარებაში, გაიხსნა ამიერკავკასიაში ერთადერთი, სპეციალური, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო საკონსტრუქტორო ბიურო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სამამულო ომგამოვლილი ინჟინერი, შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსი შალვა კერესელიძე. აღნიშნულ საკონსტრუქტორო ბიუროს იმთავითვე დაევალა საქართველოში გავრცელებული შრომატევადი კულტურების, მათ შორის ჩაის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ენერგეტიკული საშუალებების და მანქანათა კომპლექსის შექმნა, დამუშავება და წარმოებაში დანერგვა.

საქართველოში, 1930 წლიდან ცდილობდნენ საკუთარი ჩაის საკრეფი მანქანის შექმნას, თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მანქანა უნდა ყოფილიყო მისაბმელი, რომელსაც ცხენი ან ტრაქტორი გაწევდა. კონსტრუქტორებისთვის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მანქანას მხოლოდ ხარისხიანი ჩაის ფოთოლი (დუყები) უნდა მოეკრიფა, ნორჩ და უხეშ ფოთლებს არ უნდა შეხებოდა, თუმცა ამის მიღწევა თავდაპიველად ვერ მოხერხდა.

გასული საუკუნის 40-იან წლებში ინგლისურმა ფირმამ „ტარპენმა“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა „მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა“, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მას ზუსტად იგივე ნაკლი ახასიათებს, რაც ქართველი კონსტრუქტორების მიერ შექმნილ ჩაის საკრეფ პირველ მანქანას.  ქართველი კონსტრუქტორები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ. ხანგრძლივი ცდებისა და ექსპერიმენტების შემდეგ, გადაუჭრელ მსოფლიო პრობლემად აღიარებული, ჩაის ფოთლის შერჩევითი კრეფის მექანიზაციის პრობლემა წარმატებით გადაწყდა.

  1962 წელს ჩაის საკრეფი მანქანის ახალმა მოდელმა ჩმკ-62, წარმატებით გაიარა სახელმწიფო გამოცდები და მიიღო ოფიციალური რეკომენდაცია მანქანათა საგამოცდო სპეციალური სახელმწიფო სადგურებისგან, ხოლო 1963 წელს გაუმჯობესებული მოდელი, ჩსნ-1.6/1.3 „საქართველო“ გამოშვებულ იქნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხნების მიერ 100 ცალის რაოდენობით და დაინერგა ჩაის მეურნეობებში.

1965 წელს, ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველოს“ შემქმნელი კოლექტივი დაჯილდოვდა, მაშინ ფრიად პრესტიჟული ლენინური პრემიით. მალე „საქართველომ“ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

1966 წელს ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველო“, ორიგინალური სამუშაო ორგანოებისა და მაღალი დონის ტექნიკური  გადაწყვეტილების გამო, მონრეალის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველო“ შედგება ჩაის ფოთლის საკრეფი აპარატის და მისი დაკიდების სისტემისაგან. მუშაობის პროცესში, შპალერის ზედაპირზე საკრეფი აპარატის უკეთ მორგების და მოსაკრეფი დუყების მიმართ მუშა ორგანოების უკეთ განლაგების მიზნით, მანქანა აღჭურვილია ჰიდროფიცირებული მოთვალთვალე სისტემით. ჰიდრომეთვალთვალე სისტემის სწორ მუშაობაზე ბევრადაა დამოკიდებული ჩაის ფოთლის საკრეფი მანქანის მუშაობის, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლები. მუშაობის პროცესში საკრეფი აპარატის მუშაორგანოები ღრმავდებიან ბუჩქებში და სავარცხელას უძრავი და მოძრავი თითები რეზინის სადებებით იწყებენ ჩაის დუყების მოსინჯვას ქვევიდან ზევით. მოსინჯვის პროცესში ხდება დუყების გადატეხვა, იქ სადაც ნაზი ნაწილი გადადის უხეშში, ვინაიდან მოძრავი თითის 8 რეზინის  სადები 9 ძლევს დუყის დრეკადობის წინაღობას, ჩაღუნავს და გადატეხს უძრავი თითის 6 ხისტ საყრდენებს შორის (იხ. ნახ.2). ნახაზზე ნაჩვენებია ჩაის საკრეფი მანქანის “საქართველო” მუშაობის ტექნოლოგიების სქემა.

ნახატი ორი 22222222222222222

ნახ.2. ჩაის ფოთლის საკრეფი მანქანა ჩსნ-1.6/1.3 „საქართველოს“

მუშაობის ტექნოლოგიური სქემა

  1. შემკრები ჰაერგამტარი; 2. გოფრირებული მილი; 3. შემწოვი მილყელი; 4. ცენტრიდანული ვენტილიატორი; 5. საკრეფი სავარცხელა; 6. უძრავი თითი; 7. ჰიდრომოთვალთვალე სისტემის პლატფორმა; 8. მოძრავი თითი; 9. რეზინის სადები; 10. მჭრელი დანა; 11. საცვლელი ბუნკერი; 12.ძირითადი ბუნკერი.

1971 წელს ქ.თბილისში, სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ყოფილი საკავშირო სამინისტროს დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი „ვნიგორსელმაში”, პროფ. შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით.

1972 წელს ინსტიტუტ „ვნიგორსელმაშის“ სპეციალისტების მიერ სერიულ წარმოებაზე იქნა დაყენებული ვაკესა და ფერდობებზე განლაგებულ მცირეკონტურიან ნაკვეთებში სამუშაოდ განკუთვნილი ჩაის ფოთლის საკრეფი, აგრონომ ნიკოლოზ კოსტავას კონსტრუქციის მცირეგაბარიტიანი თვითმავალი მანქანა ჩა-900/650, საცვლელი მუშა ორგანოებით: დუყების სიმაღლის მიხედვით შერჩევით კრეფისთვის, შპალერული და ნახევრადმძიმე გასხვლისათვის, რიგთაშორის კულტივაციის და მინერალური სასუქების შეტანისთვის. (იხ.ნახ.3).

თვითმავალი მცირეგაბარიტიანი მანქანა ჩა-900/650-ის სავალი ნაწილი წარმოადგენს 8ცხ.ძ. სიმძლავრის შიგა წვის ძრავით აღჭურვილ სამთვლიან შასს, რომლის ორიგინალური კონსტრუქციის ჩარჩო შესრულებულია სახსრული პარალელოგრამის სახით, რომელიც საშუალებას იძლევა ფერდობებზე შენარჩუნებულ იქნას სავალი ნაწილის ვერტიკალური მდებარეობა. მანქანის სამთვლიანი სავალი ნაწილი განაპირობებს მანქანის მოხვევის მინიმალურ რადიუსს, რის გამოც მისი მუშაობისათვის საკმარისია საქცევების ბოლოში 2-3 მეტრი სიგანის მოსაბრუნებელი ზოლის არსებობა. ეს კი გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მცირეკონტურიან ნაკვეთებში მუშაობის დროს.

ნზატი სამი 3333333333333

                                ნახ.3. ჩაის ფოთლის საკრეფი თვითმავალი მანქანა ჩა-900/650-ის სქემა  (წინხედი)

1. შიგაწვის ძრავა; 2.ჩაის ფოთლის საკრეფი აპარატი.

    მანქანის სამუშაო ორგანოებს წარმოადგენენ მჭრელი სეგმენტები, რომელთა წინ დაყენებულია დამცავი ულვაშები, მანქანა ჭრის და იღებს გარკვეული სიმაღლის დუყებს. მანქანის მუშაობის დროს სამუშაო ორგანოები ეშვებიან ფოთლის საკრეფ ზედაპირამდე. ტარაბუას რეზინის ფრთებით გადაიღუნება მაღალი დუყები შესარჩევ ლილვაკამდე. დაძლევენ რა დამცავი ულვაშების წინაღობას, ისინი ხვდებიან მჭრელ სეგმენტში, მოიჭრებიან და იმავე რეზინის ფრთებით გადაიტყორცნებიან დანების უკან არსებულ ღარში, რომელშიც მოძრაობს ჩანგლებიანი ტრანსპორტიორი, რომელსაც მოკრეფილი ფოთლები გადააქვს ბუნკერში. დაბალი, ჯერ კიდევ შემოუსვლელი 1-2 ფოთლიანი დუყები და ცალკული ფოთლები დამცავი ულვაშებით გადაიღუნებიან წინ, მანქანის სვლის მიმართულებით და აცდებიან მჭრელ სეგმენტებს. ამრიგად ჩა-900/650-ით შესაძლებელია დუყების ზომის მიხედვით ერთგვაროვანი მასალის მიღება. ნახ.4-ზე მოცემულია  ჩა900/650-ის ჩაის ფოთლის საკრეფი აპარატის მუშაობის ტექნოლოგიური სქემა.

ნახატი ოთხი 44444444444444444444

  ნახ. 4.  ჩა 900/650 -ის მანქანის ჩაის საკრეფი აპარატის  მუშაობის ტექნოლოგიური სქემა.

  1. ტარაბუა; 2. რეზინის ფრთიანა; 3. შერჩევითი ლილვაკი; 4. უძრავი რკალი თითებით და დამცავი ულვაშებით; 5. მოძრავი რკალი მჭრელი სეგმენტური დანებით.

გარდა ზემოთ აღწერილი მანქანებისა, გასული საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი კონსტრუქტორების მიერ დამუშავებულ და წარმოებაში დანერგილი იქნა ჩაის კულტურის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი 20 -მდე სხვადასხვა დანიშნულების მანქანები, აპარატები და მოწყობილობები, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა მექანიზაციის დონე მეჩაიეობაში და საქართველო ითვლებოდა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად მეჩაიეობის დარგში.

ჩაის ფოთლის საკრეფი სპეციალური მანქანების ნაცვლად იყენებდნენ საკოფეინე მასალის ამღებ, ზემაღალი წარმადობის მქონე „პბკ-1“ მარკის მანქანას, რამაც გამოიწვია ქართული ჩაის ხარისხობრივი მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესება, რის გამოც რეალიზაციის ბაზრებს მოკლებულმა საქართველოს მეჩაიეობა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მკვეთრად დაეცა.

ამ მიზნით გარკვეულ მუშაობას აწარმოებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, აგრო-საინჟინრო კვლევის სამსახური, სადაც ბოლო წლებში დამუშავდა და გამოიცადა ჩაის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი კომბინირებული აგრეგატი, რომელიც ერთდროულად ასრულებს ოთხ ოპერაციას (ბუჩქების ფორმირებას-გასხვლას, ნასხლავი მასის დაქუცმაცებას, მინერალური სასუქის შეტანას და რიგთაშორისებში ნიადაგის დამუშავებას). ამჟამად, ბელორუს სპეციალისტებთან თანამშრომლობით მუშავდება ჩაის პლანტაციებისთვის განკუთვნილი სპეციალური მაღალკლირენსიანი ტრაქტორი, რომელზედაც დააგრეგაგატდება ჩაის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების აპარატები და მოწყობილობები.

ნუგზარ ებანოიძე,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის

აგროსაინჟნრო კვლევის სამსახურის უფროსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი