დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

ჩავლილი 2023 წელი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში

2011 წლიდან მოყოლებული ქართველ მკითხველს ყოველი წლის ბოლოს ვთავაზობთ ვაზისა და ღვინის სფეროებში მომხდარი ამბების მოკლე მიმოხილვას. მოვლენები ამ მხრივ გასულ წელსაც საკმაოდ მრავლად იყო. ამიტომ ჩვენ ძირითადზე შევჩერდებით და შემოგთავაზებთ ზოგიერთ ამ მოვლენათა ჩვენეულ განხილვა-შეფასებას.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ვაზისა და ღვინის სფერო პრობლემათა ზღვის ფსკერზე ძევს. ყველაზე დიდი გასაჭირი ჩვენს მევენახეობას, უფრო კონკრეტულად ამპელოგრაფიას დასდგომია და მეცნიერების ეს დარგი, შეიძლება ითქვას, ბოლომდეა განადგურებული. მით უფრო სამწუხაროა ის, რომ ამ დარგის სპეციალისტები ფაქტობრივად არა გვყავს. ჩვენი ქვეყნისა და კულტურისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმე ჯერჯერობით მთელი სვლით მიდის უკან. რა თქმა უნდა, არის გამოსავალი და შესაძლოა, ამ მხრივ არაერთი გზაც კი მოიძებნოს. უპირველესად უნდა დაფიქსირდეს დღეს არსებული სიტუაცია. დასადგენია თუ სადა ვართ და საერთოდ რასა ვფლობთ ქართული ვაზის ჯიშების მხრივ? შემდგომი ნაბიჯები ის გახლავთ, რომ შეირჩნენ სტუდენტები და გაიგზავნონ უცხოეთში სასწავლებლად, რათა იქ შეისწავლონ ამპელოგრაფია და ძირეულად დაეუფლონ ამ სფეროს. შემდგომად უნდა მოხდეს ამ კადრების რეგიონებში განაწილება. მაგალითად, მესხეთი უნდა ჩაბარდეს ერთს რომელსამე კადრს, რათა მიხედოს საქართველოს ამ კუთხეს; იმერეთი მეორეს და ასე სხვა რეგიონებიც… ყოველი შემთხვევისათვის ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება! ეს გახლავთ თითოეული ქართველის საქმე და არა კონკრეტულად ერთი ან ორი ადამიანისა ან რომელიმე კანტორისა.

მოგეხსენებათ, ავადმყოფობა დამალვით არ იკურნება! ჩვენი მიზანი არ არის ვინმე კონკრეტული პირების მხილება, არამედ შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამოსავლის ძიება და მსჯელობა. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმისი საშუალება, რომ ამ საგნის დასაუფლებლად ახალგაზრდები უცხოეთში გააგზავნოს სასწავლებლად.

გიორგი ბარისაშვილი 11

ორი სიტყვით შევეხოთ გასული წლის კლიმატურ პირობებს მევენახეობის მხრივ. სეტყვაზე რომ არაფერი ვთქვათ, გასული წლის გაზაფხული და ზაფხული ურთულესი აღმოჩნდა მთელი საქართველოს მევენახეობის რეგიონებისათვის. იგივე პრობლემა (ჯერ გვალვები და შემდეგ ძლიერი წვიმები) ევროპელ მევენახეებსაც დაუდგათ. ჩვენთან კი უპირატესად გადაუღებელი წვიმები იყო პრობლემა, რამაც მევენახეები ძალიან დააზარალა. ზოგ ადგილებში მევენახეებმა მოსავალი საერთოდ ვერ მიიღეს. ფაქტია, რომ შემოტანილი პრეპარატები რიგ შემთხვევებში უხარისხოა. ეს სამწუხარო რეალობა ცოტა „ზემოდან“ იმართება და ამ პრობლემის მოგვარება იოლი საქმე არ არის. მეორე მხრივ ჩვენ ვდგავართ მწარე რეალობის პირისპირ. ესაა უცოდინარობა და ეს პრობლემა მთელი ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვისაა აქტუალური და მტკივნეული. სულ უფრო და უფრო იშვიათია მევენახეობის დარგის სპეციალისტი… ვაზის წამლობების, აგროტექნიკის, მწვანე ოპერაციების, მავნებელ-დაავადებების, ვაზის ნაკლოვანებებისა და სხვათა მხრივ დარგობრივი ცოდნა ნულამდეა დასული. ამ პრობლემებმა შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმუმს მიაღწია, რასაც ემატება მუშახელის ნაკლებობა და ასევე თანამედროვე ტექნიკის უქონლობა. დღეს საქართველოში ძირითადად „ვერმახტის“ დროინდელი ტექნიკა შემოდის. არადა როგორი საჭიროა ჩვენთვის თანამედროვე ტექნიკა. ერთი სიტყვით ქვეყნის მევენახეობა დიდი პრობლემების წინაშე დგას, რასაც შველა ესაჭიროება.

ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ისიც გახლავთ, რომ დღეისათვის შინამრეწველობის ისეთ მნიშვნელოვან დარგს, როგორიც მექვევრეობაა დიდი პრობლემები დასდგომია. დღევანდელი ქვევრების ხარისხი ძალიან მოიკოჭლებს და ნაკლებად თუ ვნახავთ ხარისხიანი ქვევრით კმაყოფილ მემარნეს. არადა მეღვინეობის სფეროში არაერთი ორგანიზაცია ტრიალებს და არა მგონია, რომ ამ საგანზე სამსჯელოდ, რომელიმე მათგანმა მაგიდასთან დაჯდომა დაიზაროს. რა თქმა უნდა ამ საქმეში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს და საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა და მათი განხორციელება ერთობლივად უნდა დაიგეგმოს. ფაქტია, რომ ქვევრის ხარისხი დაეცა და ეს საქმეც, ამპელოგრაფიისა არ იყოს, უკან მიდის. რა დანადგარები და მექანიზმებია ხარისხიანი ქვევრის მისაღებად საჭირო და როგორ უნდა მოხდეს მათი შეძენა და ადგილზე დამზადება? აი ის კითხვები, რაზეც მსჯელობა სასწრაფო საგნად მიგვაჩნია. მით უფრო, რომ ქვევრები უცხოეთშიც გაედინება, ხოლო დიდი მოწონებით ვერც ევროპის ქვეყნებში სარგებლობს ქართული ნაწარმი. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ამით ფონს ვერ გავალთ! არსებულ პრობლემაზე სახელმწიფოს, მემარნეთა, მექვევრეთა და მეღვინეთა მხრიდან ერთობლივი მსჯელობა, აი აქედან დაიწყება ამ საქმის გამოსწორება…

რაც შეეხება მეღვინეობის დარგს, ეს მიმართულება საკმაოდ რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება. ეს განვითარება უპირატესად ოჯახური მარნების დამსახურებაა. ღვინის მსოფლიო სამყარომ ჩვენ სწორედ მაშინ გაგვიცნო, როდესაც ტრადიციული ქვევრ-მარნების აღორძინება დაიწყო. ამ მცირე დროში ჩვენს ქვეყანაში ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

შევეხოთ მეღვინეობის შიდა და უცხოეთის გამოფენებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნატურალური ღვინის ფესტივალი „RAW WINE“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და სადაც სულ უფრო და უფრო მეტი მემარნე იღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნიდან. ამას ჩვენი ტრადიციული მეღვინეობის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს! ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება ბერლინში, ლონდონში, პარიზში და სხვ. ასევე აღნიშვნის ღირსია „Orange Wine festival“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში იმართება და სადაც ქართველებიც იღებენ მონაწილეობას (ვფიქრობთ, რომ საქართველო მზადაა, რათა ახლო მომავალში უმასპინძლოს ამგვარ ღონისძიებებს). რაც შეეხება შიდა გამოფენებს, ამ მხრივ გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო. ამ გამოფენებს შორის ყველაზე მასშტაბური „ახალი ღვინის ფესტივალია“. ღონისძიება საქართველოს ღვინის კლუბის ეგიდით ტარდება, რაც მეორე მხრივ ღვინის ნამდვილ სახალხო დღესასწაულს წარმოადგენს. მაგალითად 2023 წლის ფესტივალი წვიმიანი იყო, მაგრამ ამ დღემ სრული დატვირთვით ჩაიარა და, უამინდობის მიუხედავად, უამრავი სტუმარი მოვიდა. „ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზატორობით ჩატარდა ორი დიდი გამოფენა: „ნულოვანი კომპრომისი“, ანუ ეგრეთწოდებული „ზერო“ და „ამერ-იმერი“. ამ ღონისძიებებს ყოველწლიური ხასიათი აქვთ და, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველივე დიდსა და კარგ საქმესაც აკეთებს ქართული ტრადიციული მეღვინეობის განვითარებისათვის. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ „ამერ-იმერი“ ტარდება დასავლეთ საქართველოში, იმერეთში. კარგი იქნება თუ ასოციაციის მმართველი ჯგუფი იზრუნებს, რომ შეცვალოს თბილისის ღონისძიების ყოვლად მიუღებელი სახელი „ზერო“. ამ გამოფენას აქვს სხვა, საკმაოდ გრძელი სახელი, მაგრამ მას, რატომღაც ყველა „ზეროს“ სახელით მოიხსენიებს, რაც მიუღებლად მიგვაჩნია!

გასულსავე წელს ლეჩხუმში (ცაგერი) ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი. ასევე გურჯაანის ღვინის ფესტივალი; ბოლნისის ღვინის ფესტივალი… ამგვარ გამოფენებს რეგიონების გამოცოცხლებისათვის და რაც მთავარია ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ჩატარდა ოქონობის დღისადმი მიძღვნილი ღვინის დღე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება იმერეთში (თერჯოლა). გასულ წელს ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოსგანაც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყო ღვინის კვირეული და რეგიონებში გაიმართა ღვინის გამოფენები. ღვინის კლუბის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კიდევ ერთი ღონისძიება „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“. აღვნიშნავთ ასევე ტრადიციადქცეულ გამოფენასაც, რომელიც იმართება „ექსპოჯორჯიას“ ეგიდით. ამ გამოფენას 2023 წელს განსაკუთრებით დიდი მასშტაბი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ასოციაცია „ქართული ღვინის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“. ამ კონკურსში გასულ, 2023 წელს ქართველებთან ერთად არაერთმა უცხოელმა მემარნემაც მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

მისასალმებელია სახელმწიფოს ინიციატივა ბიოწარმოების და კონკრეტულად ბიომევენახეობის განვითარების ხელშეწყობის მხრივ. ამ საქმიანობაში უშუალოდ ჩართულია სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო. ჩვენი ქვეყნის ბიომევენახეობას, რომელი მიმართულებაც საკმაოდ რთულად ვითარდება, განსაკუთრებით ესაჭიროება დახმარება და ამ მხრივ სახელმწიფოს ინიციატივა მეტად სასიკეთოა.

ჩვენ 2022 წლის მევენახეობა-მეღვინეობის განხილვაში აღვნიშნეთ, რომ ჩასასწორებელია დოკუმენტი – ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ. სამწუხაროდ, ეს მტკივნეული საკითხი ისევ მოუგვარებელია. გვინდა ვთქვათ, რომ დოკუმენტი შეიცავს ყოვლად სამარცხვინო შეცდომებს, რაც დროულ მოგვარებას საჭიროებს. საერთოდ ამგვარ მნიშვნელოვან საკითხებზე ყველას რომ არ ჰქონდეს შეხება სამომავლოდ მაინც იქნება კარგი…

გასულ წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდა რთვლისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, რაც მისასალმებელია. ამ მხრივ სამუშაოები წინაა, რადგან ვაზისა და ღვინის სფეროდან ბევრი საგანია, რაზეც შესაძლებელია ამ მხრივ მსჯელობა და ფიქრი. ხოლო რთველი კი, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ნამდვილად იმსახურებდა ხსენებული სტატუსის მინიჭებას.

ცვლილებებსა და ჩასწორებებს საჭიროებს, ასევე, საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ…

ეხლა კი თვალი გადავავლოთ გასული წლის გამოცემებს ვაზისა და ღვინის სფეროში. პირველ რიგში მინდა შევეხო გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემულ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში“, ივანე ჯავახიშვილი. გამოცემა საკმაოდ მოცულობითია და შედგება 500-ზე მეტი გვერდისგან. მასში შესულია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შრომები საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიის სფეროდან. ეს გამოცემა უდავოდ უნდა ჩაითვალოს წლის მოვლენად!

ასევე, გამომცემლობა არტანუჯის მიერ გასულსავე წელს გამოიცა განმეორებითი ტირაჟი წიგნისა „მარანი ქვევრი ღვინო“. ავტორი . ბარისაშვილი.

საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცემაა „Homelend of Wine“ (ღვინის სამშობლო). 2023 წელს გამოიცა ჟურნალის ერთი ნომერი, ხოლო მეორე მზადაა გამოსაცემად. ეს ჟურნალი ქართულ-ინგლისურია და მრავალ ქვეყანაში იგზავნება. ამიტომაც მისი სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციის საქმეში.

2023 წელს გამოიცა მხატვრული წიგნი „მზეჩამდგარი მტევნები“. წიგნში შესულები არიან დამწყები მემარნეებიც. მასში მოთხრობილია საქართველოს მეღვინეობის ტრადიციები. ავტორი: გიორგი ბარისაშვილი.

საქართველოს ღვინის კლუბის მიერ განხორციელებული პროექტის – „ღვინის სოფლის“ ფარგლებში ერმილე ნაკაშიძის ნაშრომის მიხედვით გამოიცა წიგნი „ვაზი და ღვინო გურიასა და სამეგრელოში“ (ისტორია, ტურიზმი, დეგუსტაცია). ავტორები: მალხაზ ხარბედია, ლევან სეფისკვერაძე, გიორგი ბარისაშვილი.

წლის მიწურულს, 23 დეკემბერს, ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ცქრიალა ღვინოების ფესტივალი, რომელიც პირველად 2022-ში ჩატარდა. ეს გახლავთ მეტად საჭირო ღონისძიება, რადგან ასეთი ფესტივალი ჩვენში ამ დრომდე არ ჩატარებულა და ის ღვინის კლუბმა დააარსა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა და ის ძალიან უწყობს ხელს საქართველოში ოჯახური წარმოების ცქრიალა ღვინოების განვითარებას.

ჩვენი მოკლე მიმოხილვის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის რთული გარემოება, რაც ჩვენი ქვეყნის ვაზისა და ღვინის სფეროების განვითარებას უშლის ხელს. რაც ჩვენში ტრადიციული მეღვინეობის აღორძინების საქმე დაიწყო, რომ არა უამრავი ხელისშემშლელი წინაღობა, როგორიცაა ქვეყანაში სრული სვლით აღმავალი კორუფცია, ღვინის ფრთაგაშლილი ფალსიფიკაცია და მეცნიერების სახელს დროებით თავშეფარებული ზოგიერთი პირი, ეს დარგები დღეისათვის უკვე ძალიან წინ იქნებოდა წასული. ადრეც ვთქვი და კვლავაც გავიმეორებ, რომ, რაღაც რევოლუციის მსგავსია მოსახდენი. საჭიროა ჯერ ამ პარაზიტების გაძევება და შემდეგ დარგისა და ქვეყნის ერთგული ქართველებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა, ვინც თითქმის თავიდან დაიწყებს საქმის კეთებას.

მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს ქვეყანას. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მემარნეს და მადლობა გადავუხადო მათ, რომ ხშირად ენთუზიაზმით აკეთებენ თავიანთ საკეთებელს და საკუთარი ნაშრომით სახელს უთქვამენ ჩვენს ქვეყანას.

. ბარისაშვილი, მცხეთა, 2023 წ.