ჩინეთმა ამერიკულ სოიაზე საბოლოოდ თქვა უარი _ გლობალური ბაზრის ახალი გამოწვევები
ჩინეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე თამაშის საკუთარი წესების დადგენა შეუძლია.
2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთმა სოიის იმპორტის ახალი რეკორდი დაამყარა, ქვეყანამ სრულიად უარი თქვა ამერიკულ სოიაზე და მოთხოვნა ძირითადად სამხრეთ ამერიკის მწარმოებლებზე გადაანაწილა.
ჩინეთის საბაჟო სამსახურის (GACC) თანახმად, მხოლოდ სექტემბერში ჩინეთმა 12,87 მილიონი ტონა სოიის იმპორტი განახორციელა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 4,8%-ით და შარშანდელ სექტემბერზე 13,2%-ით მეტია.
ბოლო თვეების განმავლობაში სამხრეთ ამერიკიდან ჩინეთში სოიას იმპორტის მოცულობა უწყვეტად იზრდება. 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანამ სულ 86,18 მილიონი ტონა სოია შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,3%-ით მეტია.
ჩინეთის მზარდი მოთხოვნა დაემთხვა სამხრეთ ამერიკის, განსაკუთრებით კი ბრაზილიის, რეკორდულ მოსავალს. ბრაზილია, როგორც მსოფლიოში სოიას უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი, წლევანდელი სეზონის განმავლობაში 102,2 მილიონი ტონა სოიის ექსპორტს გეგმავს, რაც 2023 წლის მაჩვენებელსაც აჭარბებს.
ამ რაოდენობის 79%-ზე მეტი ჩინეთმა უკვე შეიძინა. სექტემბერში ბრაზილიამ ჩინეთს 6,5 მილიონი ტონა სოია მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 93%-ს შეადგენს.
ვაშინგტონისა და პეკინის შორის მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, პირველად 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა სოიას ახალ მოსავალზე ამერიკასთან წინასწარ შეკვეთებზე ხელშეკრულებები აღარ გააფორმა.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ინფორმაციით, ჩინეთმა ბოლოს ამერიკული სოია მაისში შეიძინა და ოფიციალურად განაცხადა, რომ შემოდგომაზე მსგავსი კონტრაქტები არ იგეგმება. შედეგად, ბევრ ამერიკელ ფერმერს მოსავალი საწყობებში უგროვდება ან იძულებულია პროდუქცია დაბალ ფასად გაყიდოს.
ამ ნაბიჯს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი Truth Social-ის პლატფორმაზე „ეკონომიკურად მტრული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ჩინეთის ქცევა ამერიკელ ფერმერებს სერიოზულ სირთულეებს უქმნის.
საპასუხოდ ტრამპი ჩინეთიდან მცენარეული ზეთის იმპორტის შეჩერებით დაიმუქრა, თუმცა ეს არანაირ რეალურ ეკონომიკურ ბერკეტს არ წარმოადგენს.
ექსპერტების შეფასებით, ჩინეთი შეგნებულად არ ყიდულობს ამერიკულ სოიას, რათა სავაჭრო მოლაპარაკებებში მეტი გავლენა მოიპოვოს.
შანხაის აგროკონსალტინგური კომპანიის JCI-ის ანალიტიკოსი როზა ვანი ამბობს: „პეკინი მეოთხე კვარტალში შეგნებულად არ აწერს ხელს ამერიკულ კონტრაქტებს, სანამ პოლიტიკური მოლაპარაკებები გრძელდება, ამიტომ ნებისმიერი მოულოდნელი შესყიდვა უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე საბაზრო.“
თუმცა ჩინეთის სტრატეგია გამოწვევების წინაშე დგას. ბრაზილიური სოიის ფასები ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად ბრაზილიური ერთი ტონა სოია ამერიკულზე დაახლოებით 40 დოლარით ძვირია, რაც ჩინეთის იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი გამოიყენებს საკუთარ სახელმწიფო სტრატეგიულ რეზერვებს, რათა მოკლევადიან პერიოდში შიდა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და არ დაუბრუნდეს ამერიკულ ბაზარს. თუ ვაშინგტონსა და პეკინს შორის შეთანხმება არ შედგა, ჩინეთისთვის ეს რესურსი 2026 წლის სამხრეთ ამერიკის მოსავლამდეც საკმარისი იქნება.
სოიის გლობალური ბაზარი დღეს პოლიტიკისა და ეკონომიკის გადაკვეთის ნათელი მაგალითია. ჩინეთი ცდილობს აარიდოს თავი ამერიკაზე დამოკიდებულებას და გააძლიეროს ურთიერთობები ლათინურ ამერიკასთან, რის გამოც აშშ-ის ფერმერები რეალური წნეხის ქვეშ ექცევიან.
ბრაზილია ამ პროცესში უდავოდ გამარჯვებულია, რადგან ქვეყანა ამით არა მხოლოდ ექსპორტს აძლიერებს, არამედ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაში ახალ სტანდარტს აყალიბებს.
წყარო: Grain Brokers Australia
ავტორი: პიტერ მაკმიკინი

