„ჩოგი“ _ თუშური მდნარი ყველი, გამორჩეულად პიკანტური და გემრიელი
ტრადიციული თუშური მდნარი ყველი – ჩოგი, მზადდება თუშეთში ცხვრის ნედლი რძისაგან, აგვისტოში.
აგვისტოს თვეში თუშური ცხვარი წველას უკლებს, რძე კი მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა. ასეთ ახალმოწველილ რძეს ასხამენ კასრში და ათბობენ 36-37ºC ტემპერატურაზე, შემდეგ კი ამატებენ კვეთს, უკვე შედედებული მასიდან ამოიყვანენ ყველის თავს, რომელიც დაიწურება შრატისაგან, მაგრამ, გუდის ყველისაგან განსხვავებით, იდება არა გუდაში, არამედ − ხის კასრში, რომლის ძირშიც ჩაწყობილია არყის ხის ნაჭრები, რათა ყველიდან ბოლომდე გამოიწუროს შრატი, კასრს ეფარება სარქველი და იდგმება ბნელ ადგილას დაახლოებით 1 კვირა, ამის შემდგომ კასრი აიხდება. ამოაქვთ უკვე შეობებული ყველი და აწყობენ მზეზე გასაშრობად.
შემშრალი ყველი ხელახლა ეწყობა უკვე გასუფთავებულ კასრში ოღონდ ზემოთა თავები ჩადის ძირში, ხოლო ქვემოთა – ზემოთ, კასრს ეფარება სარქველი და იდგმება ისევ ბნელ ადგილას დაახლოებით 1 კვირით (ეს დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე, რაც ყველის დამწიფების სიჩქარეზე ახდენს გავლენას). ამის შემდგომ უკვე დამწიფებული ყველს ეყრება მარილი, 10კგ-ზე 2კგ, და იზილება ხელით მანამ, სანამ ყველის მასას ხელი აღარ აიკრავს.
უკვე გადაზელილი ჩოგი ჩაიდება გუდაში გაივლის მინიმუმ 20 დღიან მომწიფების პერიოდს და მზადაა სარეალიზაციოდ.
− ჩოგი გამოირჩევა განსაკუთრებული პიკანტური არომატითა და გემოთი, ინახება 12 თვეზე მეტ ხანს +12ºC ტემპერატურაზე.
ჩოგი თუშური გუდის ყველის ამ სახეობის ტრადიციული სახელწოდებაა.
წყარო: http://guda.ge