ჩურჩხელა
ჩურჩხელა გარდა იმისა, რომ გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი ნუგბარია, სასარგებლოცაა. თათარა კალიუმით მდიდარია და გულის კუნთის მუშაობას უწყობს ხელს, კაკალი კი დადებითად მოქმედებს ძვლის ტვინსა და ელენთაზე. კაკალი ტვინის საუკეთესო მკვებავიც არის, ამიტომ გვირჩევდნენ ბებიები, გამოცდების წინ ჯიბეში ჩურჩხელა ყოველთვის უნდა გედოთო.
ყურძნის ნახარში ტბილისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.
ჩურჩხელის მოსამზადებლად ჩვენი წინაპრები წყლის წისქვილზე დაფქულ რუხ ფქვილს იყენებდნენ, რაც ჩურჩხელის სირბილეს უზრუნველყოფდა და დიდხანს ინახავდა.
ამ ნუგბარის მომზადების მეორე აუცილებელ პირობას ბადაგი წარმოადგენს – ამისთვის ყურძნის ტკბილი იმდენ ხანს უნდა ვადუღოთ, სანამ, სულ მცირე, არ განახევრდება. კიდევ უკეთესია 1/3-ზე დადუღებული ბადაგის გამოყენება.
აქვე დავურთავ რამდენიმე საინტერესო რჩევას, რომელიც ჩვენს მკითხველს კარგი ჩურჩხელის არჩევისთვის გამოადგება.
1. კარგი ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თვითონ გამოყოფს გლუკოზას და იფარება თეთრი ფენით, რომელიც ფქვილისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ჰაეროვანი სტრუქტურა აქვს.
2. კარგი ჩურჩხელა ადვილად უნდა ტყდებოდეს. კარგად დააკვირდით, თუ მას სიგრძეზე აქვს ბზარი, ესე იგი ბადაგი ნაკლებადაა ნახარში და ჩურჩხელაც აუცილებლად გამაგრდება, ხოლო თუ სიგანეზე აქა-იქა გადატეხილია – მაშასადამე, ხარშვა გადამეტებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩურჩხელის პრობლემა მხოლოდ მის შესახედაობაში მდგომარეობს.
3. ჩურჩხელა დიდხანს რომ არ გამაგრდეს, უნდა გავახვიოთ ბამბის ქსოვილში, შემდეგ ცელოფანში და მშრალსა და გრილ ადგილას შევინახოთ. ახალი ჩურჩხელა რამდენიმეჯერ უნდა ამოვიღოთ, გავანიავოთ და კვლავ შევინახოთ. ასე თავს დავიზღვევთ მისი დაობებისაგან.
წყარო: ჟურნალი „გემრიელი”