ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე
საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება.
„ორიენტირებულები ვართ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ჩვენი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სტიქიური მოვლენების საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით, განხორციელდება წყლის რესურსების მართვის რეფორმა და ქვეყანა გადავა მდინარეთა სააუზო მართვის ევროპულ მოდელზე, გაგრძელდება მუშაობა წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი სტანდარტები, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დადგინდება ახალი მოთხოვნები. დაიხვეწება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და გარემოსდაცვითი ნებართვები გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. დავით სონღულაშვილმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდაზეც ისაუბრა.
,,ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დაცული ტერიტორიების გაფართოებისა (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) და განვითარების მიმართულებაზე. 2028 წლისათვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება ტყის აღდგენას, 2030 წლისთვის, აღნიშნული ღონისძიებები დამატებით 20 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე, რათა საქართველო იყოს ღირსეული და სანდო პარტნიორი სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება. საქართველო ჩამოყალიბდება როგორც ეკონომიკურად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული ევროპული სახელმწიფო, რომელიც გააერთიანებს და გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, ყველა შესაძლებლობას და საერთაშორისო ურთიერთობებს, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა, იმ ოლქს (გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები), რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის განსაკუთრებული მხარდაჭერის და ჩემი მხრიდანაც, ჩვენი სამინისტროს მხრიდანაც თავისთავად ცხადია, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა გვექნება როგორც კერძო სექტორთან, ასევე თითოეულ შესაბამის კომიტეტთან, რომლის საკითხებზეც გვექნება აქტიურად სამუშაო. წარმატებები თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.