„ჩვენი სოფლის“ მისია
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე აგრარულ გაზეთს გადავაწყდი. “ჩვენი სოფელი” ასე ერქვა გამოცემას. გამიხარდა – ვიფიქრე, ვიღაც ღვთისნიერს ძალიან საჭირო და დროული საქმისთვის მოუკიდია ხელი-თქო. ვიდრე გაზეთს გადავათვალიერებდი თვალწინ გამიელვა თუნუქის ღუმელისგან გაჭვარტლულ კუთხეში მიმჯდარი, ხელებდაკოჟრილი ბერეთისელი ბეჟანის, გაცრეცილ ტანსაცმელში გამოწყობილი, თავშალწაკრული ცხრამუხელი მარინას და ცხვრის სუნით გაჟღენთილ “ტელეგრეიკიანი” გუდამაყრელი ენვერის მზერამ. მათ თვალებში საოცრად იკითხებოდა სოფლის სევდა. “ჩვენი სატკივარი არავის აინტერესებს, ისინი ჩატეხილ ხიდს იქით არიან და ჩვენ ხიდს აქეთო” – ასეთი პესიმისტური დამოკიდებულების ფონზე წარმოვიდგინე, ინფორმაციამოწყურებულებს რამდენად გაახარებდათ მათ წუხილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული გაზეთის არსებობა. გაზეთის, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სოფლის სარკე და ამასთან, გლეხისა და ფერმერის საუკეთესო მეგობარი, მეგზური, რომელიც სასარგებლო და რეალური რჩევებით გამოკვებავდა მათ.
ამ განწყობით ავიღე ხელში “ჩვენი სოფელი”, მაგრამ გაწბილებული აღმოვჩნდი – შემრჩა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გამოცემა, ძირითადად გაჯერებული მინისტრისა და ჩინოვნიკების მონოლოგებით, ლამაზად დავარცხნილი და შეფერადებული ისტორიებით; მაღალფარდოვანი სიტყვებით; 4 გვერდიანი საკანონმდებლო ცვლილებებით. გამოცემა, სადაც ბეჟანის, მარინას და ენვერის ადგილი ნამდვილად არ იყო.
“არგუმენტი გაზეთის გამოცემის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე იყო ბევრი და დამაჯერებელი” – წერს მინისტრი გაზეთში. კვლევა ჩატარდა? ვინ იყვნენ კვლევის ობიექტები? რა არგუმენტაციასა და საჭიროებებზეა საუბარი? „ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი უნდა იცოდნენ რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის” – აღნიშნავს ოთარ დანელია.
თუკი გაზეთის გამოშვების მთავარი არგუმენტი და მიზანი ეს არის, განა არ შეიძლებოდა იგივეს მიღწევა არსებულ მედიასთან მეტი თანამშრომლობით. კარგ საკომუნიკაციო პოლიტიკას გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა. რატომ შედის სახელმწიფო კონკურენციაში კერძო სექტორთან? განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დღეს რეგიონალური გამოცემები საკმაოდ მძიმე ფინანსურ და ინფორმაციულ კრიზისში არიან. კვლევის დროს, ვინმემ ჰკითხრა მათ რამე? ვფიქრობ, ასეთ გადაწყვეტილებებს მართლაც რეალური არგუმენტები უნდა უმაგრებდნენ ზურგს, მით უფრო ამაში საბიუჯეტო თანხები იხარჯება.
ახლა კი იმაზე, რამდენად ამართლებს გაზეთი მიზანს ყველაზე მიუვალ სოფელში ხელმისაწვდომობაზე.
ახლა კი იმაზე, რამდენად ამართლებს გაზეთი მიზანს ყველაზე მიუვალ სოფელში ხელმისაწვდომობაზე.
ამას წინათ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ფერმერმა გამოთქვა წუხილი, რომ იწერდა ჟურნალ “აგრარულ საქართველოს” და ფოსტას აღარ ჩააქვს, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თავმომწონე პასუხი იყო: “განა თქვენ არ იცით, რომ ჩვენ გაზეთს ვუშვებთ? თუ არ იცით, მოიკითხეთ”. ჯერ ერთი ცუდია, თუკი 7 თვეა გამოდის გაზეთი ფერმერისთვის და ადრესატმა არ იცის, ესე იგი არაეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო თანხები. და მეორე, თუკი იცის და მას მაინც არ კითხულობს, ასევე პრობლემაა, ესე იგი მას რაღაც არ მოსწონს და ვერ იპოვა საკუთარი თავი აღნიშნულ გამოცემაში. იქნებ, ის, რომ მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ვერ იღებს; იქნებ გასაგებ ენაზე არ ესაუბრებიან; იქნებ არ მოსწონს ცენზურაგავლილი ინფორმაციები და ურჩევნია დამოუკიდებელი გამოცემა. ყველა შემთხვევაში, ჩინოვნიკის პასუხი იყო არაადეკვატური. ამ ერთმა, მცირე პასაჟმა ნათლად გამოაჩინა, მიაღწია თუ არა გაზეთმა მიზანს. წესით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი კომპეტენციის პირებს ფერმერის შეკითხვის მიღმა გარკვეული ტენდენციები უნდა ამოეკითხათ და ჩაღრმავებოდნენ ამ თემას.
ადგილზე ინფორმირებულობისთვის სახელმწიფო არსებული ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებაზე რომ მუშაობდეს უკეთესი შედეგი ექნებოდა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები დღემდე რჩებიან აუთვისებელ რესურსად. მან უნდა შეძლოს სასარგებლო და პროფესიული რჩევებით, კონკრეტული ინფორმაციებით შეიარაღებული, გახდეს ფერმერის, გლეხის გზამკვლევი.
ხიდჩატეხილობას სხვა რამ სჭირდება – მეტი ცოცხალი კომუნიკაცია და რეალური ურთიერთობები. ზოგჯერ კომფორტის ზონებიდან უნდა გახვიდეთ, გლეხს თვალებში ჩახედოთ, მის დაკოჟრილ ხელებს შეეხოთ, მაჯისცემას მოუსმინოთ, პრობლემები გამოჰკითხოთ და ადეკვატური ნაბიჯებით დაეხმაროთ. თუ ასეთი კავშირი არ შედგა – ის კვლავ დარჩება ჩატეხილი ხიდის მეორე მხარეს.
რუსუდან გიგაშვილი
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“
PS. სურათზე ზემო იმერეთის ბერეთისის ხედია გამოსახული. დღეს აქ აღარც გაზეთი ჩადის და აღარც ჟურნალი, ახალგაზრდებსაც იშვიათად შეხვდებით. სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი და გაყამირებულია, ბევრგან გატყევებულიც. აქაურთა ყოფაზე კი ღობემორღვეულ ეზოებზე უფრო ცხადად ვერავინ მოგითხრობთ, აქაურობა აღარც ისე პეწიანად გამოიყურება, როგორც მაშინ, აქ რომ _ „იმერეთში თუ ჩვენ მხარეს ჩაგივლია…“ („საპოვნელა“) გენიალური ტექსტი და სიმღერა შეიქმნა (რედ.).