აგროსიახლეები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ხორბლის წარმოების პოტენციალი და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ეტაპობრივად გავზარდოთ

საქართველოში ხორბლის აღების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია სრულად იქნას ათვისებული ის პოტენციალი, რაც ქვეყნის ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გაიზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.
ალოობის კოორდინაციის მიზნით შექმნილია სპეციალური საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის აღებისა და დაბინავების ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. შტაბი ოპერატიულად მუშაობს ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან, შემსყიდველ საწარმოებთან და ყველა შესაბამის მხარესთან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსავლის აღებაში ამჟამად ჩართულია დაახლოებით 300 კომბაინი, და უკვე 15 ათას ჰექტარზე მეტი ფართობიდან არის ხორბალი აღებული. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ მეხორბლე ფერმერებს არ შეექმნათ შეფერხება მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით — 9.6 მილიონი ლარის ოდენობით — შეიქმნა 23 ახალი მარცვლოვანი კულტურების შემნახველი საწარმო. ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს მოსავლის სწორად დაბინავებას და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

დავით სონღულაშვილის თქმით, ბოლო წლებში საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა გაიზარდა და 2.5-3 ტონის ფარგლებში მერყეობს, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში 5 ტონასაც აღწევს. წარმოება სტაბილურია და სახელმწიფოს მხარდაჭერა — მათ შორის ტექნიკაზე და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა — ქმნის ყველა წინაპირობას, რომ ხორბლის სექტორი კვლავ ზრდის ტრაექტორიით განვითარდეს.

დედოფლისწყაროში მიმდინარე პროცესებს პირადად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. მათ ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, აგრეთვე სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით, მეხორბლე ფერმერებისთვის შეიქმნა პირობები, რათა სეზონი შედეგიანად დასრულდეს და ქვეყნის შიდა წარმოება კიდევ უფრო გაძლიერდეს.