აგრარული განათლებასტატიები

დამატებით  მდგრადი  შემოსავლების მიღება იმერეთის მთისწინეთის  დახურულ გრუნტში

იმერეთის მთისწინეთის  დახურულ გრუნტში ძირითადად კიტრი ან პამიდორი იწარმოება. სათბურში ეს კულტურები ადგილს, უმეტეს შემთხვევაში, აპრილის მეორე ნახევრიდან  იანვრის თვემდე იკავებს, შედეგად 4 თვის განმავლობაში კი ეს სივრცე თავისუფალია და შემოსავალს არ იძლევა. რეგიონის კლიმატური პირობები კი, დამატებითი მდგრადი შემოსავლების მისაღებად, ამ პერიოდის და სათბურის გამოყენების კარგ საშუალებას იძლევა.
ბაზრის შესწავლამ ცხადყო, რომ კლიმატის გლობალური დათბობის პირობებში  გათბობის გარეშე ამ მიზნით  მიზანშეწონილი  იქნებოდა  კარტოფილის, როგორც მოზამთრე შუალედური  კულტურის   შესწავლა.

კარტოფილის მოსავლის  აღება, საქართველოში ღია გრუნტში  ძირითადად ივნისის პირველ დეკადაში ბოლნისისა და გარდაბნის რაიონებში იწყება, ორი კვირით უფრო  დაგვიანებით  შემოდის საადრეო კარტოფილი იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და კახეთშიც, ასეთი მოსავლის  რაოდენობა მცირეა და მოსახლეობა მას ძირითადად თვით უზრუნველყოფისათვის იყენებს.  სექტემბერ-ოქტომბერში კი  ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც ამ პროდუქციის და რეპროდუქციული  სარგავი მასალის  უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია ამიერკავკასიაში.

საქართველოს ბაზარზე საადრეო კარტოფილი მაისშიც ჩნდება, რომლითაც  ძირითადად ტურისტული ობიექტები მარაგდება (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები).  ეს პროდუქტი, 10-12 ათასი  ტონის ფარგლებში, უმეტესად ეგვიპტიდან  შემოაქვთ. ერთი კილოგრამი ასეთი პროდუქციის  ფასი ქართულ ბაზარზე  5-დან 8 ლარამდე მერყეობს.  შედეგად საქართველოდან დიდი რაოდენობით მყარი ვალუტა  გაედინება,  რაც  ლარის   სიმყარეზე უარყოფით გავლენას ახდენს.

საქართველოში წარმოებული  კარტოფილის ფასი იმპორტულზე 30-35%-ით უფრო  ნაკლებია.  როგორც კი საქართველოში წარმოებული  ახალი მოსავალი  გამოჩნდება, ფასიც დასტაბილურებას იწყებს, მოსახლეობისათვის იგი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ხდება  და შედეგად  მყარი   ვალუტის გადინებაც მცირდება. ამასთანავე, ,,ახალი კარტოფილი“ მალფუჭებადი პროდუქტია და მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული; ჩვენს პირობებში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელიცაა სათანადო სასაწყობო ინფრასტრუქტურის  არარსებობის გამო.

კარტოფილი საქართველოში მნიშვნელოვან კულტურაა, ის  დაახლოებით 25 000-30 000 ჰექტარზე ირგვება. მისი წლიური მოხმარება კი ერთ სულ მოსახლეზე, მიახლოებით, 55 კილოგრამია.

ფოტოპერიოდიზმის თვალსაზრისით კარტოფილი გრძელი დღის  მცენარეა და სუპერსაადრეო ორგანული კარტოფილის საწარმოებლად სათბურში მიზანშეწონილია  ორგანული სარგავი მასალის  საადრეო ფორმების  გამოყენება. ეს საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ  კარტოფილის დარგვის.  მოსავლის  აღების,  რეალიზაციის, ოპტიმალური ვადები. მათი წარმოების ეკონომიკური ეფექტურობა, ზემოქმედება გარემოზე, მდგრადობა და მიზანშეწონილობა.

კვლევის მიზანია კლიმატის გლობალური დათბობის პირობებში ძირითადი კულტურისაგან თავისუფალ პერიოდში ეგვიპტიდან იმპორტირებული სუპერსაადრეო კარტოფილის ალტერნატიული, ორგანული კარტოფილის მდგრადი  წარმოება გათბობის გარეშე  და ამ გზით დამატებითი შემოსავლების მიღება.

კვლევის ამოცანას შეადგენდა იმის  გარკვევას  თუ რამდენად მდგრადია ფოტოპერიოდიზმის(გრძელი დღის მცენარე) თავისებურებებიდან გამომდინარე საადრეო კარტოფილის ორგანული  სარგავი მასალის  წარმოება  დახურულ გრუნტში გათბობის გარეშე  ძირითადი კულტურისაგან  თავისუფალ პერიოდში (დეკემბერი-აპრილი);

  1. დახურულ   გრუნტში მოზამთრე შუალედური კულტურის სისტემაში კარტოფილის ზრდა-განვითარების  ფაზებისა და მოვლის  კალენდარული ვადების დადგენას; 3. მოსავლის აღებისა და რეალიზაციის შეფასებას
  2. სათბურში  სუპერსაადრეოკარტოფილის  წარმოების მდგრადობის ანალიზს.

კვლევის ამოცანების გადასაწყვეტად და მიზნის მისაღწევად, ჩვენს მიერ შერჩეულ იქნა ექსპერიმენტული მეთოდი – ცდა.

ცდით მიღებული შედეგები

ცდის დროს გამოყენებული კვლევის  მეთოდიკა,  ჩატარების ადგილი,  წლები  და ეფექტიანობა.

ცდა ჩატარდა 2022 და 2023 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში. ორივე წელს  სათბურში  წინამორბედი კულტურის კიტრის მოსავლის აღებისთანავე დეკემბრის ბოლო დეკადაში ტარდებოდა ხვნა 20-25 სმ სიღრმეზე და კულტივაცია.   სარგავი კვლების  ფორმირება და  კარტოფილის ჯიშ ,,კოლეტეს“ დარგვა ტარდებოდა 10 იანვარს 20* 70 სმ კვების არით. ცდის საერთო ფართობი იყო 200 კვადრატული მეტრი. ცდა ჩატარდა  ცელოფნით გადახურულ   სათბურში. 

ნარგაობის გამოკვება ჩატარდა 12 თებერვალსა და 5 აპრილს თხევადი ორგანული სასუქით ,,ორგანიკა“.

საადრეო კარტოფილის წარმოების პერიოდში მავნებლებისა და დაავადებების ნიშნები არც ერთ წელს  არ იქნა აღმოჩენილი. ამის გამო მცენარეთა დაცვის ორგანული საშუალებები  არ იქნა გამოყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ საადრეო კარტოფილის ჯიშ კოლეტეს ყვავილობა თითქმის არ ახასიათებს. მოსავლის აღება ტარდებოდა  20 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით. მოსავლის რაოდენობამ შეადგინა 300 კგ. ეს რაოდენობა ჰექტარზე გადაანგარიშებით შეესაბამება 15 ტონას.

ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ კარტოფილის ფოტოპორიზმი საშუალებას იძლევა, სათბურში იწარმოოს კარტოფილის სუპერსაადრეო მოსავალი 10 იანვრიდან 1 მაისამდე  4 თვის სავეგეტაციო პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ საადრეო კარტოფილი მალფუჭებადი პროდუქტია და ამიტომაც  მიღებული პროდუქციის რეალიზაცია წინასწარ შედგენილი მარკეტინგული ღონისძიებების შესაბამისად,  მოსავლის აღება დაფასოებისთანავე ხორციელდება. ერთი კილოგრამის საშუალო  ფასმა პირდაპირ სათბურიდან  რეალიზაციის შემთხვევაში  შეადგინა 5 ლარი.

სუპერსაადრეო, ორგანული კარტოფილის წარმოების მდგრადობის ანალიზი.

სათბურში სუპერსაადრეო კარტოფილის წარმოების   ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზი მოცემულია ცხრილ 1-ში.

     ცხრილი 1: სათბურში მოზამთრე, სუპერსაადრეო კარტოფილის

წარმოების   ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზი  (ლარი).

საადრეო კარტოფილის წარმოების ხარჯები 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით (ლარი)

რეპროდუქციული ( პირვე;ი) სარგავი მასალა. კგ 2500 –
 სარგავი მასალის ღირებულება 2 500
ნიადაგის მოხვნა 180
კულტივაცია 150
დარგვა ხელით 500
თხევადი სასუქი  ,,ორგანიკა“ (ერთი ლიტრი) 6,4
სასუქით ფესვგარეშე გამოკვება 120
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟი 180
მორწყვა 150
მოსავლის  ამოღება ნიადაგიდან,  დაფასოება, ტომრებში ჩაყრა და   რეალიზაცია 2 500
მოსავალი  (კგ) 15 000
ერთი კილოგრამის სარეალიზაციო ფასი ნაკვეთიდან 5
მოსავლის  რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 75 000
სულ ხარჯი 6 286,4
მოგება 68 713, 6
მოგება  წარმოებაში  ჩადებულ ერთ ლარზე 10. 93

ცდის შედეგების ფინანსური ანალიზი ცხადყოფს, რომ  ორი წლის საშუალო მონაცემებით სათბურში საადრეო კარტოფილის პროდუქციის მიღებაზე გაწეული ხარჯი იყო  6 286,4 ლარი, პროდუქციის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა   75 000 ლარი, მოგებამ კი 68 713 ლარი. უფრო დაწვრილებითი ანალიზი კი ცხადყოფს, რომ სათბურში სუპერ საადრეო კარტოფილის წარმოებაში ჩადებული ერთი ლარი 4 თვის განმავლობაში 10,93 ლარს იძლევა. ყოველივე ეს  სათბურში სუპერ საადრეო კარტოფილის წარმოების მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობაზე, ინოვაციურობაზე   და სოციალურ მნიშვნელობაზე  მიუთითებს.

გარემოზე წარმოების ზემოქმედების შეფასების  ანალიზი

 სათბურში სუპერსაარეო კარტოფილის წარმოების  დროს არც ერთ პერიოდში არ იყო გამოყენებული ქიმიური პრეპარატი.  შესაბამისად, გარემოც არ დაბინძურებულა. ამასთანე, წვეთოვანი რწყვა თითქმის  არ იწვევს ნიადაგის ეროზიას, ხოლო  სათბური იცავს მის ქვეშ მყოფ ნიადაგს ეროზიისაგან და შესაბამისად ეკოსისტემასაც არ აზიანებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ  საქართველოში  იმპორტირებული სუპერსაადრეო კარტოფილის ალტერნატიული, ორგანული კარტოფილის  მდგრადი წარმოება იმერეთის მთისწინეთის დახურულ გრუნტში სრულად უპასუხებს გლობალური  მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს:

  1. მიზანი 1-არა სიღარიბეს;
  2. მიზანი 2-არა შიმშილს;
  3. მიზანი 3-ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
  4. მიზანი 9-მრეწველობა ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
  5. მიზანი 13-კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა;
  6. მიზანი 15-დედამიწის ეკოსისტემები.

დასკვნა

 კვლევის შედეგების ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ:

  1. მთისწინეთის დახურულ გრუნტში შესაძლებელია საქართველოში  იმპორტირებული სუპერსაადრეო კარტოფილის ალტერნატიული,  მაღალკონკურენტუნარიანი ორგანული კარტოფილის პროდუქციის  წარმოება და მდგრადი დამატებითი შემოსავლის მიღება.
  2. 20-დან 30 აპრილის პერიოდში ჰექტარზე  შესაძლებელია  სუპერსაადრეო კარტოფილის დაახლოებით 15 ტონის მიღება,  ეს მეწარმეს საშუალებას აძლევს 4 თვეში  მიიღოს 60-70 ათასი ლარი მოგება,  ხოლო ერთ დახარჯულ ლარზე   მოგება 10 ლარის ფარგლებშია;
  3. წარმოება არის ეკოლოგიურად საიმედო,  უპასუხებს გლობალურად მდგრადი განვითარების პირველ, მეორე, მესამე, მეცხრე, მეცამეტე და მეთხუთმეტე მიზნებს და მდგრადია

 

ნოე ხოზრევანიძე, კობა კობალაძე,

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები;

თამაზ კობახიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.growveg.com/guides/how-to-grow-super-early-potatoes/-Harvesting super early potatoes
  2. https://www.google.com/search?client=opera&q=frue+kartoffeln+sorten&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8Kartoffelsorten: Die besten 50 Sorten im Überblick-
  3. https://www.plantura.garden/gemuese/kartoffeln/fruehkartoffeln/ Frühkartoffeln: Sorten im Überblick, Anbau & Ernte
  4. ანდრო ხეთერელი-..კარტოფილის წარმოების აგროტექნოლოგია“.https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2018/11/კარტოფილის-წარმოების-აგროტექნოლოგია.pdf.
  5. https://www.businessinsider.ge/ka/product/2510. საადრეო ქართული კარტოფილი დახლებზე მაისიდან გამოჩნდება, მანამდე ბაზარზე ეგვიპტური დომინირებს