დარგებიმემარცვლეობაფერმერი ფერმერს

დასავლეთ საქართველო – ხორბლის წარმოების შესაძლებლობები

მსოფლიოში კლიმატით გამოწვეული  ცვლილებები, მიმდინარე გაუთვალისწინებელ პროცესებთან ერთად    მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოებას  სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) მონაცემებით  უახლოეს მომავალში მსოფლიოში, განსაკუთრებით მოწყვლად რეგიონებში  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და შესაბამისად საკვები პროდუქტების  მნიშვნელოვანი  შემცირებაა მოსალონელი.

ამ და სხვა პრობლემების გათვალისწინებით საქართველოს ბუნებრივი, კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობები და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოებაში ქართველი ხალხის გამოცდილება  საფუძველს ქმნის,  გამონახოს ექსპორტის ჩანაცვლების და ადგილობრივი პროდუქციით ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად უზრუნველყოფის შესაძლებლობები. 

საქართველო  მიწათმოქმედების და აგრარული ცივილიზაციის უძველესი  ქვეყანაა. აქ მცხოვრებმა უძველესმა  ტომებმა, პირველ საცხოვრისის შექმნასთან ერთად, მის სიახლოვეს ხორბლის და ვაზის კულტურის მოშინაურება და კულტივირება ჯერ კიდევ  8000 წლის წინათ დაიწყო.

მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის  27 სახეობიდან 14 საქართველოში მოყავდათ, მათგან საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ კუთხეებში  5 ენდემური სახეობაა გავრცელებული.

დღემდე უდიდესია ამ კულტურებისადმი ინტერესი: ქართული   ვაზი და ღვინო,  ხორბალი და პური  ქვეყნის  მატერიალურ-კულტურული საგანძური და  ეროვნული ღირებულებების მატარებელია.

საქართველომ მსოფლიოს მისცა ხორბლის უნიკალური სასელექციო საწყისი მასალა, რომელთა განსაკუთრებულ  ნიშან-თვისებებს წარმატებით იყენებს მსოფლიოს წამყვანი სელექციური ცენტრები: მექსიკა, ამერიკა, გერმანია, იაპონია. სწორედ ქართველ გენეტიკოს-სელექციონერების და ამ ქვეყნების მეცნიერთა მიერ საქართველო აღიარებულია საერთოდ ხორბლის და რბილი ხორბლის(რომელსაც, მთელი მსოფლიო მიირთმევს) წარმოშობის პირველად კერად.

ხორბლის კულტურის წარმოშობის ძირითადი კერა დასავლეთ საქართველოა, კერძოდ, კოლხეთის დაბლობი, რაჭა-ლეჩხუმი. ხორბლის ქართული დასახელებები ბიოლოგიური ჯგუფების მიხედვით იყო ძველთესლი ანუ საშემოდგომო და ახალთესლი ანუ საგაზაფხულო. სახეობებისა და ჯიშების მიხედვით – ზანდური, ასლი, დიკა, თავთუხი, იფქლი, დოლის პური, ხულუგო, ხოზო, ხოტორა. წარმოშობის ადგილის მიხედვით – ჩვენებური, რაჭული, ახალციხის, კოლხური, კორბოულის. ამ სახელწოდებებში ქართული ხორბლის დიდი მრავალფეროვნების ერთგვარი ხალხური კლასიფიკაციაცაა მოცემული.

qartuli-khorbali

პროფ. ლ. დეკაპრელევიჩის მონაცემებით უძველესი დროიდან, ქართველი ხალხი, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში წარმატებით აწარმოებდნენ ხორბლის შესაბამის ფორმებს. ძირითადი სახესხვაობები იყო:  lutescens, Var. milturum, var. Suberythrospermum. ეკოტოპი მეზოფიტია. შედარებით გამძლეა ჟანგებისადმი. ახასიათებს მტკიცე, ჩაწოლისადმი გამძლე ღერო, ხშირად ამოვსებული, კარგადაა შეფოთლილი, ფოთლები ფართო ცვილისებრი ნაფიფქით, თავთავი მსხვილი, მარცვალი მსხვილი. გავრცელების ზონა რაჭა, ლეჩხუმი, ჭიათურა, საჩხერე, ქვემო სვანეთი. ჯიშები: ხულუგო, ხოტორა, ხოზო. უფრო მოგვიანებით კორბოულის დოლის პური და იფქლი. ჯიშების გავრცელების პერიოდში მოსავლიანობა მერყეობდა 2,5-დან 3,5 ტ/ჰა-მდე. იმ დროისათვის სრულიად დამაკმაყოფილებელი მოსავალია.

2015 წლიდან, ახლადშექმნილი  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიების,  აღდგენა – კონსერვაციის და სხვა მიმართულებებით დაიწყო კვლევითი საქმიანობა. ცენტრის უშუალო ჩართულობით პირველად ქვეყანაში დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული  სარგავი და სათესლე მასალების სერტიფიცირების პროცესები.

2019 წლიდან ხორბლის სათესლე მასალის წარმოება დაექვემდებარა სავალდებულო სერტიფიცირებას. განხორციელდა მივიწყებული უძველესი ხორბლის ენდემური სახეობების, ჯიშების მოძიება სანერგეების შექმნა და პირველადი მეთესლეობა.

დასავლეთ საქართველოს  მუნიციპალიტეტებში:  ზესტაფონი, ამბროლაური, ცაგერი, სამტრედია, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების  სამსახურის მეცნიერ თანამშრომელთა მიერ დაითესა და გამრავლდა ძველი ქართული ხორბლის , ასევე ქერი,  ჭვავის, სიმინდის  ჯიშები.   მოეწყო საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები,  დაიწყო სამეცნიერო კვლევები;  დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ხორბლის კულტურის მიმართ გაჩნდა საკმაოდ დიდი დაინტერესება, როგორც საკვებად, ისე საფურაჟედ გამოყენების კუთხით.

ხორბლის ქართულ ჯიშებთან ერთად გამოიცადა ავსტრიულ ცნობილ  თესლის მწარმოებელ კომპანია „SAATBAU” მიერ შემოტანილია 8 ხორბლის ჯიში. სამი წლის განმავლობაში მათი  შესწავლისა და სასოფლო სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის შემდეგ ზონების მიხედვით გამოირჩა რეგიონის კლიმატური პირობებისადმი, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობა, მისაღები პერსპექტიული, შედარებით მაღალმოსავლიანი ჯიშები.  ჩატარებული კვლევები და მიღებული  შედეგები იძლევა შესაძლებლობას  დავასკვნათ, რომ დასავლეთ საქართველოში რეალურად არსებობს ხორბლის ნათესების კულტურის აღდგენისა და ფართოდ გავრცელების  შესაძლებლობა. მაღალი აგროტექნოლოგიური ფონის გათვალისწინებით ქართული ხორბლის ჯიშების საშუალო მოსავლიანობა შეადგენს  2,5-3,5 ტ/ჰა-ზე; ხოლო ინტროდუცირებული ჯიშების შემთხვევაში მოსავალი შედარებით მაღალია 3,5-4,5 ტ/ჰა. ეს მაჩვენებლები შესაძლებელია მაღალი არ არის მაგრამ  აგროტექნოლოგიური ფონის გაუმჯობესების და თესვის თანამედროვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია მათი რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდაც.

საქსტატის მონაცემებით,  უკანასკნელ წლებში შესამჩნევია იმერეთის რეგიონში გავრცელებული ძირითადი მარცვლეული კულტურის სიმინდის მოსავლიანობის სხვადასხვა მიზეზით მკვეთრი შემცირება. ამ ფონზე  თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიზარდა ხორბლის ავსტრიული ჯიშების ნათესი ფართობები, შედეგად ფერმერებმა შეძლეს 1 ჰექტარზე  საშუალოდ  4,5-5.0 ტ. ხორბლის მოსავლის მიღება.

საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში  გათვალისწინებულია ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის  70%-მდე გაზრდა. ამ მიზნის  განხორციელებაში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებთან, უპირველესად სერტიფიცირებული თესლის წარმოება, ერთად  მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოს რეგიონების სასოფლო-სამეურნეო მიწის  აუთვისებელი  ფონდიდან გარკვეული რაოდენობის ფართობების ხორბლის ნათესებით დაკავება. აუთვისებელი, მიწის  საკმაოდ დიდი  ფართობების ხორბლის  ნათესებისთვის გამოყენება ხელს არ შეუშლის სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელებას, პირიქით ხორბლის მარცვლის წარმოება სურსათის უზრუნველყოფის პარალელურად მტკიცე საფუძველს შეუქმნის მეცხოველეობის  დარგის განვითარებას და პროდუქტიულობის ამაღლებას.

დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობების სპეციფიკურობიდან გამომდინარე ხორბლის წარმოებისათვის გასათვალისწინებელია რიგი გარემოებები: ნიადაგის თავისებურებები და განოყიერების (უპირატესად ორგანული სასუქი)ნორმები; თესლბრუნვა; ნიადაგის მინიმალური დამუშავების და თესვის თანამედროვე მეთოდები; ხორბლის ჯიშების სწორად შერჩევა და სწრაფი ცვლა; უფხო, მოკლეღეროიანი,  დაავადების, განსაკუთრებით სოკოვანი, და მავნებლებისადმი გამძლე ფორმების უპირატესობა; აგროტექნოლოგიური პროცესების და ვადების ზუსტი დაცვა.

აღნიშნული საკითხებისა და  თავისებურებების  გათვალისწინება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შესაძლებელს გახდის  ხორბლის კულტურის წარმოებაში დაბრუნებას, მოცდენილი  ფართობების ათვისებას  და ქვეყნის მარცვლეულით   მომარაგების სტაბილურობას.

ლევან უჯმაჯურიძე _ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი;

ცოტნე სამადაშვილი _ მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი