დაცული გრუნტის მნიშვნელობა მებოსტნეობაში
უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღია გრუნტში მოსაყვანი ბოსტნეულის ნახევარზე მეტი ჩითილის მეთოდით მოყავთ, ჩითილს კი ძირითადად დაცულ გრუნტში ზრდიან.
დაცული გრუნტის ცალკეულ ნაგებობაში ჩითილის აღზრდით უზრუნველყოფენ საადრეო მოსავლის მიღებას, ხოლო მოკლე ვეგეტაციის პირობებში გრძელი სავეგეტაციო პერიოდის მქონე კულტურების საერთოდ დიდი რაოდენობის და კარგი ხარისხის მოსავლის მიღებას.
სათბურების, კვალსათბურების, შემთბარი გრუნტისა და ყოველგვარი დასაცავი მოწყობილობის ძირითადი ამოცანაა:
1. ბოსტნეულის მოყვანა შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე, ე.ი. იმ დროს, როდესაც სითბოს პირობების მიხედვით ღია გრუნტში მათი მოყვანა არ შეიძლება;
2. ჩითილის გამოზრდა-მომზადება ღია გრუნტისათვის;
3. ბოსტნის მცენარეთა ზრდის დასრულება;
4. ბოსტნეულის გამოყვანა იმ მარაგის ხარჯზე, რომლებიც დაგროვებულია ძირხვენებში, ფესურებში, ბოლქვებში;
5. მცენარეების შენახვა ანუ კონსერვაცია შემოდგომიდან, გაზაფხულზე მათ გადარგვამდე, კვალსათბურებში ან ღია კვლებზე.
მთელი წლის განმავლობაში ახალი ბოსტნეულის მოყვანის აუცილებელ რგოლად დაცული გრუნტი ითვლება.
დაცული გრუნტის სახეები და მისი მოწყობა
ბოსტნეულის მოყვანის უზრუნველსაყოფად წლის ისეთ პერიოდში, როდესაც ღია გრუნტში მისი მოყვანა არ შეიძლება, დაცულ გრუნტს იყენებენ.
დაცული გრუნტი მებოსტნეობაში უკვე დანერგილია, მცენარის ზრდისა და განვითარების ყველა ფაქტორის ისეთი შერჩევა და რეგულირება, რომლის დროსაც მცენარისათვის საჭირო ყველა ფაქტორი ოპტიმუმშია. დაცული გრუნტის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ძნელად მოსაგვარებელია, ეს სინათლისა და სითბოს რეჟიმია.
სხვადასხვაგვარია გათბობის ხერხები მარტივად დაცულ გრუნტში. ყველაზე მარტივია თბილი კვალი, რომელსაც სხვაგვარად შემთბარ გრუნტსაც უწოდებენ. შემდეგ უფრო სრულყოფილი გათბობის ხერხია ბიოთბიერების კვალსათბურის მოწყობა.
კვალსათბური შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპისა და კონსტრუქციის: ცალფერდა, ორფერდა, მიწაში ჩაღრმავებული, მიწის ზედაპირული და სხვ. კვალსათბურების გათბობა შეიძლება როგორც ბიოლოგიური თბიერების გამოყენებით, ისე ტექნიკური თბიერებით.
შემდეგ უფრო სრულყოფილი ნაგებობა, რომელიც უფრო საიმედოა მკაცრი სიცივეების შემთხვევაში, არის სათბური.
სათბურებიც არის ერთფერდა, ერთნახევარფერდა, ორფერდა, გვირაბისებური, ჩინური, მრავალრიგიანი და ბლოკის.
კონსტრუქციის მიხედვითაც არის ზამთრის, გაზაფხულის, მუდმივი და დასაშლელი სათბურები. გათბობის მიხედვით სათბურები ძირითადად ეწყობა ტექნიკურ თბიერებაზე. სათბურში სასურველია დამონტაჟდეს მორწყვის წვეთოვანი სისტემა.
ბიოლოგიური თბიერება ეწოდება საკულტივაციო შენობის ისეთ გამთბობ ენერგიას, რომელიც მიიღება ორგანულ ნივთიერებათა მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული დუღილის შედეგად. ერთი კილოგრამი მშრალი ნეხვი მთლიანი დაწვისას დაახლოებით 3200 კალორიამდე სითბოს იძლევა, ე.ი. თითქმის იმდენს, რამდენსაც შეშა იძლევა. მაგრამ, რადგან ნაკელი 75%-მდე წყალს შეიცავს, ამიტომ კვალსათბურებში ჩაყრის შემდეგ სასარგებლო სითბო რჩება მხოლოდ 25%. 1 კგ ახალ ნაკელს პრაქტიკულად 200 კილოკალორია სასარგებლო სითბო შეუძლია გამოყოს.
ბიოთბიერებად გამოსაყენებელ მასალად გმოიყენება: 1) სხვადასხვა პირუტყვის ნეხვი; 2) სახლის ნაგავი, ბამბის, ტყავის, თამბაქოს და მრეწველობის სხვა დარგების ნარჩენები და სხვა ორგანული ნივთიერებანი. სხვადასხვა პირუტყვის ნაკელი აზოტოვანი ნივთიერების სხვადასხვა რაოდენობის შემცველია, ამის გარდა ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან რეაქციითა და სიფხვიერით, ამიტომ ცხადია, რომ მათი სიმხურვალის ხასიათიც და თბოეფექტიც სხვადასხვაგვარია.
ცხენის ნაკელი. ბიოთბიერების წყაროდ გამოსადეგ ორგანულ მასალათა შორის, რომლებიც კვალსათბურების გასათბობად იხმარებიან, პირველი ადგილი ცხენის ნაკელი ეკუთვნის.
ცხენის ნაკელი 75°C -მდე ტემპერატურას იძლევა, განსაკუთრებით თუ მასში ქვეშსაგების სახით ურევია ბზე ან ნამჯა. სხვა სახის მასალა კი ასეთ მაღალ ტემპერატურას ვერ იძლევა. საყურადღებოა, რომ თუ ცხენის ნეხვში ნამჯის ან ბზის დიდი რაოდენობაა შერეული, მაშინ მასალა მეტად ფხვიერი გამოდის და მალე ამთავრებს წვას; მცირედ მირევის დროს კი პირიქით წვა ბრკოლდება, რის შედეგადაც მცირდება სითბოს გამოყოფის უნარი. ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა. ნეხვის გამოშრობის დროს მას რწყავენ, რადგან ბაქტერიების ენერგიული ცხოველმოქმედებისათვის ნეხვს 65-70% ტენიანობა უნდა ჰქონდეს.
მსხვილფეხა პირუტყვის ნაკელი. ძროხის ნაკელს, როგორც სათბობ მასალას, კვალსათბურების დასატენად წინათ სრულებით არ იყენებდნენ. ამჟამად კი მას, როგორც 125
ბიოთბიერებად გამოსაყენებელ მასალას, მეტ ყურადღებას აქცევენ, რადგან მარტო ცხენის ნაკელი უკვე ვერ აკმაყოფილებს ბიოთბიერებაზე მოწყობილი კვალსათბურების მშენებლობის მზარდ მოთხოვნილებას.
ძროხის ნაკელის, როგორც ბიოთბიერების, უარყოფითი მხარეებია: წებოვნება, ცუდი აერაცია, ზედმეტი ტენიანობა, რომელიც 80%-მდე აღწევს, მაშინ, როდესაც ნორმალური წვისათვის 70%-მდეა საჭირო.
ამის გარდა, ძროხის ნაკელში მცირე რაოდენობითაა აზოტოვანი ნივთიერებანი (0,25-0,3%), რის გამოც ის ძნელად ხურდება. ძნელად შეხურებასთან ერთად სხვა ფხვიერ მასალასთან შეურევლად დაბალ ტემპერატურას ავითარებს. ძროხის ნეხვის ტენიანობა რომ შემცირდეს და მის სისქეში ჰაერის ჟანგბადის შეღწევა გაადვილდეს, მასში რაიმე მშრალ, ფხვიერ მასალას (ხის ნახერხი, ნამჯა, ბზე, დაჭრილი ჩალა და სხვა) ურევენ, რომელიც მას ზედმეტ ტენს წაართმევს და საჭირო სიფხვიერეს მისცემს. კარგ შედეგს იძლევა, როცა ძროხის ნეხვში ნახერხს ურევენ წონის 15-20%-ის რაოდენობით, რაც მოცულობით სამ წილ ნეხვზე ორ წილ ნახერხს შეადგენს. ასეთი ნარევი ბიოთბიერების წყაროდ გამოყენებისას მალე იწვევს შეხურებას და იძლევა დიდ ტემპერატურასაც, რომელიც თითქმის უახლოვდება ცხენის კარგი ნაკელის წვის მაჩვენებლებს. ისე კი ყოველთვის უმჯობესია, როდესაც ძროხის ნეხვს ცხენის ნეხვთან ურევენ და ისე იყენებენ, რადგან მისი თბოეფექტი ამ შემთხვევაში თითქმის არ ჩამოუვარდება ცხენის ნეხვის თბოეფექტს. ისე კი ძროხის ნეხვის წმინდა სახით შეურევლად გამოყენება ნაკლები თბოეფექტის გამო, უფრო მიზანშეწონილია საგვიანო და საშუალო პერიოდის კვალსათბურებისათვის. სოკოების წინააღმდეგ, რომლებიც ძროხის ნეხვზე ჩნდებიან, ნეხვის ზედაპირზე ძლიერ ტუტე რეაქციის შესაქმნელად, კირის ფხნილს ხმარობენ. ამ მიზნით, კვალსათბურების დატენვის შემდეგ, ნეხვის ზედაპირზე 0,5 სმ სისქით კირს აყრიან.
ცხვრის და თხის ნაკელი. წვრილფეხა რქიანი პირუტყვის ნაკელი ხასიათდება დიდი სიფხვიერითა და სიმშრალით (ტენიანობა 60%-ს რწევს). ამ სახის ნაკელის ტენიანობის
გასაუმჯობესებლად მას წყლითა და წუნწუხით ასველებენ ან ურევენ სხვა სახის უფრო ტენიან სათბობ მასალას, მაგ. ძროხის ნაკელს.
ამ სახეობის ნეხვი ძალზე მხურვალეა, ის წმინდა სახით მალე ხურდება, მაგრამ მალეც კარგავს სიმხურვალეს სწრაფად გადაწვის გამო. ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია ძროხის ნეხვთან ნაზავის სახით.
ღორის ნაკელი. თავისი ღირსებით ჩამორჩება ყველა სხვა სახის ნეხვს, რადგან 90%-მდე ტენიანობა აქვს, ახასიათებს დიდი სიმკვრივე. იმის გამო,რომ ორგანულ მონაყოლს არ შეიცავს, შეხურების უნარს თითქმის მოკლებულია. მაგრამ გამოშრობილი და რაიმე სხვა გამაფხვიერებელ ორგანულ ნივთიერებასთან შერეული სახით მისი გამოყენებაც შეიძლება.
ნაკელის შემცვლელები. ნეხვის სუროგატებიდან, რომელთაც ბიოლოგიურ თბიერებად იყენებენ, მნიშვნელოვანია სახლის ნაგავი, რომლის რესურსებიც აურაცხელია. ნაგავის
ბიოლოგიურ თბიერებად გამოყენებამდე, როგორც სათბობ მასალას, საჭიროა ერთმანეთში კარგად არევა და დახარისხება. თუნუქის კოლოფების, რკინის ნაჭრების, მინების, ძვლებისა და სხვა მონაყოლს აცილებენ და შემდეგ დარჩენილ მასალას კარგად ურევენ. ნაგვის ტენიანობა მცირეა და მერყეობს 40-60%-მდე. რეაქცია ტუტე აქვს.
ხურდება უფრო გვიან, ვიდრე ცხენის ნეხვი, მაგრამ თუ გახურდა დიდხანს იძლევა კარგ ტემპერატურას. ძლიერი შეხურების შემდეგ, მისი ტემპერატურა თანდათან ეცემა და 30-35°C ტემპერატურას 7°C დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ნაგავს, როგორც სათბობ მასალას, ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში.
ჩვენში სრულებით არ არის გამოყენებული ეს იაფი და კარგი ღირსების სათბობი მასალა. როგორც გასათბობი მასალა კარგ შედეგს იძლევა ნაგავისა და ცხენის ნეხვის ნაზავი. ასეთი ნაზავი უფრო ადრე იწყებს შეხურებას და თანაბარ სითბოს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იძლევა.
ხის ფოთოლი. ბიოთბიერებისათვის გამოსაყენებლად უკვე ლპობაში შესული ფოთოლი ამ მიზნისათვის გამოუსადეგარია. ფოთოლს ჩამოცვივნისთანავე შემოდგომაზე ამზადებენ. შემდეგ შეგროვილ ფოთოლს გროვად ყრიან და ქარმა რომ არ გაფანტოს, ზემოდან ფიცრებს ან სარებს აწყობენ. ფოთლის თბოეფექტი ძალიან მცირეა, რადგან ის პირველად დაახლოებით მხოლოდ 25-30°C ტემპერატურას ავითარებს და მას 10-20 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ხოლო შემდეგ 10-12°C -ზე ჩამოდის და ამ დონეზე 60-80 დღის განმავლობაში დგას. ხის ფოთლის ბიოთბიერებისათვის გამოყენება ნაზავის სახით უფრო მიზანშეწონილია, განსაკუთრებით, როცა ძროხის ნეხვთან არის შერეული. ასეთი ნაზავი კარგი აერაციით, მასალის უფრო უკეთესი წვით და მეტი სითბოს გამოყოფით გამოირჩევა. ბიოთბიერების წყაროდ ხის ფოთოლი უფრო მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, სადაც ერთის მხრივ ბევრია ფოთოლი, მეორეს მხრივ კი ნეხვის სიმცირეა. ამასთანავე, იქ არც თუ ისე მაღალი ტემპერატურაა საჭირო, თბილი ზამთრის გამო და ხის ფოთოლი თავისი მცირე სითბოთი ეფექტური იქნება.
სათბობი მასალის დამზადება და შენახვა. იდეალურია, თუ ახალი ნეხვი სწორედ მაშინ გამოაქვთ უშუალოდ ბოსლებიდან, როდესაც (ზამთარში თუ გაზაფხულზე) კვალსათბურებს აწყობენ, რადგან რაც უფრო ახალია ნეხვი, მით უფრო მეტია მასში სითბოს მოცემის უნარი. მაგრამ საჭირო რაოდენობის ახალი ნეხვის ერთბაშად მონახვა ამ დროს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამიტომ სათბობი მასალის დამზადებასა და შენახვას წინასწარ, ე. ი. შემოდგომიდანვე იწყებენ. შენახვისას
მთავარი პირობაა მასალა კვალსათბურებში ჩაფენამდე არ შეხურდეს და ამით არ დაკარგოს სითბოს მოცემის უნარი. ნეხვის კარგად შესანახად, მასში დუღილის პროცესს აბრკოლებენ, ამისათვის ნეხვს 20-25 სმ სისქის ფენად შლიან და მაგრად ტკეპნიან. დატკეპნილ ფენას კიდევ აყრიან ისეთივე სისქის მეორე ფენას და მასაც კარგად ტკეპნიან
და ასე აგრძელებენ, ვიდრე ნეხვის დატკეპნილი გროვის სისქე 1-1,25 მეტრის სიმაღლეს და 3-5 მეტრის სიგრძეს არ მიაღწევს, სიგანედ კი 2მეტრს იღებენ. ნეხვს რაც შეიძლება მაგრად ტკეპნიან მძიმე სატკეპნით, რადგანაც, რაც უფრო მაგრად იქნება ნეხვი დატკეპნილი, მით უფრო მეტად შეფერხდება აერაცია. მაშასადამე, მით უფრო შეფერხდება აერობული ბაქტერიების ცხოველმყოფელობაც, რის გამო შეხურების პირობებიც დაირღვევა. ნეხვის გროვის ატმოსფერული ნალექებისაგან დასაცავად მას სქელ ჭილოფებს, სახურავ შიფერს ან სხვა რამ საფერს ახურავენ. ამის შემდეგ თვალყურს ადევნებენ შენახულ მასალას. თუ შეამჩნიეს, რომ რომელიმე ადგილზე გროვამ შეხურება დაიწყო, მაშინ ამ ადგილიდან შეხურება დაწყებულ ნეხვის ფენას ამოიღებენ და გაფანტავენ შესაგრილებლად. შემდეგ ამოღებულ ადგილას ცივი ნეხვის ფენას დააყრიან, ისევე კარგად მიატკეპნიან და შემდეგ დააფარებენ.
სხვა მასალასთან შედარებით თავისი სიფხვიერის გამო უფრო ძნელი შესანახავია ცხენის ნეხვი. იმის ვარაუდისათვის, თუ რა რაოდენობის გასათბობი მასალა იქნება საჭირო
კვალსათბურებისათვის, უნდა ვიცოდეთ სათბობი მასალის წონისა და მოცულობის დაახლოებითი შეფარდება.
გაანგარიშებულია, რომ ერთი კუბური მეტრი სხვადასხვა მასალის საშუალო წონაა (დაახლოებით):
1. ერთი კუბ. მეტრი ცხენის ნაკელი – 0,4 – 0,5 ტონა;
2. 1მ3 ძროხის ნაკელი – 0,45-0,6 ტ;
3. 1მ3 ბიონარჩენი – 0,45-0,6 ტ;
4. 1მ3 ტორფი -0,20-0,25 ტ;
5. 1მ3 ფოთოლი -0,20-0,30 ტ;
6. 1მ3 ნახერხი -0,15-0,20 ტ.
ზემოთ მოყვანილ ციფრობრივ მონაცემებში იგულისხმება ზომიერი ტენიანობის მქონე და ზომიერად დატკეპნილი გროვა.
მაგრად დატკეპნილი გროვის წონა დაახლოებით ორჯერ მეტია. ერთ სტანდარტულ ჩარჩოს ქვეშ საშუალოდ საჭიროა 0,4 ტონა ნეხვი, საადრეოსათვის 0,6 ტონა, ხოლო საგვიანოსათვის 0,2 ტონა.
ლ.ალფაიძე,
ე.მოთიაშვილი,
ნ. ჭანკვეტაძე