დაწვიმებით რწყვა
რწყვის ასეთმა წესმა ფართო მასშტაბი პოვა არამდგრადი ტენიანობით გამორჩეულ რეგიონებში, სადაც ხშირ გვალვებთან ერთად უხვი ნალექებიც მოდის.
დაწვიმებით რწყვა
_ ეს არის ხერხი, რომლის დროს წყალი სარწყავი აპარატიდან წნევით ისხმება ჰაერში, იშლება წვეთებად და ეცემა მცენარეს და ნიადაგს წვიმის სახით.
სასოფლო სამეურნეო კულტურების რწყვას აწარმოებენ სხვადასხვა დანადგარებით, აგრეგატებით და მანქანებით.
დაწვიმების დანადგარი _ არის მოწყობილობა, რომელიც შედგება მსუბუქი, ასაწყობი, გადასაზიდი მილებისაგან და დაწვიმების საცმისგან. დაწვიმების მანქანებია – მოწყობილობა, რომელსაც აქვს მექანიზირებული მოძრაობის საშუალებები.
დაწვიმების აგრეგატებია _ ისეთი მანქანები, რომლებიც აღჭურვილია ტუმბოთი არხიდან (მილსადენიდან) წყლის ამოსატუმბად, წყლის საჭირო წნევის შესაქმნელად და დასაწვიმებელ აპარატზე მისაწოდებლად.
დაწვიმების უპირატესობები
_ დაწვიმება მორწყვის ერთერთი სრულყოფილი და პერსპექტიული ხერხია. მას აქვს შემდეგი უპირატესობა ზედაპირულ რწყვასთან შეადრებით: სამუშაოების სრული მექანიზაცია, რწყვის ნორმა რეგულირდება უფრო ზუსტად და ფართო საზღვრებში (30…50-დან 300-800მ3 და მეტი), რაც საშუალებას იძლევა შექმნას ოპტიმალური ნიადაგის წყალ-ჰაერის რეჟიმი და არეგულიროს ნიადაგის დასველების სიღრმე. შესაძლებელია მოირწყას დიდი დახრილობის და რთული რელიეფის ნაკვეთები. წყლის აღება შესაძლებელია არხებიდან და ასევე დახურული რეზერვუარებიდან (ქსელიდან). უმჯობესდება მექანიზირებული თესვის, დარგვის, დამუშავების და მოსავლის აღების პირობები, უმჯობესდება მიკროკლიმატი და ფესვთა სისტემის განვითარება, იზრდება ნიადაგის ნაყოფიერება, აქტიურდება ასიმილაციის პროცესები. დაგეგმილი მოსავალი შესაძლებელია წყლის უფრო მცირე დანახარჯებით (15..30%-ით), ვიდრე ზედაპირული მორწყვით. მორწყვასთან ერთად შესალებელია სასუქებიც შეტანაც.
დაწვიმების ნაკლოვანებები
_ სიძვირე, დაწვიმების პროცესის დიდი ენერგოდანახარჯი, ქარის დროს არათანაბარი რწყვა, შეუძლებელია მაღალი ინტენსივობით რწყვისას მძიმე ნიადაგების ღრმად დასველება გუბეების გაჩენის გარეშე. მშრალი და ცხელი კლიმატის დროს არაა მიზანშეწონილი მისი გამოყენება მძიმე ნიადაგებზე.
დაწვიმება ყველაზე ფართოდ გამოიყენება საშუალო და მაღალი წყალგამტარობის მცირე დახრილობის და სწორ ნაკვეთებზე – ბოსტნეულების, ტექნიკური და მარცვლოვანი კულტურების, ბაღების, მინდვრების მოსარწყავად, სადაც არასაკმარისი ტენია და სადაც გვალვის დროს ბუნებრივ ნალექებს მორწყვას ამატებენ.
შეუცვლელია დაწვიმება იმ ადგილებში, სადაც რთული რელიეფია და ახლოსაა გრუნტის წყლები.
„სახელმძღვანელო მებოსტნეობაში“
ლ. ალფაიძე,
ე. მოთიაშვილი,
ნ. ჭაკვეტაძე