აგროსიახლეები

დავით სონღულაშვილი პარიზში პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა — განხილვის მთავარი თემა სოფლის მეურნეობა და ევროინტეგრაცია იყო

პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პორტუგალიის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრ ჟოზე მანუელე ფერნანდესს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ევროინტეგრაციის პროცესს, სოფლის მეურნეობის, თევზჭერისა და ღვინის წარმოების სფეროებს დაეთმო.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველო და პორტუგალია სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას განაგრძობენ და ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით აქტიური იყოს ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით.

„პორტუგალიას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს თევზჭერის სექტორის განვითარებაში. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ამ სფეროს რეფორმირების პროცესში — მიღებულია ახალი კანონმდებლობა და დამტკიცებულია აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია. პორტუგალიის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება“, — განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.

მხარეებმა ღვინის სექტორში არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. მინისტრებმა გაიხსენეს 2024 წლის თებერვალში პორტუგალიაში გამართული ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Simplesmente Vinho“, რომელშიც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფონზე, სონღულაშვილმა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება: „ჩვენს ქვეყნებს შორის უზარმაზარი პოტენციალია სავაჭრო კავშირების განვითარებისთვის, რაც მოითხოვს აქტიურ და ეფექტიან თანამშრომლობას“.

შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილს დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც. სონღულაშვილის თქმით, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას. მისი განცხადებით, საქართველო მზად არის გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაწყებისთანავე.

„თუ ევროკავშირმა შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელა 2030 წელი, საქართველო მიზნად ისახავს სრულ მზადყოფნას 2028 წლისთვის. ამავდროულად, მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა შიდა ძალებმა პოლიტიკური არასტაბილურობის ინსტრუმენტად გამოიყენონ“, — განაცხადა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ აფინანსებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს: „კანონის მიზანი მხოლოდ ერთია — დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა. ეს არის საჯარო ინტერესი, რაც არ უნდა იქცეს პოლიტიკური მანიპულაციის საგნად“.

პორტუგალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჟოზე მანუელე ფერნანდესმა, რომელიც წარსულში ევროპარლამენტის წევრი იყო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხმა უნდა გაითვალისწინოს:

„ჩვენი ქვეყნების მეგობრული თანამშრომლობა სამაგალითოა. განვიხილეთ საერთო გამოწვევები და მიგვაჩნია, რომ ევროპამ დროულად უნდა მოუსმინოს საქართველოს. ეს მჭიდრო პარტნიორობა არის საფუძველი საერთო წარმატებისთვის“, — განაცხადა ფერნანდესმა.

დასასრულს, დავით სონღულაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს:

„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს ჩვენი სტრატეგიული არჩევანია“.