დავით სონღულაშვილი WOAH-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პარიზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორ ემანუელ სობერიონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები.
დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა WOAH-ის სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების მნიშვნელობას ეროვნული ვეტერინარული სერვისების გაძლიერებისთვის და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ცხოველთა გადამდები დაავადებების კონტროლზე და აფასებს WOAH-ის მხარდაჭერას დაავადებებისგან თავისუფალი სტატუსის მისაღწევად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვეტერინარული განათლების განვითარებასა და სასერტიფიკაციო სისტემის ამოქმედებაზე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2026 წლიდან ვეტერინარებისა და ვეტ-ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.
„დარგში პროფესიული განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვაფასებთ WOAH-ის მხარდაჭერას და იმ დახმარებას, რაც მათ ამ საჭირო რეფორმების განხორციელებაში გაგვიწიეს,“ – თქვა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ემანუელ სობერიონს WOAH-ის 92-ე გენერალურ სესიაზე მიწვევისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო თანამშრომლობაში.
შეხვედრის შეფასებით, ემანუელ სობერიონმა ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და აღნიშნა მინისტრის მხარდაჭერის მნიშვნელობა ვეტერინარული სისტემების განვითარებაში.
პარიზში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ვასილ ბასილაძე და გიორგი იაკობაშვილი, ასევე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია ესწრებოდნენ .