დავუბრუნოთ სოფელს სამართალსუბიექტის სტატუსი!
ისტორიულად საქართველო მსოფლიოს პროვინცია არ იყო. იგი იყო თვითმდგომი, სხვა ყველასაგან გამოყოფილი და განსხვავებული სახელმწიფო, რომელიც თვითონ ზრუნავდა თავის დაცვასა და მოვლაზე და, შესაბამისად, თვითონ საზღვრავდა თავის ე.წ. ღირებულებათა სისტემასა და სკალას, თავისი ზნეობის, თავისი სოციალური ურთიერთობებისა და პირადი ურთიერთობების წესებს.
საქართველო თავისი ღრმა ქრისტიანული კულტურის, თავისი ფეოდალური ისტორიის წყალობით ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყანაა ამასთან, საქართველოს ერთმა მეოთხედმა – მთამ – ისტორიის ათასწლეულები ე.წ. სათემო დემოკრატიის (უბატონო ტერიტორიული თემობის) პირობებში გაიარა.
ქართველთა წარსული და მომავალი გაპირობებული და გაშინაარსებულია მიწასთან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური თუ ემოციური საწყისებით.
ქართული სახელმწიფოს წინაშე დღეს არსებულ მრავალ გამოწვევას შორის უმთავრესი მიწის საკითხის გადაწყვეტაა. მიწის საკითხი ყველაზე არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, რადგან ტერიტორიული იდენტობა ეროვნული ცნობიერების ნიადაგია, ხოლო მისი შენარჩუნება მიწათმფლობელობის მოუწესრიგებლად წარმოუდგენელია.
ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. მიწაზე კერძო და საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრება მიწათმფლობელობის ქართული წესის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, პირველ ყოვლისა, სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათმფლობელობის ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედაც რომ ევროპულია.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათმფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა. რუსეთის იმპერიის პირობებში საფრთხე მთლიანად ქართველთა ეროვნულ იდენტობას დაემუქრა.
საბჭოთა იმპერიამ ერსაც და ქართულ თემსაც ნიადაგი გამოაცალა, როდესაც კერძო საკუთრებასთან ერთად საერთოდაც მოსპო სათემო საკუთრებაც, ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო–სახალხო საკუთრებად გამოაცხადა!
საქართველომ სახელმწიფოებრიობა მე–20 საუკუნის მიწურულს კვლავ დაიბრუნა, რითიც შეიქმნა ის მთავარი პირობა, რომ თანამედროვე, რაციონალურად მოწყობილი ქართული სახელმწიფო, „ფრიად ქვეყანასაც“ და სათემო იდენტობასაც უკვე დემოკრატიული წეს–წყობილებით დაიცავდა, ხოლო მიწათმფლობელობის ქართული წესი ახალ ვითარებაში შეისხამდა ხორცს.
ეს ფუნდამენტური პრობლემა, საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა. მართალია, 90–ანი წლების დასაწყისში აგრარული რეფორმის გასატარებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სასოფლო მიწა მის ნამდვილ პატრონებს, ქართველ გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ, მაგრამ ამ რეფორმას განვითარება არ მოჰყოლია: მიწის ფონდის უდიდეს ნაწილს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისას აბსტრაქტულ საერთო–სახალხო საკუთრებას წარმოადგენდა, ჯეროვანი პატრონი დღემდე არ ჰყავს, გამოუყენებელი და უსარგებლოა, უარესიც: აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და მაშასადამე, იურიდიულადაც უპატრონოა!
ქართულ თემს უმთავრესი უფლებები დღემდე არ დაბრუნებია – იგი მესაკუთრე სამართალ–სუბიექტს აღარ წარმოადგენს! ხოლო სათემო ქონებას მოკლებული სოფელი უკვე ქართული სოფელი კი არა, არამედ ბედისწერას მინებებული დასახლებაა, სადაც საბჭოთა დროიდან დღემდე საზოგადო მიწა-წართმეული მოსახლეობა სახლობს და არა მკვიდრი თემი! სანამ თემი არ გახდება სათემო ქონების მესაკუთრე სამართალ-სუბიექტი, ძნელად სავარაუდოა, რომ მიწაზე საზოგადო საკუთრებამ კონკრეტული იურიდიული და ეკონომიკური შინაარსი დაიბრუნოს!
სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო და წარუვალი უფლება საკუთარ სამკვიდროზე; ეს უწინარეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ საერთო, სათემო სარგებლობის მიწა – საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა (და არამარტო!) იურიდიულად უნდა დაუბრუნდეს თემს მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობასა და სარგებლობაში; ეს მიწა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებელი უნდა გახდეს ამ მიწის, ე.ი. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვა – მისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო–სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორედ ორგანიზება, საბოლოო ანგარიშით – სასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარებაზე ზრუნვა.
სასოფლო თემის ეკონომიკური გამოცოცხლების, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანის, ხოლო შემდგომ მისი ეკონომიკური განვითარებისა და აქტივობის გასაძლიერებლად საუკეთესო (შესაძლოა, ამჟამად ერთადერთიც!) გზაა სასოფლო-სამურნეო კოოპერაციის ყოველმხრივი წახალისება, მხარდაჭერა და სწრაფი განვითარება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა სათემო კოოპერატივებს ენიჭება. მათი ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული გავრცელების ფარგლებში, პრინციპით: „ერთი თემი – ერთი კოოპერატივი“, წარმოების სპეციალიზაციისა და საწარმოო ძალთა კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. სათემო ტრადიციები, მათ შორის საწარმოო ურთიერთობები, ოდითგანვე გავრცელებული იყო საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში.
მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ამჟამინდელ მოუწესრიგებლობას არ შეიძლება შეეგუოს და ვერც შეეგუება ქართული სახელმწიფო!
სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და დროის დაუკარგავად განხორციელდეს ფუნდამენტური აგრარული რეფორმა! ამ რეფორმამ ერთხელ და სამუდამოდ, პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს მიწის საკითხი. ამისათვის კი აუცილებლად მიგვაჩნია:
-
- მიწის რეფორმის ძირითადი მიზნების განსაზღვრა;
- ფუნდამენტური აგრარული რეფორმისათვის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნა; აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე დროში მიწის კოდექსის მომზადება და მიღება;
- მიწის პრივატიზების მოწესრიგება – ნორმატიული საფუძვლების მომზადება, რომლითაც რეალურ შინაარსს შეიძენს ჯერ კიდევ 1921 წ. ქართული კონსტიტუციის 116-ე მუხლის ის პრინციპი, რომ „მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე“. ამ პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვრება წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწის შემძენი. კერძოდ, დადგინდება სათემო მფლობელობაში მოქცეული მიწის პრივატიზების ისეთი წესიც, როდესაც პრივატიზება დაიშვება მხოლოდ თემის თანხმობით და იმ პირობით, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი სარგებელი პრივატიზებიდან სწორედ თემმა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, მიწის პრივატიზებისას შემძენისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მიწათმოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმების (რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებს) წარდგენა;
- მიწაზე სათემო მფლობელობის აღდგენა – ნორმატიული, ინსტიტუციური და ტექნიკური საფუძვლების მომზადება, სოფლად ადგილობრივი თემის ჩამოყალიბება, რომელსაც მუდმივ მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სახელმწიფო საკუთრების მიწა;
- მიწის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებისა და იმპლიმენტაციის, ფუნდამენტური აგრარული რეფორმის გასატარებლად მიწის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნა; კომისიამ უნდა უზრუნველყოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთო–ეროვნული კონსენსუსის მიღწეევა, რეფორმის სწორად დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
- არა მხოლოდ მიწათმფლობელობის არამედ, მიწათსარგებლობის აღრიცხვიანობის სასწრაფოდ მოწესრიგება.
მიწის საკითხის გადაწყვეტა, ჩვენი უწინარესი ვალდებულებაა ერთმანეთის, წინაპრებისა და შთამომავლობის წინაშე!
პაატა კოღუაშვილი,
საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
დავით ზარდიაშვილი,
ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში