დედამიწის საათი _ სიმბოლური აქტიდან ყოველდღიურ პასუხისმგებლობამდე
კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომლის გავლენასაც სულ უფრო მძაფრად ვგრძნობთ. ამ ფონზე, 28 მარტს მსოფლიო „დედამიწის საათს“ (Earth Hour) აღნიშნავს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანა ერთიანდება სიმბოლური აქტის გარშემო: ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს არ არის უბრალოდ სინათლის ჩაქრობა, ეს არის მესიჯი, რომ თითოეული ჩვენგანის მოქმედებას აქვს მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში.
„თითოეულ ჩვენგანს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. „ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დღევანდელი დღისა და ჩვენი მომავლისთვის. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა“.
გრძელვადიან პერსპექტივაში, დედამიწის საათის მიზანია, სიმბოლური აქტი გადაიზარდოს ყოველდღიურ პასუხისმგებლობაში: ენერგიის რაციონალურად გამოყენება, გარემოზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა ცხოვრების ყველა სფეროში.
„დედამიწის საათი“ შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი პლანეტის მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული მცირე ნაბიჯი, თუნდაც ერთი საათით სინათლის ჩაქრობა, მნიშვნელოვანი წვლილია გლობალურ ბრძოლაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
მოდით, ეს სიმბოლური აქტი გამოვიყენოთ, როგორც იმპულსი ყოველდღიურად უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოსაჩენად გარემოს მიმართ.

