აგროსიახლეები

დუშეთის მდინარეების შენაკადებში „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული ქვირითით გათევზიანდა

ჩაალაგეს საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და ენდემური სახეობების პოპულაციის ზრდა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დუშეთის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, სადაც ადგილობრივი მდინარეების დათევზიანების მორიგი ეტაპი განხორციელდა.

 დათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაწილეობდნენ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების მოწყვლადი სახეობების აღდგენა და გამრავლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების საშენ მეურნეობაში, სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ყოველწლიურად მიმდინარეობს ნახევარ მილიონზე მეტი კალმახის ქვირითის წარმოება. განაყოფიერებული ქვირითის მდინარეებში განთავსება მსოფლიოს მასშტაბით აპრობირებული მეთოდია და მაქსიმალურად ზრდის ნაკადულის კალმახის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს მონიტორინგის კომპონენტსაც. ამ დროისთვის ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სახეობის ველურ ბუნებაში გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წლიდან შეტანილია „წითელ ნუსხაში“ და მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.

 დუშეთის მდინარეებში 18 000 განაყოფიერებული ქვირითის განთავსება კიდევ უფრო გააძლიერებს კალმახის პოპულაციას რეგიონში. მსგავსი აპრობირებული მეთოდების გამოყენება და მუდმივი მონიტორინგი გარანტიაა იმისა, რომ მომავალში საქართველოს მდინარეები ამ უნიკალური და მოწყვლადი სახეობით კვლავაც მდიდარი იქნება.