აგროსიახლეები

ძაღლების პოპულაციის მართვის რეფორმა _ პასუხისმგებლობა ყოველ ჩვენგანზე

საქართველოში ძაღლების პოპულაციის მართვა აქტუალური თემაა, რომელიც ცხოველთა უფლებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხებთანაა დაკავშირებული.

ამ კუთხით მიმდინარე რეფორმა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდას.

 პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სააგენტო უზრუნველყოფს პატრონიანი ძაღლებისთვის უფასო მომსახურებებს:

  • ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია: ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოველისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.

  • ძუ ძაღლების სტერილიზაცია: სტერილიზაცია ხელს უწყობს არასასურველი ლეკვების რაოდენობის შემცირებას და ძაღლების პოპულაციის კონტროლს.

  • ჩიპირება: მიკროჩიპის იმპლანტაცია საშუალებას იძლევა ძაღლის იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანია დაკარგული ცხოველის პოვნისას.

  • იდენტიფიკაცია და ერთიან ბაზაში რეგისტრაცია: იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია ხელს უწყობს მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდას.

ერთიანი ბაზით შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონეს იდენტიფიცირება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოველთა მიტოვების პრევენციისთვის. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

ძაღლების პოპულაციის მართვის რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოველთა კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.

რეფორმის წარმატება მარტო სახელმწიფო უწყებების ეფექტიან მუშაობაზე კი არა, არამედ ცხოველის ყველა მეპატრონის  პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

ცხოველის აყვანამდე მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ იმაზე, ხართ თუ არა მზად იზრუნოთ მასზე და უზრუნველყოთ მისი საჭიროებები და კეთილდღეობა.