ძროხის ფიზიოლოგიაზე მორგებული საწველი ტექნოლა – ჯანმრთელი ცური და მეტი რძე
ირლანდიის კვლევითმა ცენტრმა VistaMilk-მა ახალი სამეცნიერო პროგრამის დაწყების შესახებ გამოაცხადა. პროექტის მიზანი ძროხების წველისას თითოეული მათგანის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებითაა.
დარგის ექსპერტები თანხმდებიან, რომ „უნივერსალური“ მიდგომა წველის პროცესში ზიანს აყენებს როგორც ცხოველის ჯანმრთელობას, ისე ფერმის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ციფრული ინოვაციები მერძევეობაში
პროექტი ხორციელდება კომპანია Dairymaster-თან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც საწველი მოწყობილობების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია.
VistaMilk წარმოადგენს ირლანდიის ეროვნულ ცენტრს, რომელიც საძოვრულ მეცხოველეობაში ციფრული ინოვაციების დანერგვაზეა სპეციალიზებული.
კვლევის მთავარი ამოცანა საწველი აპარატების პარამეტრების ძროხის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე მორგება. ეს პროცესი მოიცავს ახალი სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც აკონტროლებენ:
- რძის ნაკადის სიჩქარეს;
- ზედმეტი წველის (გადაწველის) რისკებს;
- ცხოველის კომფორტულობას;
- ლაქტაციის სტადიასა და ცურის დვრილების მდგომარეობას.
პროექტის ფარგლებში გამოიყენება მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი და მანქანური სწავლება (Machine Learning), რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ როგორ რეაგირებს კონკრეტული ცხოველი წველის სხვადასხვა რეჟიმზე.
რატომ არის აუცილებელი ინდივიდუალური პარამეტრები?
სპეციალისტები ოთხ მთავარ მიზეზს გამოყოფენ, რის გამოც სტანდარტული მიდგომა თითოეული ცხოველის ფიზიოლოგიაზე მორგებული პარამეტრებით უნდა შეიცვალოს.
- ცურის ჯანმრთელობა: რძის გამოყოფის სიჩქარე ყველა ცხოველისთვის ინდივიდუალურია. თუ აპარატი აგრძელებს მუშაობას მაღალი ვაკუუმით მას შემდეგ, რაც რძე დაიცლება (ე.წ. „მშრალი წველა“), ეს იწვევს დვრილების ქსოვილის ტრავმირებას და ჰიპერკერატოზს, რაც ინფექციებისა და მასტიტის პირდაპირი გზაა.
- ძროხებს აქვთ განსხვავებული ფორმის დვრილები და ცურის სიღრმე. არასწორად შერჩეული საწველი რეზინი შეიძლება აწვებოდეს დვრილის ფუძეს და ბლოკავდეს რძის გამოსვლას.
- პულსაციის ფაზების ინდივიდუალური მორგება უზრუნველყოფს ცურის მაქსიმალურ დაცლას. დარჩენილი რძე თრგუნავს ლაქტაციას და ამცირებს საერთო ნამატს.
- მტკივნეული წველა იწვევს დისკომფორტს და სტრესს, რაც განაპირობებს ადრენალინის გამოყოფას, რომელიც ბლოკავს ოქსიტოცინს _ რძის გამოყოფაზე პასუხისმგებელ ჰორმონს.
- მშვიდი ცხოველი რძეს უფრო სწრაფად და ხალისით გასცემს.
VistaMilk აერთიანებს ირლანდიის 13 სამეცნიერო ინსტიტუტს და დარგის ექსპერტებს, რათა შექმნან ფერმერებისთვის პრაქტიკული ტექნოლოგიები და მიდგომები მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
ირლანდიური პროექტის წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ მეცხოველეობის მომავალი „ჭკვიან“ ტექნოლოგიებშია.
ინდივიდუალური წველის სისტემების დანერგვა არა მხოლოდ აუმჯობესებს ცხოველთა კეთილდღეობას, არამედ ზრდის ფერმის რენტაბელობას რძის ხარისხის გაუმჯობესებისა და ვეტერინარული ხარჯების შემცირების ხარჯზე. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი მდგრადი და კონკურენტუნარიანი აგრო-სექტორისკენ.
მომზადებულია ჯო გრიფინის სტატიის მიხედვით (Agriland)

